მოთხრობები, ნოველები, ჩანახატები

ფრაგმენტები „დევნილთა უღელტეხილიდან“. 1993

***
… უღელტეხილი ბევრად ადრე დაიწყო, უფალო, ვიდრე მასზე შევდგი ფეხი… და ეს მერამდენე საუკუნეა, რაც მე და შვილი ჩემი, მშობელი ჩემი, ახლობლები, ძვირფასი ადამიანები, ცოცხლებიცა და გარდაცვლილებიც, ისინიც კი, რომლებიც ამის შემდეგ უნდა მოევლინონ ქვეყნიერებას, ყველანი ერთად მივაბიჯებთ ამ უღელტეხილზე. მივაბიჯებთ უხმოდ, თოვს და ყინავს… როგორ დაიღალა სხეული და როგორ მოიქანცა სული… გულისცემაც გაქრა თითქოს სადღაც, არადა მივაბიჯებთ და მივაბიჯებთ ჯიუტად და ერთგულად, გზას კი აღარ უჩანს ბოლო… შენ უშველე ყველა დევნილს, შენ დაიფარე ყველა გაჭირვებული, მამავ ჩვენო, ნათელო დიადო, რწმენავ… _ დაახლოებით ასე ვესაუბრებოდი ღმერთს ორი ოქტომბრის საშინელ ღამეს საკენ-ჭუბერის უღელტეხილის უმაღლეს მონაკვეთში, სწორედ იმ ღამეს, როდესაც ჩემს თვალწინ და ჩემს ხელებში რამდენიმე ადამიანმა ჩიტივით დალია სული.


***
მსუბუქი და სატვირთო მანქანების, ავტობუსების, „ბმპ~-ეების, „შილკების~, „ბტრ~-ების, ტრაქტორების გამონაბოლქვი ტრასას ნისლავს. ნელ-ნელა მივიწევთ წინ. ზოგან გზა სამხედრო ტექნიკითაა ჩახერგილი. ჯარისკაცებს მიაქვთ „მუხები~, ყუმბარმტყორცნები, ნაღმმტყორცნები. სქელ კვამლში მოჩანს სხვადასხვა სამხედრო დანადგარი (არც ვიცი მათი სახელები). ხალხი უყურებს და უკვირს, რატომ გატყდა არცთუ ისე ცუდად შეიარაღებული, არცთუ ისე მცირერიცხოვანი ჯარი.
მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი პროფესიონალი სამხედრო იყო და ოცდახუთი წელი ჯარს ემსახურა. განსაკუთრებით ახლა ვგრძნობ, თუ როგორ მძულს იარაღი. მძულს `კალაშნიკოვები~ და `მაკაროვებიც~, `სემიონოვები~… ჩემი რწმენით არასოდეს უკეთებია იარაღს კეთილი საქმე, მარად სიკვდილისა და შურისძიების უსასრულო ჯაჭვს აგრძელებდა მხოლოდ, ან როგორი ფარული სადისტური სიყვარულია ჩაბუდებული კაცთა კვლის ხელოვნების განმავითარებელთა მიერ თავიანთი ნახელავისთვის შერქმეულ პოეტურ სახელებში: ავტომატური ნაღმმტყორცნი „ვასილიოკი~ (ქართულად ღიღილო, იცით, ალბათ, მინდვრის ყვავილია ერთგვარი, ულამაზესად მოჩითავს ხოლმე მდელოს), ან „ნონა~_ უმშვენიერესი სახელი ქალისა, მუსიკალური გამის მეცხრე საფეხური, ცხრასტრიქონიანი სტროფი; `ედელვაისი~ _ ესეც ნაღმმტყორცნია `ნონასავით~; „აკაცია~ _ ესეც; თუნდაც საქვეყნოდ ცნობილი „ლიმონკა~. (არა `ლიმონი~ ან სხვა რამ, არამედ `ლიმონკა~, ლამის `ლიმონოჩკა~).
მე მინახავს „ვასილიოკებით~, „აკაციებით~, „ნონებით~, `ედელვაისებით~, `ლიმონკებით~ დაფლეთილი ბავშვები და მოხუცები, ქალები და მამაკაცები. სწორედ ამიტომაც მთელი ომის განმავლობაში ათასგზის შემძულდა იარაღი, მით უმეტეს, როცა დღეს ასე ადვილად უვარდება იგი ხელთ შლეგ და გულღრძო ადამიანებს, მათ, რომლებიც თავიანთი ქმედებით მერამდენეგზის გვიმტკიცებენ, თუ როგორ შორს ვართ ცივილიზებული სამყაროსგან, როგორ შორს და რა საცოდავად გარიყულები. უბედურია ქვეყანა, სადაც კეთილ სიტყვაზე მეტად ტყვია ფასობს, სიყვარულზე მეტად კი სიძულვილი.
მოძრაობა ჩერდება _ წინ მიმავალ `შილკას~ ძრავა ჩაუქრა და გზა გადაკეტა. მოტორს ვთიშავ და მანქანიდან გადმოვდივარ, მიახლოვდება ნირშეცვლილი ნაცნობი. იცი, რა ვნახე, _ მეუბნება აკანკალებული ხმით, _ კელასურის ხიდზე ქალი გადმოდიოდა, აი, ახლა ორიოდე საათის წინ… რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის, მძიმე ჩანთა მოჰქონდა, შევატყვე, ცუდად იყო ძალიან, ვკითხე _ ქალბატონო, ხომ არ დაგეხმაროთ-მეთქი. ბუტბუტი არ შეუწყვეტია, ჩანთა გახსნა და „გრადის~ ნამსხვრევებით დასახიჩრებული ბავშვის ცხედარი მიჩვენა. ჩემი შვილიაო, თქვა.


***
რამდენჯერმე ვერტმფრენებმა გადაგვიფრინეს. მათი ყოველი გამოჩენისას ვიღაც ყვირის _ აფხაზების დესანტი! აფხაზების დესანტი! ხალხი ტყეს აფარებს თავს. შორიახლო მომავალი მეომრები ნაღმტყორცნებსა და ავტომატებს იმარჯვებენ _ ნიშანში იღებენ ვერტმფრენებს. ვერტმფრენებს კი საკენიდან ჭუბერში გადაჰყავთ დევნილები. ოქტომბრის დასაწყისში თითო-ოროლა თუ დაფრინავს. პირველ თუ ორ რიცხვში ერთ-ერთი, ხალხით გაჭედილი ვერტმფრენი, მთას შეეჯახა და აფეთქდა. მგზავრები და პილოტები დაიღუპნენ.


***
ორიოდე კილომეტრის შემდეგ ქვემოდან ქალის კივილი ისმის. დევნილებს ტანში აჟრიალებთ. ოცდაათიოდე წლის ინფარქტგადატანილი კაცისთვის გულს უღალატნია. იქვე დაუკრძალავთ უბედური.
_ გუშინ ქალმა მკვდარი ბავშვი იმშობიარა, _ ამბობს ვიღაც, _ ქალიც მოკვდა. კიდევ ერთი მოხუცი ქალი დამარხეს ტყეში, აქვე ახლოს…
აქ არ არსებობს გიცნობ _ არ გიცნობ. აქ ყველა ერთმანეთის ნაცნობია, _ უფრო მეტიც _ მეგობარი. გიახლოვდება კაცი, გეუბნება _ მომიტეხე პური. თუ გაქვს, უნდა მოუტეხო, თუ გაქვს და არ მოუტეხავ, მთა არ გაპატიებს. დევნილობის ჟამს ეს უდიდესი ცოდვის ტოლფასია. თუმცა, „ჯერ თავოს~ მოდგმისანი აქ ბლომად არიან, მოდიან და თავიანთ დაკარგულ ქონებას დასტირიან, სულთმობრძავ თანამოძმეს დაჰყურებენ და კვლავ თავიანთი თავი უჭირთ, მხოლოდ თავიანთი თავი. ომმა და უღელტეხილმა მათ ვერაფერი ასწავლა. თვალი ადვილად ამჩნევს ასეთებს დევნილთა უწყვეტ ნაკადში.
მთა დიდი სიყვარულივითაა, _ დიდი სიყვარული კეთილს უფრო აკეთილშობილებს. ბოროტს უფრო მატებს სიძულვილს, ხარბს _ სიხარბეს, ძუნწს _ სიძუნწეს, მშიშარას _ შიშს, გულუბრყვილოს _ გულუბრყვილობას…
მთა ომივითაა _ რენტგენის სხივებით ამჟღავნებს ყველას.
ტაძარივითაა მთა, _ ვისაც ცოტათი მაინც სწამს ღმერთის და ცოტათი მაინც უყვარს ადამიანი, აქ განიწმინდება და სწორედ ეს რწმენა და სიყვარული უადვილებს გზას.
მივდივარ და ვფიქრობ, რომ სწორედ უფალმა მომიყვანა ამ უღელტეხილთან, არ შეიძლებოდა, სხვაგან გადაეხვია ჩემს გზას, არ უნდა ქცეულიყო იგი კომფორტაბელურ გზატკეცილად, მე არც თვითმფრინავით უნდა დამეტოვებინა მშობლიური ქალაქი და არც გემით,
მხოლოდ და მხოლოდ უღელტეხილით, რადგანაც იგი იყო და არის ჩემი ბედისწერა, ჩემი სიკვდილი და ჩემი სიცოცხლე, სასოწარკვეთა ჩემი და იმედი.

 

***
ახალგაზრდა, ჯანიან ქალს ფეხსაცმელები გადაუყრია და შიშველ, დასიებულ ფეხებზე ცელოფანი შემოუხვევია. შუახნის გლეხკაციც ფეხშიშველა მოდის. ვეკითხები, არ გცივათ-მეთქი, ის კი პასუხად კეთილად მიღიმის მხოლოდ. 6-7 წლის ატირებული გოგონა მამას მხრებით მოჰყავს. გოგონას ერთი ფეხი კაშნეთი აქვს შეხვეული, მეორე _ თავსაფრით, ეტყობა, გზაში დაუშავდა. ჩემს გვერდით ახალგაზრდა მამა ჯდება, მსუბუქ საბანში გახვეული ჩვილი უჭირავს, უკან ტანჯულსახიანი ცოლი მოჰყვება.
ჩემოდნიანი, თვალებგაფართოებული ქალი უკვე მერამდენედ კითხულობს _ მალე გათავდება უღელტეხილი? მალე ჩავალთ ჭუბერში?..
_ ლალი, დალიე წამალი, შვილო, დალიე, ლალი! _ ეხვეწება დედა ბორცვზე ჩამომჯდარ 16-17 წლის, ხელებში თავჩარგულ მოქვითინე გოგონას.
გზას ყოჩაღად მიიკვლევს ყავარჯნიანი, ცალფეხა, უწვერულვაშო მეომარი, გვერდით მამა მოყვება და რაღაცას ეუბნება, ალბათ, აფრთხილებს _ ნუ ჩქარობო. ცალფეხა ბიჭის გამოჩენა რაღაცნაირად ამხნევებს დევნილებს, ძალაუნებურად წელში იმართებიან და ერთმანეთს ანიშნებენ _ შეხე, რა ვაჟკაცურად მოდისო.
მოდიან და მოდიან უსასრულოდ… მოდიან ბავშვები და მოხუცები, ქალები და კაცები, მოდიან პროფესორები და მინისტრები, უეშმაკო ხელობის ხალხი _ გლეხები და მეთევზეები, მოდიან მძღოლები და ქურდები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა თუ საზოგადოების წარმომადგენლები, პატიოსნები და უნამუსო ადამიანები, კეთილები და ბოროტები, ისინი, რომლებსაც ერთმანეთის დანახვა ცის გახსნასავით უხარიათ და ისინიც, რომლებსაც ჭირის დღესავით ეზარებათ ერთმანეთი. ვხედავ ნამდვილ მეომრებს, ვხედავ მოროდიორებს, ომის სისხლით დადაღულ, სულგაყიდულ, კორუმპირებულ სამხედრო ჩინოსნებსაც. გვერდიგვერდ მოაბიჯებენ მზესუმზირის გამყიდველი და უკვე გაპროლეტარებული, ვიწროშუბლიანი მილიონერი. მეძავებიც აქ არიან და მედროვენიც, სხვანაირად არც იქნებოდა, უფალო, მათ გარეშე არც მშვიდობაა და არც ომი, და არც დევნა, რა თქმა უნდა… ეკლესიის მსახურებიც მოაბიჯებენ, მამა ანტონს შორიდან ვცნობ, სიმპათიურს, ნუ მიწყენს და ცოტა თეატრალიზებული ცხოვრებით გატაცებულ მამა ანტონს… მოდიან სოხუმის უმშვენიერესი ქალბატონები, თვალაყვავილებული, სათნო და ნაზი, ამაყი ქალები. თუმცა, კი გაფითრებიათ სახე და დაღლიათ მუხლები, მაგრამ მათზე ულამაზესი ქალები მთელს მსოფლიოში არ მეგულება ახლა. ო, რა დიდებულად გამოიყურებიან ისინი ამ უღელტეხილზე… ვუყურებ მათ და ის დრო მახსენდება, როდესაც ზაფხულის თბილი საღამოობით სოხუმის ფერად სანაპიროზე დასეირნობდნენ, იდუმალებითა და სინატიფით აღსავსენი, ნებიერად მომუსაიფენი. რა იქნა ის ჟამი, ღმერთო, ნუთუ მარად სოხუმში დარჩა, მოკვდა და აღარ განმეორდება?..
მოდიან ამ ჯოჯოხეთური პარადის მონაწილეები _ სოხუმელები და სოხუმის რაიონელები, გულრიფშელები, გაწამებულები და გატანჯულები. მოდიან და მოდიან… თავჩაღუნულები გზას ჩასჩერებიან, მიწას, დედამიწას _ ამ პარადის ერთადერთ კანონიერ მიმღებსა და პატრონს. მათ მთელი ერთი წლის განმავლობაში ყველა იმ იარაღის სიავე თავიანთ თავზე გამოსცადეს, რომელიც ავღანეთში მოქმედებდა. უფრო მეტიც _ ავღანეთში არ იყო ზღვა და, შესაბამისად, სამხედრო კატარღები და გემები არ ბომბავდნენ ქალაქებსა და სოფლებს. ხანდახან მეჩვენება, რომ ყველა სახე ნაცნობია თითქოს, მინახავს ადრე, ჟამგამოშვებით კი პირიქით _ ნაცნობთა სახეებიც უცხო მგონია. რამდენჯერმე გარდაცვლილთა სახეებიც ვიხილე ცხადად _ აბჟაყვის დაბომბვისას შვილთან ერთად დაღუპული თანაკურსელი _ გული ჩალაძეც ვნახე და ზაფხულში ყაჩაღთა მიერ წამებით მოკლული ბიძაჩემიც…
მოდიან… მაგრამ მათ არ მოუძღვით წინ არც მოსე, არც მწყემსი კეთილი, არც ხატად ჰყავთ ვინმე, არც არავის რწმენა შერჩენიათ… გააზრებული არცა აქვთ, საით მიიწევენ. მათი ლტოლვა შორდება გეოგრაფიასა და საათის ციფერბლატს, კონკრეტულ სახელმწიფოსა და საუკუნეს. ისინი, ბიბლიის ფურცლებიდან გადმოსულები, ნისლიან სკნელებში წრიალებენ, საკუთარი, აცრემლებული სულის ლაბირინთებში ხეტიალობენ, მიემართებიან არსაით! მოდიან… ვიცი, ძნელია სათქმელად, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა _ უფალიც არ ახსოვთ უკვე, ყოველ შემთხვევაში, ვინმეს ღმერთის სახელი ეხსენებინოს უღელტეხილზე, არ მაგონდება. არც არავის შეუძლია ხუთი პურით მათი დანაყრება, არც კლდეზე კვერთხის დარტყმით მათთვის წყლის მოპოვება. მოაბიჯებს ჯვრის სიმძიმით გათანგული ჯვარცმული ხალხი! მოდიან… ჟამიჟამ თავს წევენ და წინ იმზირებიან. მათი მზერა კითხულობს _ ვინ, ვინ მოგვიძღვის, ვინ ეწამება ჩვენთან ერთად ამ გზაზე?.. _ არის კი ვინმე ასეთი, თუ სრულიად მარტონი ვართ? ასე აკვირდებიან ხოლმე ბავშვები მატარებლის
მგზავრობისას ელმავალს, რათა მოსახვევში თვალი ჰკიდონ მემანქანეს. უღელტეხილი იმ რკინიგზას დამსგავსებია, რომელსაც კივილით მიუყვებიან უელმავლო და მემანქანის გარეშე დარჩენილი მატარებლები. მე არასოდეს მინახავს ამდენი ნაღვლიანი მზერა და ღმერთმა ნურასოდეს მაჩვენოს!


***
ყველას, ვისაც ძვირფასი ადამიანი გაეყინა საკენ-ჭუბერის გზაზე, მინდა ვუთხრა _ ნეტარი სიკვდილით გარდაიცვალნენ ისინი. დაღუპულებს, რომლებსაც გზადაგზა ვხვდებოდი, მშვიდი სახეები ჰქონდათ და ტანჯვის არავითარი ნიშანი არ ეტყობოდათ. ყური უგდეთ ამ სტრიქონების ავტორს, რომელმაც კინაღამ გაიზიარა მათი ხვედრი _ დაქანცულს ტკბილად, ძალიან ტკბილად ეძინება ყინვაში, ვით ახალწლის უმშვენიერეს ღამეს იმ ბავშვს, რომელსაც დედა სათუთად შემოუკეცავს საბანს. ვიცი, კარგად ვიცი, არ დაგამშვიდებთ ჭირისუფლებს ჩემი სიტყვები, მაგრამ მერწმუნეთ, სულ სხვაა, როცა უღმერთო გზის შემდეგ მშვიდად უბრუნდები მშობლიურ სახლს _ მარადისობას, სადაც ადრე თუ გვიან ყველამ უნდა მოვიყაროთ თავი.


***
თითქოს ვძლიე უღელტეხილს, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დავჯაბნე თითქოს, მაგრამ… იგი სამივე ჟამში გაიხირა, წარსულისა და მომავლის, აწმყოს მაგიურ ტრიპტიქად მექცა და ჩემს სულსა და სისხლში დაიდო ბინა თავისი ცოცხლებითა და გარდაცვლილებით, „უცხოპლანეტელებით~, გაოგნებული ხარებით, „ბმპ~-ეს ლულაზე მიბმული მოხუცებით, კვნესით, ვაებით, უსაშველო სინანულით… ვიცი, არასოდეს შეწყდება მასზე მოძრაობა, რამეთუ დევნილთა უღელტეხილია იგი, ერთადერთი უღელტეხილი მსოფლიოში, რომელიც მოგზაურობს და მოგზაურობს მთელს დედამიწაზე, დამუხტული დევნილთა ენერგიით, უზარმაზარი ხომალდის დარად მოივლის ოკეანეებს, ზღვებს, კონტინენტებს, სახელმწიფოებს, მსუსხავი ქარით გათანგული, დაწყევლილი და დიადი, პირმშო თვითმკვლელი, საკუთარ გულს საკუთარი ფრჩხილებით ჩაფრენილი, დასისხლიანებული საქართველოსი, გადასასვლელი სიკვდილიდან სიცოცხლისაკენ. ჯვარცმული, ჯვარცმული უღელტეხილი!
დევნილთა უღელტეხილი ყველაზე მაღალი უღელტეხილია, მამულის უწმინდესი ჰაერით გაჟღენთილი, ყველა ამქვეყნიურ წვრილმანსა და დავიდარაბაზე, ფულსა და ღალატზე, სიბრიყვეზე, სიხარბესა და სულმოკლეობაზე მაღლა მყოფი. უღელტეხილი _ გოლგოთა სრულიად საქართველოს ცოდვებს მიეზიდება… მის შუაგულში დგას მკერდში მომაკვდავშვილჩაკრული ახალგაზრდა მამა და წყევლის, ხმამაღლა წყევლის პოლიტიკოსებსა და არაპოლიტიკოსებს, გუშინდელებსა და დღევანდელებს, ქართველებსა და არაქართველებს, კაცებს, ქალებს… ჩვენ, ყველას, უკლებლივ! ყველას, ვინც მიზეზთა და მიზეზთა გამო თავისი წილი თიხა და ღორღი მოზიდა, ცოდვები და ვაება მოიტანა, შექმნა, ააგო, აღმართა და ააბობოქრა ეს უღელტეხილი. მწყევლის მე, რომელიც ამ სტრიქონებს ვწერ ახლა და თქვენც, ღრმადპატივცემულებო, რომლებიც ამ სიტყვებს კითხულობთ…
…რა ვქნათ ჩვენ, რა გზას დავადგეთ, რით ვუშველოთ იმ მომაკვდავ, მამის ხელში გალურსულ, ჯერ კიდევ მსუნთქავ ბავშვს, რომლის წინაშე მთელი ქვეყნიერება, მთელი ამერ-იმერი საქართველო, თითოეული ჩვენთაგანი დამნაშავეა?!

აქუჯმა. 1996

აფხაზებმა მას აქუჯმა შეარქვეს, რაც ჩვენებურად ქაჯს, ალქაჯს თუ ქრისტეს თითის მკვნე-ტელს ნიშნავს, ზოგჯერ მაზაკვალსაც ეძახდნენ.
წელს გავიცანი აქუჯმა, შინ მეწვია.
ქალბატონს, რა თქმა უნდა, სხვა სახელი ჰქვია, მაგრამ იმედი მაქვს, არ მიწყენს, თუ მას ამ ნოველაში მხოლოდ აქუჯმად მოვიხსენიებ. თანაც, როგორც შევატყვე, თავადაც მაინც და მაინც არ თა-კილობს ამ ზედმეტ სახელს, პირიქით, რამდენჯერმე ერთგვარი სიამაყითაც გამიმეორა _ აქუჯმა შემა-რქვესო.
შეხვედრისთანავე მითხრა, ახლახან ვისადილე, ოჯახი არ შეაწუხოო. ამიტომაც მხოლოდ ხილით გავუმასპინძლდი. ხილიდანაც მარტო ქლიავი ამოირჩია, სხვას არ მიეკარა. ყურძენს ან მსხალს რატომ არ მიირთმევ-მეთქი, როცა ვკითხე, მომიგო, ჯერ ვისაუბროთ, შენს კითხვაზე კი ბოლოს გიპასუხებო.
სხვა რა ჩარა მქონდა, დავყაბულდი.
ვისაუბრეთ.
როდესაც ომი დაიწყო და აქუჯმას სოფელში ქართული გვარდია შევიდა, პირველი ~შეტაკება~ მას მაშინ ტანკისტებთან მოუხდა. მათ თავიანთი ტანკი აქუჯმას უზარმაზარ ეზოში შეაგრუხუნეს და იქიდან ისროდნენ სადღაც, როგორც აქუჯმა მიმტკიცებდა, თვით მსროლელთათვისაც გაურკვეველი მი-მართულებით. აქუჯმა მაშინ შინ არ იყო, როცა დაბრუნდა, ქორივით დააცხრა ტანკისტებს, თქვენ ჩემი ეზოდან ჩემი დეიდაშვილების სახლებს ესვრით, სადაური წესია ეს, ამის უფლებას მე არ მოგცემთო (ის დედით აფხაზია, აფხაზურადაც კარგად ლაპარაკობს). ტანკისტები გაჯიუტდნენ, ეზო-მეზო ჩვენ არ ვიცით, აქ კარგი სტრატეგიული ადგილია, ამის გარდა, ომი ომიაო. მაშინ აქუჯმამ შინიდან თავისი ~დამსკი ლივერი~ გამოიტანა და თქვე უდღეურებო, თქვენ ომის არაფერი იცით, ნამდვილ ომს ახლა გაჩვენებთ, აქვე ჩაგხოცავთ სუყველასო, დასჭყივლა ტანკისტებს და ჰაერში ~პრედუპრედიტელნი~ გა-ისროლა.
გაოცებული ტანკისტები პირდაფჩენილები შეჰყურებდნენ დედის ასაკის ქალს. სამამდე ვითვლიო, _ ისევ დასჭყივლა აქუჯმამ, _ ერთი!.. ~ორზე~ მეომრები უკვე ტანკში ისხდნენ, ~სამზე~ კი ტანკი რო-გორც შეგრუხუნდა, ისევე გაგრუხუნდა ეზოდან.
~დამსკი ლივერი~ აქუჯმას მამიდამ აჩუქა. მამიდა მეორე მსოფლიო ომის წლებში სოფლსაბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა. ~დამსკი ლივერი~ არაერთხელ გამოადგა აქუჯმას. ღმერთმა სულ ნათელში ამყოფოს მამიდაჩემის სულიო, ამ სიტყვებით იგონებდა იგი მამიდამისს ჩემთან საუბრისას.
ერთხელ, აფხაზეთის ომამდე რამდენიმე წლით ადრე, ქურდები შეიპარნენ აქუჯმას სახლში. რო-გორც შემდეგ გამოარკვია, ქურდები ~ნაკოლით~ მოსულიყვნენ. აქუჯმამ იგუმანა თუ არა მათი ~ვიზი-ტის~ ამბავი, მაშინვე აამოქმედა ~დამსკი ლივერი~. შეფუცხუნდნენ ქურდები და მეორე სართულის ფან-ჯრიდან გადახტნენ, თუმცა ვიდეომაგნიტოფონი მაინც წააყოლეს ხელს. აქუჯმამ ორი ტყვიაც ~აფრინა~ მათი მიმართულებით. ქურდებს ეზოში ძაღლი აეტოტათ. მათ ~ცენტრალკის~ გადანაჭრით მოკლეს ძა-ღლი და ქუჩაში გასულებმა სახლიც დაუცხრილეს. თუმცა წინა, დეკორაციული მოზაიკით დამშვენე-ბულ კედელს არც ერთი ტყვია არ მოხვედრია, მხოლოდ საწვიმარი მილები დაზიანდა.
დილაუთენია, უპირველესად, მეთუნუქესთან აფრინა შვილი, ერთ საათში საწვიმარი მილები შეა-კეთებინა, სახლს პირვანდელი სრულყოფილება დაუბრუნა, შემდეგ ნაცნობი ქურდები მოიხმო საქმის გამოსაკვლევად და გასარჩევად. ილორიდან ჩამოსულმა ქურდებმა საღამომდე არჩიეს საქმე, კუდის რი-კამდე ჩასდიეს ვითარებას და ~ნაკოლის~ მიმცემსაც მიაკვლიეს.
აქუჯმას მოკეთე აღმოჩნდა ~ნაკოლის~ მიმცემი. შენისთანა მოკეთეს მტერსაც არ ვუსურვებო, უთხრა მას აქუჯმამ და ~დამსკი ლივერის~ მანიპულირებით ორიოდე წამში იქვე დააფქვევინა ძმა-კაცების სახელები. შემდეგ მოკლული ძაღლი ზურგზე აჰკიდა და მინდორში დაამარხვინა. იმავე ღა-მეს ვიდეომაგნიტოფონი, ახლადაშენებულ სახლში ძმისგან მორთმეული პირველი საჩუქარი, დააბრუნე-ბინა. ზუსტად ერთ დღე-ღამეში აღადგინა სამართლიანობა, დაიცვა ოჯახის ღირსება და შეინარჩუნა წესი.
იმ ამბიდან ორიოდე კვირის შემდეგ, აქუჯმას ერთმა ადგილობრივმა აფხაზმა მილიციონერმა მოა-კითხა, ჩვენთან შენს სახელზე საჩივარი შემოვიდა, შინ რევოლვერი გქონიაო. დიახაც, მაქვსო, უთხრა აქუჯმამ, მაგრამ იარაღს შენ ვერ წაიღებო. რატომო, ჰკითხა მილიციონერმა. იმიტომ, რომ ჩემიაო, მო-კლედ აუხსნა აქუჯმამ. მილიციონერი შინ შეიყვანა, ~დამსკი ლივერი~ სამალავიდან ამოიღო და მაგიდა-ზე დადო.
ვინც მე დამასმინა, ის კაცი არაა, ქალაჩუნა და ჩიჩიეა, უთხრა მილიციონერს, შენც კარგად იცი ეს, მაგრამ დაგავალეს და იმიტომ მოხვედი, და რადგანაც მოხვედი, სტუმარიც ხარ ჩემიო. შემდეგ ერ-თიანად სახეავარდისფერებული მილიციონერი სარდაფში ჩაიყვანა, იქ მომცრო, სამვედროიანი, ~ასობი~ ღვინის ჭურისთავზე აქეიფა, დაათრო და შინ სიმღერა-სიმღერით გაუშვა. ისიც, სახლის ნაცვლად, მი-ლიციის განყოფილებაში წაბანდალებულა და თავისი უფროსისთვის მოუხსენებია _ მთელი სახლი გავ-ჩხრიკე, მაგრამ ~დამსკი ნაგანს~ ვერ მივაგენიო. ~ასობის~ ხომ მიაგენიო, გაუცინია უფროსს და შემდეგ ჩაულაპარაკია _ ეხ, აქუჯმა, აქუჯმა, მაგარი ხარ და ღვინოც მაგარი გაქვსო.
მაგრამ ომთან დამარცხდა აქუჯმა. თუმცა განა ვის გაუმარჯვია ომთან. ომთან ომის ავტორებიც მარცხდებიან, ჯარისკაცებიც, გენერლებიც. ყველა მარცხდება ომთან, დამარცხებულიც, გამარჯვებულიც. და განა აქუჯმა ვინ იყო ასეთი, ომთან რომ გაემარჯვა.
სწორედ ომის დროს მოპარეს ~დამსკი ლივერი~. სახლში სამხედრო ფორმაში გადაცმული ავკა-ცები ჩაუსახლდნენ. არ იბრძოდნენ ისინი, მიტოვებულ სახლებში დაძრწოდნენ მხოლოდ, ქონებასა და მანქანებს დაეძებდნენ. მათი ნაწილი განარკომანებული იყო, ნაწილი კი _ გალოთებული. მათთან ვერა-ფერი გააწყო აქუჯმამ, რა არ იღონა, მაგრამ ვერ გამოძებნა საერთო ენა. არც მთავრობას ცნობდნენ ისინი, არც ქურდებს, არც არავის.
წესი არ ჰქონდათ მათ. მთელი წლის მარაგი _ 100 ლიტრი ჭაჭის არაყი დაულიეს, 1.200 ლი-ტრი ადესის ღვინო სადღაც გაუქრეს, 50 კილოგრამი შებოლილი ყველი, 100 კილოგრამი შებოლილი ხორცი, 5 ძროხა, 5 ~ძროხის შვილი~ შთანთქეს და ა.შ. და ა.შ. ~დამსკი ლივერიც~ მათ მოიპარეს. ერთხელ შარიც მოსდეს _ შენ თურმე ომის პირველ დღეებში ტყვედ ჩავარდნილ აფხაზებს ხელს უმა-რთავდიო.
Aასეც იყოო, უდანაშაულოებს ყველას ვეხმარებოდიო, უპასუხია აქუჯმას. როდესაც აფხაზურმა მხარემ სოფელს შემოუტია, პირველები სწორედ ის ავკაცები გაიძურწნენ და მომხვდურს თვრამეტი-ცხრამეტი წლის გვარდიელები შეატოვეს, ის კი არა, ამუშავებული ტანკებიც ადგილზე დატოვეს.
_ როგორც ვირთხები შევარდებიან ახლადგამოჩეკილ წიწილებში, ისე დაერივნენ კოჩარაში კა-ზაკები, ჩეჩნები და აფხაზები პატარა გვარდიელებს, _ მომიყვა აქუჯმამ, _ ერთიანად ამოჟუჟეს საცო-დავები.
ჩეჩნებს გრძელი ხანჯლები ეკიდათ, თითოეულ მათგანს დეზოდორის მაგვარი ალუმინის ქილე-ბი ჰქონდა ზურგჩანთაში, შეუშხაპუნებდნენ იმ დეზოდორს კედელს და რამდენიმე წამში სახლი ცე-ცხლის ალში ეხვეოდა. მომხვდურებმა თითქმის ნახევარი სოფელი გადაწვეს.
მაშინ აქუჯმას სამი, შიშისაგან აკანკალებული გვარდიელი შინ შეუვარდა _ დეიდა, გვიშველეო. გვარდიელები აქუჯმას შვილის კბილანი იყვნენ. თავდაპირველად მათ სამხედრო ფორმა გახადა და შვილის ტანსაცმელი ჩააცვა. ჯარისკაცების შარვალ-ხალათი ბუხარში დაწვა, ავტომატები მიწაში ჩა-ფლო, ბინაში შემოსულ აფხაზ მეომრებს კი გვარდიელები შვილებად წარუდგინა, მაგრამ პირველივე დაკითხვაზე გამოტყდნენ ბიჭები _ ჯარისკაცები ვართო, აღიარეს. როდესაც გვარდიელები დასახვრე-ტად გაიყვანეს, აქუჯმაც მათ გაჰყვა, მეც მათთან ერთად დამხვრიტეთ, ისინი ჩემი სტუმრები არიან, ჩემს სახლში შემოდგეს ფეხი, ჩემი იმედი ჰქონდათო.
მაშინ სცემეს აქუჯმა, შვიდი კბილი ჩაუმტვრიეს, მაგრამ ბიჭები მაინც გადაარჩინა. ამ გაწამაწია-ში ვიღაცამ იყვირა, არ დავხვრიტოთ ესენი, ჩვენს ტყვეებში გავცვალოთო. მოგვიანებით ასე მოიქცნენ კიდეც.
შინ დაბრუნებულს სახლი გადამწვარი დახვდა, დედამთილი _ მოკლული. დედამთილი აფხა-ზის ქალი ჰყავდა, როდესაც თანასოფლელების დახვრეტა და ხანძარმოდებული სახლები უნახავს, მათთვის აფხაზურად შეუძახნია: ვინ ხართ ასეთი, ეს ერთი ყაბალახი ხალხი, არც ადამიანები გენანებათ და არც სახლებიო. რომელიღაც მთვრალ ჯარისკაცს ავტომატის ჯერით დაუცხრილავს მოხუცი.
ქმარ-შვილი ძლივს გადაარჩინა იმ ჯოჯოხეთში. აფხაზურის ცოდნაც დაეხმარა, აფხაზმა ნათესა-ვებმაც შეაწიეს სიტყვა და შეუწყვეს ხელი, მაგრამ სადაც კი ფეხს დადგამდა, თითქმის ყველგან ამრე-ზით ხვდებოდნენ, განსაკუთრებით, ახლობლებდაღუპულები, შენ ქართველი ~ბოევიკები~, ჩვენი შვილე-ბის მკვლელები, გადაგირჩენია, აფხაზი ქალის მუცელში მაინც არ მჯდარიყავიო, ეუბნებოდნენ. ის ბავ-შვები არაფერში არ იყვნენ დამნაშავეებიო, ამაოდ უმტკიცებდა სვეგამწარებულებს აქუჯმა.
ერთ დღეს სოფლის ერთ-ერთ აფხაზ თავკაცს ყელში სწვდა, ის აკვანი, რომელშიც მე და შენ გავიზარდეთ, ჩემს სახლთან ერთად დაიწვა, როგორმე შეაჩერე ეს საშინელებაო. იმან კი ხელები გაასა-ვსავა, ნუთუ ვერ ხედავ, უძლური ვარ მე ამ საქმეშიო.
_ თუ ქართველებმა ჩემს სოფელში ორი დავაშავეთ, აფხაზებმა ხუთი დააშავეს, _ მითხრა აქუ-ჯმამ.
შემდეგ ტყვედ ჰყავდათ ის და მისი ოჯახი; ჯერ კვიტოულში, იქიდან ტყვარჩელში წაიყვანეს, სიმინდის ყანაში ამუშავებდნენ. ღამით ხან თამბაქოს ფარდულში ეძინათ, ხანაც _ სკოლის შენობაში. ხანდახან, მთელი დღეების განმავლობაში მხოლოდ ეკალას ჭამდნენ, ზოგჯერ ისიც არ ჰქონდათ. თუმცა მაშინ ტყვარჩელში და ოჩამჩირის მაღალმთიან სოფლებში თითქმის ყველა შიმშილობდა.
ერთ დღეს უცხო, სამხედროფორმიანი კაცი მოვიდა აქუჯმასთან, შენს ძმასთან, სოხუმში რომ ცხოვრობს, საერთო ენა გამოვნახეთ და ხვალ დილით არადუში უნდა ჩაგიყვანოთ, იქიდან კი სოხუმში გადახვალთო. სოხუმი ჯერ კიდევ არ იყო დაცემული, ჯერ კიდევ იბრძოდა.
მოკლედ, ოქრო და რუსული ფული მოითხოვეს აქუჯმასა და მისი ოჯახის გამოსასყიდად. არა-დუში ~ბელორუსით~ ჩაიყვანეს, თვალები ზეწრის ნახევით აუხვიეს. ზოგი აფხაზი გამოეტირა, ეს რა ღვთის წყრომა დაგვატყდა თავს, როგორ შეიძლებოდა ჩვენს შორის ომიო. ტრაქტორის ლაფეტზე ქმა-რი და შვილი გვერდით მოისვა თვალახვეულმა და არადუმდე არც ერთისათვის არ გაუშვია ხელი, ვა-ითუ, მომატყუონ და რომელიმე მათგანი გზაში უჩუმრად ჩამოსვანო.
მერე სოხუმში ცხოვრობდა, ძმის სახლში, ჭანბას ქუჩაზე. იქ, ფუნიკულიორიდან სნაიპერები მათ სახლს ესროდნენ. სტუდენტობისას, აქუჯმამ ფუნიკულიორზე თავისი ხელით ას ოთხმოცი ძირი ნაძვი დარგო. ახლა სწორედ მისი დარგული ნაძვებიდან ესროდნენ ტყვიას. მაშინ ამას როგორ წარმოვიდგე-ნდი, რომ ასე გადატრიალდებოდა ქვეყანაო, მითხრა.
ერთხელ ძმის სახლში ფანჯრიდან რაკეტა თუ ჭურვი შემოფრინდა, ერთიანად აბოლებულ-ახრ-ჩოლებული, შიშინით დაეცა შუა დარბაზში და ერთ ადგილზე დაიწყო ბზრიალი. არც აცია, არც აცხე-ლა, სწვდა იმ რაკეტას თუ ჭურვს აქუჯმა და ისევ ფანჯარაში მოისროლა. მოისროლა თუ არა, უმალ აფეთქდა ის ოხრობა და მეზობლის სახლის კედელი მთლიანად ჩამოიღო. მართლაც, რომ მაზაკვალი ხარო, უთხრეს სიკვდილს ბეწვზე გადარჩენილმა, შიშისაგან დაზაფრულმა სახლეულებმა.
შემდეგ დაეცა სოხუმი. ძლივს გამოაღწია იქაურობას ქმარ-შვილთან ერთად. რამდენიმე დღეში ბედისწერამ თბილისში, წყნეთში, ამოაყოფინა თავი. პირველივე დღეს ვიღაც დიდმა კაცმა მოაკითხა, ქალბატონო, ეს ბინა ჩემზე იყო განპირობებული, ზაფხულობით ვისვენებდით, აქ ერთი თეფში და-გვრჩა, უნდა წავიღოო და კარადიდან ოქროსფერი ხაზებით მოგვირისტებული თეფში გამოიტანა. მე სახლ-კარი გადამიბუგეს, გამომაგდეს და არაფერს ვამბობ, შენ კიდევ თეფშის დატოვება გენანება ლტოლვილებისთვისო? მიახალა აქუჯმამ. შეჩქვიფდა დიდი კაცი, მაპატიეთ, ქალბატონო, შემეშალაო, თეფში მაგიდაზე დადო და ოთახიდან გაიძურწა, მანქანაში ჩაჯდა და სასწრაფოდ გაეცალა წყნეთს. მო-იცა, მოიცა, ვინაა შენი მათხოვარიო, მიაძახა აივანზე გასულმა აქუჯმამ და თეფში მანქანის მიმართუ-ლებით მოისროლა. ოქროსფერი თეფში სულ წკრიალ-წკრიალით დაიფშვნა ასფალტზე.
წყნეთში ახალი ჩამოსულები იყვნენ, როცა ერთ საღამოს ქმარი დაღონებული დაბრუნდა შინ, პოლიციელმა დელისში, მეტროსთან, ბაზრობაზე ორი ბლოკი სიგარეტი წამართვაო. იმავე საღამოს მოძებნა აქუჯმამ ის პოლიციელი, სულ ბრდღვინი ადინა, გაჭირვებული ხალხი პურის ფულს ძლივს ვაკეთებთ, თავი ძლივს გაგვაქვს და შენ კიდევ გვაყაჩაღებ? მე აფხაზეთში დავბრუნდები, მაგრამ შენ იქ სტუმრად არ მიგიღებო. პოლიციელის ათასი ბოდიშიდან არც ერთი არ მიიღო. სადაც სიგარეტი წაართვი ჩემს ქმარს, ბლოკებსაც იქ დაუბრუნებ და ბოდიშსაც იქ ეტყვი, წესი მოითხოვს ამასო. რო-გორც თქვა, ისე გააკეთა. შინ რომ მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ ორის ნაცვლად პოლიციელს სამი ბლოკი ჩაუგდია ჩანთაში. მეორე დღესვე ქმრის ხელით გაუგზავნა მას ზედმეტი ბლოკი, არამი არაფერი მინ-დაო.
ერთხელაც შემნახველ სალაროში ვაუჩერების რიგში იდგა, ბარათები უნდა აეღო და მოლარეს დახმარების ფულიც მოსთხოვა, ორი თვისა არ ამიღიაო. იქვე მდგარმა ავტომატიანმა პოლიციელმა უსაყვედურა, დახმარების ფულის გამო რიგში თავიდან უნდა ჩადგეო. აქუჯმამ, მე უკვე ვიდექი რიგ-შიო. პოლიციელმა არ დათმო. აქუჯმამაც ქვა ააგდო და თავი შეუშვირა.
მოულოდნელად, ახალბედა პოლიციელი ავტომატით დაემუქრა. თითქოს ამას ელოდაო, ხელები გადაუგრიხა პოლიციელს, ავტომატი აართვა, შემდეგ პაგონიც აახია, შენს პაგონს შენს უფროსს მივა-რთმევო, უთხრა და გაოგნებული პოლიციელი წინ გაიგდო. შემდეგ იმ პოლიციელის უფროსი მთელი საათი ემუდარა, თავს ნუ მოგვჭრი, დაო-ჯან, დაგვიბრუნე ავტომატი და პაგონიო. ჯერ უარზე იყო, მე-რე გაჭრა ვედრებამ და შეიბრალა პოლიციელი, შვილის ტოლა ხარ, ახლა გპატიობ, მაგრამ შემდეგშიც თუ ასე მოექცევი ვინმეს, რაც მოგივა, შენს თავს დააბრალეო…
დიდხანს ვისაუბრეთ იმ დღეს აქუჯსთან. შეღამებული იყო, სახლიდან რომ გამოვაცილე. მან ვა-რსკვლავებით მობრდღვიალებულ ცას ახედა და მითხრა, ვარსკვლავები ჩვენთან უფრო ლამაზები და დიდრონები არიანო. შეიძლება ასეც იყოს-მეთქი, ცალყბად დავეთანხმე, მაგრამ აბა, წყნეთელებს ჰკი-თხეთ, სად უფრო ლამაზია ვარსკვლავები? არა, ჩვენსავით ცა და მიწა არსად არისო, მომიგო აქუ-ჯმამ.
დღეს მარტო ქლიავს რომ გაუსინჯეთ გემო, ყურძენი და მსხალი რატომ არ მიირთვით-მეთქი. მან ამოიოხრა და მითხრა:
_ საკუთარ ეზოში მიჩურინის ბაღის საკადრისი ხეხილი მქონდა მოშენებული. დაფიცებული ვარ, სანამ ჩემს სოფელში არ დავბრუნდები, იმ ხილს, რომელიც ჩემს ეზოში ხარობდა, პირი არ დავაკარო. მე ფიცისა და სიტყვის ქალი ვარ. ქლიავი იმიტომ ვჭამე, რომ ეს ხილი ჩემს ბაღში არ მქონდა. მან-დარინსა და ფორთოხალზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, გემოს გასინჯვას ვინ ჩივის, მათი ნახვისას ცრემლი მახრჩობს, ვერ ვუყურებ. ამას წინათ, ოჩამჩირიდან გადმოსულმა ქალმა ცოტაოდენი თხილი გადმოიტანა, ერთი მუჭი მეც მიწილადა. ჩემი სოფლის თხილი იყო. დღეში ერთ ცალს ვჭამდი მხო-ლოდ. ოცდაოთხი დღე მეყო ის თხილი. უბედნიერესი ქალი ვიყავი ის ოცდაოთხი დღე. აი, დავბრუნ-დებით და გიჩვენებ ჩემს ეზო-კარს, მართალია, გადაბუგულია იქაურობა, მაგრამ არაფერია, მალე ავაყ-ვავებ ყველაფერს. ამაში მენდე, ეს უკვე ჩემი საქმეა.
თქვენ შეიძლება, ეჭვი შეიტანოთ მის სიტყვებში, რადგანაც მას არ იცნობთ, მე კი კარგად ვიცი აქუჯმას ხასიათი და საოცრად მჯერა მისი. ყველაფერი შეუძლია _ ფერფლიდან სიცოცხლის აღდგე-ნაც, ედემის ბაღის მოშენებაც, წესისა და რიგის შენარჩუნებაც. მართალია, დამარცხდა იგი ომთან, მა-გრამ, ბოლოს და ბოლოს, რა ბედენაა ეს ომიც ასეთი, შეუძლებელია, ჯიუტი შემართებით არ დაიჯა-ბნოს იგი.

 

ბონდო. 1996

სამი ახალგაზრდის დახვრეტის შემდეგ ბონდოს ჯერიც დადგა. თავი სიზმარში ეგონა, თითქოს ყველაფერი, რაც გარშემო ხდებოდა, სრულებითაც არ ეხებოდა მას, ტელევიზორში ნაჩვენებს დაემსგავსა ყოველივე.
კედელთან დააყენეს.
ნეტავ ორივე ერთდროულად მესროდეს, თუნდაც ნახევარ-ნახევარ მჭიდეს დამაყ-რიდნენ, ნატრობს ნაცემ-ნაგვემი ბონდო, იქნებ არც ვიგრძნო მაშინ ტკივილი… დავისვე-ნებ…
ცას ახედა.
სწორედ ამ დროს მოვარდა აშუბა.
_ რას აკეთებთ, ამ კაცმა მე და ჩემი ჯალაბი ტყვეობას გადაგვარჩინა, კიდევ ოცი აფხაზიც! _ ღრიალებდა აშუბა, _ ტანკებს წინ აღუდგა, სოფელში არ შემოხვიდე-თო! თქვენ არ იცით, ვის კლავთ!..
აშუბა ბონდოს აეფარა, შემდეგ ხელი ჩასჭიდა და განზე გაიყვანა. ის ორი გა-ნრისხდა, მასწავლებელია, ამისი გაზრდილი ქართველები გვესროდნენო.
აშუბამ მაინც თავისი გაიტანა. ასე იყო თუ ისე, იმ ორს მაინც ჰქონდა აშუბას რი-დი.
სანამ მანქანამდე მიიყვანდა, გზაში მაღალი, ავტომატმომარჯვებული ახალგა-ზრდა ქალი შემოეფეთათ.
_ ეს სად მიგყავთ, _ ბონდოზე მიანიშნა, _ ამისთანები არ უნდა ცოცხლობდნენ, _ იკივლა ქალმა.
ეს ის ქალი იყო, დილით ცხვირში ხელჩავლებული ბონდო ხარხარით რომ დაჰყა-ვდა სკოლის ეზოში _ ნახეთ, ისტორიის მასწავლებელს როგორ დავატარებ, დასაკლა-ვი ხარივითო…
აშუბამ გაავებული ქალიც მოიგერია, ბონდო მანქანაში ჩასვა და გალის გზას გა-უდგა. მანამდე კი ქალი დაემუქრა აშუბას, ნახე ამის გამო შენ რა მოგივიდესო.
თავდაპირველად ვერ იცნო ბონდომ აშუბა. არადა, მართლაც, ძნელი საცნობი იყო წვერმოშვებული, სამხედროფორმიანი თანასოფლელი, მისივე ტოლი, ასე, სამოცი წლის აშუბა, მითუმეტეს, ცოცხალ-მკვდარი ბონდოსათვის.
როცა აშუბას მანქანა კვიტოულში ვიღაცის სახლს მიადგა, მხოლოდ მაშინ ამო-ღერღა ბონდომ, შენ ასტამურ აშუბა ხომ არ ხარო. გაიცინა აშუბამ, ახლა მიცანი, შე კაცოო.
აშუბამ ბონდოს ღამე მოკეთის სახლში გაათენებინა. ფეხები დაუბანეს ბონდოს იმ სახლში, აჭამეს, იზაბელა დაალევინეს.
ძილის წინ ბონდო ფიქრობდა _ კარგი სალამ-ქალამი კი ჰქონდათ მას და ასტა-მურ აშუბას ერთმანეთში, მაგრამ ვერა და ვერ გაეგო, რატომ გამოიდო თავი ასე, რა-ტომ ესათუთებოდა შორეული მეზობელი, რომლის სახელიც ძლივს გაიხსენა, ან რად იცრუა, თითქოს ბონდომ მისი ოჯახი ტყვეობას გადაარჩინა და ტანკებს წინ აღუდგაო…
მეორე დილით აშუბამ ბონდო ენგურის ხიდს მიაყენა მანქანით.
გამომშვიდობებისას ჰკითხა:
_ ბონდო, გახსოვს ის დღე, წელს, ზაფხულში, ჩემს ეზოში რომ იყავი?..
ვერ გაიხსენა ბონდომ.
_ გაიხსენე, ბონდო, გაიხსენე, ჩემს ეზოში რომ იყავი, ჭიშკარი რომ მავთულით შეჰკარი, სასაფლაოდან ხის ტოტი რომ გადაათრიე… გაიხსენე… მეც მაშინ იქ ვიყავი, ბონდო, თხილნარიდან გითვალთვალებდი… ღამ-ღამობით მოვდიოდი ხოლმე მალულად… ჩემს სახლში, ბიჭის საფლავზე…
ვერაფერი გაიხსენა ბონდომ.
_ კეთილი, _ უთხრა აშუბამ, _ შენ ახლა ამის თავი არა გაქვს, ვიცი… მერე გაიხ-სენებ, მოიგონებ ყველაფერს… მე თხილნარიდან გიყურებდი მაშინ…
და ბონდოს გადაეხვია…
ბონდო ძლივს გადალასლასდა ენგურის ხიდზე. შემდეგ ზუგდიდელ ნათესავთან გაათია ღამე, მერე თბილისისკენ გაჰყვა ~იკარუსს~. თბილისში ოჯახი ელოდებოდა. ჩქარობდა, იცოდა, რა დღეშიც იქნებოდნენ სახლეულები, რომლებმაც არ იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ მკვდარი…
ერთ მშვენიერ დღეს თბილისში, სასტუმროში, ლოგინზე წამოწოლილს თითქოს გონება გაუნათდაო, გაახსენდა ზაფხულის ის დღე, აშუბა რომ ეუბნებოდა, ნელ-ნელა აღიდგინა ყოველივე.
ძროხა დაეკარგა ომის დროს ბონდოს, საძოვრები მოიარა, მაგრამ ვერსად მია-გნო. ბოლოს, საღამოჟამს, სოფლის განაპირას მცხოვრებ ასტამურ აშუბას სახლსაც მიადგა. ჭიშკარი მოფლეშილი იყო. იქნებ აქ შეეხეტა ჩემი ძროხაო, გაიფიქრა ბონდომ და ეზოში შეაბიჯა.
სახლში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ომის დაწყებისთანავე, როდესაც ქართული გვარდია ბონდოს სოფელში შევიდა, აფხაზების ნაწილმა დატოვა სახლ-კარი, ზოგიც მარადიორებმა იმდენად შეავიწროვეს, რომ გაეცალნენ თავიანთ ფუძეს.
აშუბას ოჯახმა ყველაზე ბოლოს დატოვა სოფელი. შემდეგ გამძაფრდა ბრძოლე-ბი; იზრდებოდა მსხვერპლთა რიცხვი და იზრდებოდა შურისძიების შემთხვევებიც.
ბონდომ აშუბას ეზოში ვერ იპოვა თავისი ძროხა.
გამობრუნებისას სახლს ახედა. შეეცოდა უკაცოდ მიტოვებული, კარ-ფანჯრებმო-ღიავებული, გაძარცული სახლი. დაბრუნდა, ჯერ პირველი სართულის ფანჯრები და კარები ჩაკეტა, შემდეგ _ მეორისა.
აივნიდან ეზოს რომ გადახედა, ნახა, მსხლის უზარმაზარი ტოტი ოჯახის სასაფ-ლაოს დასცემოდა. ბონდოს გაახსენდა, რომ აშუბას ცხრამეტი წლის ბიჭი ჰყავდა ეზო-ში დასაფლავებული. იმ ბიჭმა საკუთარი ტკივილი მოაგონა _ თავისი ათი წლის ბიჭის დაღუპვის დღე. ჩამოვიდა აივნიდან, მსხლის ტოტი გადაათრია, ბიჭის საფლავს ფოთ-ლები მოაშორა, ამოღაღანებული ბალახი ამოძირკვა, მარმარილოს ფილა ცხვირსახო-ცით მოაპრიალა და ბიჭს რამდენიმე მსხალი თავთით დაუდო.
ეზოდან გამოსვლისას ბალახებში ალუმინის მავთულს ჰკიდა თვალი. იმ მავთუ-ლით ჭიშკარი მაგრად შეკრა, რათა საქონელს იქაურობა არ გაეჩანაგებინა, კუტიკარიც ჩაკეტა და კიდევ ერთხელ ახედა სახლს. მარტოკაცივით იდგა სახლი…
_ მაშ, ასტამურ აშუბა თხილნარიდან მითვალთვალებდა მაშინ?.. _ გაეღიმა ლოგი-ნზე წამოწოლილ ბონდოს და, მისდაუნებურად, ცრემლით აევსო თვალები?!

 

ლადო. 1997

მას ლადო არ ჰქვია, მთხოვა, ჩემს თავგადასავალს მოგიყვები და თუ რამის დაწერას განიზრა-ხავ, ჩემს ნამდვილ ვინაობას ნუ გაამხელო. თხოვნას ვუსრულებ, მას ლადოს ვარქმევ და, ასევე, სხვე-ბსაც ვუცვლი სახელებს. თუკი ამ ამბავს ბოლომდე ჩაიკითხავთ, ვფიქრობ, თქვენც დამეთანხმებით, რომ ასე აჯობებს.
შემოდგომის დამლევს, აფხაზური მხარე მოულოდნელი იერიშით ლადოს სოფელს იღებს. ქართუ-ლი ჯარი უკან-უკან იხევს, ტოვებს სოფელს და მოსახლეობა მოწინააღმდეგის მხარის მებრძოლებთან პირისპირ რჩება…
ლადო დროულად ახერხებს ცოლ-შვილის მანქანით გახიზვნას, თვითონ კი, რამდენიმე თანასოფ-ლელთან ერთად, ტყე-ტყე გარბის. ორმოცდათხუთმეტი წლისაა ლადო, ჯერ კიდევ შორსაა მისგან სი-ბერე, მაგრამ სიარული უჭირს, კოჭლობს, მარცხენა მუხლი ტკივა. მე ნუ დამელოდებით, ხომ ხედავთ, ფეხი მაწუხებს, ნაბიჯს აუჩქარეთ, მე ნელ-ნელა გავაღწევ თავს აქაურობასო, თხოვს იგი ამხანაგებს, მაგრამ ისინი არ უჯერებენ, მარტო არ ტოვებენ.
ბალახში ხის სწორ ტოტს პოულობს, ხელჯოხად იყენებს.
ცივა, ცრის ყინულივით წვიმა, ორიოდე დღეში დეკემბერი იწყება.
ჰაერში წივის ტყვიები, გრძელდება კვამლში გახვეული სოფლისა და მისი შემოგარენის დაბო-მბვა, დგანდგარებს მიწა. მოსახლეობა ჩაის პლანტაციებსაც აფარებს თავს. საათობით წვანან ჩაის ბუჩ-ქების მწკრივებს შორის, სველ მიწაზე, ბავშვები და ქალები, მოხუცები და ახალგაზრდები. შორიდანაც გარკვევით ისმის, თუ როგორ სკდება ხანძარმოდებული სახლების შიფერი, თითქოს იარაღი ისვრისო.
ღამდება. ლადო და მისი მეგობრები სანადირო დანებით ფიჭვის ტოტებს ჭრიან და თავშესაფარს ახლაფორთებენ. ღამეს თეთრად ათენებენ, ზეზეულად, სადმე წამოწოლა ან ჩამოჯდომა შეუძლებელია _ წვიმს, ყველაფერი წვიმითაა გაჟღენთილი, ცეცხლის დანთება კი საშიშია. ლადოს მუხლი ტკივა, რე-ზინის ჩექმებში ღელეზე გადასვლისას წყალი ჩაუვიდა, გათოშილია.
როგორც იქნა, გათენდა. კვლავ წვიმს. თანასოფლელები სხვა ტყეში გადადიან, შორდებიან თავი-ანთ სოფელს, უხმოდ მიიძურწებიან. კიდევ ორ ღამეს ათენებენ ტყეში.
სიქაგამოცლილი ლადო რის ვაი-ვაგლახით მიჰყვება ამხანაგებს. მერე, სხვებს ჩამორჩენილი, მარ-ტოდმარტო რჩება შუაგულ ტყეში. გზა ებნევა, მიდის, მაგრამ საით, არ იცის.
უცებ შორეული, ხორხოცის მაგვარი ხმები ესმის. მალე კოცონთან თავშეყრილ წვერმოშვებულ მეომრებს დაადგება თავზე. ისინი აფხაზურად საუბრობენ. გაქცევა უკვე შეუძლებელია, მეომრები მას უმალ ამჩნევენ. თავდახრილი ლადო კოცონს უახლოვდება, არავის უყურებს, სახე ერთიანად უხაშხა-შებს.
_ ააა, ქართველო, შენი ფეხით მოხვედი? _ ამბობს ვიღაც ჩახრინწული ხმით, მებრძოლებს გა-მოეყოფა და ~კალაშნიკოვის~ კონდახს ურტყამს მხარში.
_ მოიცა, მოიცა, _ იძახის ვიღაც, _ არ დაარტყა, ეს მგონი, ჩემი ნაცნობია… ლადო, შენა ხარ?
ლადო თავს მაღლა წევს, მის წინ მეზობლის ბიძაშვილი დგას…
შემდეგ რამდენიმე მეომარს აფხაზურ სოფელში მიყავთ ლადო და რომელიღაც სახლში აბინავე-ბენ. თან აფრთხილებენ, ჩვენი ტყვე ხარ, აქედან ფეხი არსად გაადგა, თორემ დაგხვრეტთო. სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს. მოხუცები სუფრას შლიან, გამოაქვთ ღომი, ღორის შებოლილი ხო-რცი, წითელი ღვინო. ლადო რამდენიმე დღის უჭმელია, მაგრამ საჭმელს პირს ვერ აკარებს.
_ ჭამე, _ ეუბნება მოხუცი კაცი, _ ჭამე, თორემ მოკვდები, ვხედავ, ძლივს დაგანგალებ.
ლადო დიდი გაჭირვებით ღეჭავს ღორის ხორცს, მაგრამ ვერ ყლაპავს.
_ მიხსენი, _ ეუბნება იგი მოხუცს, _ გული მიგრძნობს, დამხვრეტენ… მიხსენი, და როცა ჩვენები მოვლენ, მე შენ გიშველი.
მოხუცი იცინის:
_ აქ ვერასოდეს შემოვლენ შენები, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ!
ლადოს უკვირს, საიდან აქვს ასეთი რწმენა მოხუცს.
_ მაგრამ შენ ნუ გეშინია, _ განაგრძობს მოხუცი, _ შენ არაფერი მოგივა… მე მამაშენს კარგად ვიცნობდი.
_ ეს გასაგებია, მაგრამ ვინ მოვა, ვინ იცის… მიხსენი… როგორმე ვიტალის შეატყობინე, რომ შენს სახლში ვარ, მოვიდეს და სამშვიდობოს გამიყვანოს.
_ შენ გგონია, ვიტალი ახლა შენთვის მოიცლის?
_ მოიცლის, ბავშვობის მეგობრები ვართ, ამის გარდა, ქორწილში მისი ხელისმომკიდე ვიყავი…
ვიტალი იმ სოფლის თავკაცია, პატივს სცემენ, მის ყოველ სიტყვას უყოყმანოდ ასრულებენ. ლა-დოსაც ვიტალის იმედი აქვს.
_ შევატყობინებ, დამშვიდდი, _ ეუბნება მოხუცი, _ დალიე ღვინო.
ლადო ძლივძლივობით სვამს ერთ ჭიქა იზაბელას, საჭმელისკენ არც იყურება.
მოხუცის თხოვნის მიუხედავად, ღამით სახლში არ ჩერდება და ბოსელში წვება. მთელი ღამე ბორგავს, ეჩვენება, რომ მოსაკლავად მოსდევენ. შუაღამისას დგება, საღორეში იმალება, შემდეგ ისევ ბოსელს უბრუნდება, საღორეში აუტანელი სუნია. დროდადრო გარეთ გადის, მზერად და სმენადქცეული გარშემოს აყურადებს. ცაზე ელავენ მანათობელი ტყვიები, ღავღავებენ ძაღლები.
დილით მეომრები მოდიან და ლადო ეზოში გაჰყავთ.
_ ჩვენ ვიცით, რომ ქართველებმა შენს სოფელში დიდძალი იარაღი შემოიტანეს, ვეძებთ, ვერ ვპოულობთ, შენ გეცოდინება, სად ინახება, _ ეუბნებიან ისინი ლადოს და ავტომატის ლულას კეფაზე ადებენ.
არ ვიციო, იფიცება ლადო. არ უჯერებენ. შემდეგ თვალზე ადებენ ავტომატის ლულას, შემდეგ _ მუცელზე, მერე კი ყურთან უკაკანებენ ავტომატს. ცოცხალ-მკვდარი ლადო იმ დღესაც არაფერს ჭამს, არც წყალს სვამს. ანჯამებდაუზეთავი კარის ყოველ გაჭრიალებაზე კრთება.
_ შენი სიტყვა ვიტალის ერთი სანდო კაცის შემწეობით გადავეცი, _ ეუბნება საღამოჟამს მოხუ-ცი, _ მაგრამ ესაა, ჯერ არ ცალია, ფრონტზეა და როცა დროს მოიხელთებს, გნახავს.
იმ ღამესაც ბოსელში ათევს. გაქცევით ვერსად გარბის. გარდა ამისა, ყოველ დილა-საღამოს ამო-წმებენ, სახლშია თუ არა.
მეორე დღესაც აკითხავენ, სად არის, სად, ის შემოზიდული იარაღიო. ფეხით ხეზე კიდებენ. ორიოდე წუთი კიდია თავქვე. მერე ვიღაც ყვირის _ მე მოვუვლი ამ ღორისშვილსო, გინება-გინებით ჩამოხსნის ხიდან ლადოს და ლაფაროსაკენ მიყავს. ლადო ნატრობს, ნეტავ დამხვრეტდეს და მოვისვე-ნებო. ის კაცი კი _ მე ვიტალის ახლობელი ვარ, ნუ გეშინია, მალე გიშველითო.
ღამეს, მოხუცის ეზო-ყურეს მოშორებით, მინდორში მდგარი უზარმაზარი მუხის ფუღუროში ათევს. ფუღუროში რამდენიმე ღორი წევს. ვითომ იძინებს, თორემ მგელივით ყოველ წუთს მხარს იცვლის, წრიალებს, სასოწარკვეთამდეა მისული, დასიებული ფეხებიც სტკივა.
ალიონზე მოხუცი მუხასთან მოდის, ვიტალი მოვიდაო, ეუბნება ლადოს. ისიც ძილ-ღვიძილიდან ერკვევა, უნდოდ უყურებს მოხუცს, დგება, ლაბადას იფერთხავს, სახლისკენ მიდის. გზას თავს არი-დებს, მოღიავებულ ჭიშკარს გვერდს უქცევს, ღობეზე გადახტება, ბოსტანში ელოდება ვიტალის.
ვიტალიც გამოჩნდება, აჩქარებული ნაბიჯით მოდის ლადოსკენ, სახეს ცრემლები უსველებს.
_ რა გატირებს, ვიტალი?..
_ შენ?.. შენ რა გატირებს?..
ისინი ერთმანეთს ეხვევიან.
_ ეს რა ხდება, ვიტალი, ეს არც ომია, არც არაფერი…
_ შენ ნურაფრის გეშინია, გაგიყვან აქედან, გაგიყვან…
იმავე დღეს ვიტალის ორ ამხანაგს ~ვოლგით~ მაღალმთიან აფხაზურ სოფელში აყავთ ლადო.
გზაში ერთ-ერთი მათგანი უხსნის:
_ ვერტმფრენით უნდა გადაგაფრინოთ, სხვა გზა არც გვაქვს…
_ სად მიფრინავს ვერტმფრენი?..
_ ამას მერე გაიგებ. ახლა კარგად მომისმინე _ ვერტმფრენში შენ არავინ შეგიშვებს, აქედან თა-ვის გაღწევის უამრავი მსურველია; რაც მთავარია, თუ გაიგეს, რომ ქართველი ხარ, კარგად მეყოლე… დღეს ვერტმფრენით სამი დაღუპული მეომარი უნდა გადაასვენონ, ჩვენ კუბო გვაქვს, ჩაგასვენებთ კუ-ბოში და ვითომ შენც მკვდარი ხარ… არავინ შეგამოწმებს…
_ არა, არა, კუბო არა, ოღონდ კუბო არა… მე ამას ვერ გავუძლებ, _ ფერი ეცვლება ლადოს.
ვიტალის ამხანაგები აფხაზურად საუბრობენ, ბჭობენ. შემდეგ ~ვოლგა~ სოფლის სტადიონთან ჩე-რდება. სტადიონზე ხალხით შემოჯარული ვერტმფრენი დგას. ვიტალის ამხანაგები სადღაც მიდიან და ცოტა ხანში ბრეზენტი მოაქვთ.
_ მოკლედ, ასეა საქმე, _ ეუბნება ერთ-ერთი ლადოს, _ ბრეზენტში უნდა გაგახვიოთ, ვითომ მო-კლული ხარ.
ლადო ყაბულდება. მას ბრეზენტში ახვევენ. ვიტალის ამხანაგებს ორი ჯარისკაციც უერთდება და ისინი ერთად ლადოს ვერტმფრენისკენ ~მიასვენებენ~.
_ არ დაგავიწყდეს, რომ შენ მკვდარი ხარ, კრინტი არ დაძრა, თორემ თავსაც დაიღუპავ და ჩვენც დაგვღუპავ! _ აფრთხილებენ ლადოს.
_ აბა, გაგვატარეთ, გაგვატარეთ… სწრაფად!.. მოკლულ ბოევიკს მოვასვენებთ, მოკლულ ბოე-ვიკს!.. _ ყვირიან ისინი და ბრბოში გზას მიიკვლევენ.
ხალხი შუაზე იყოფა. ლადო ვერტმფრენში აყავთ და სადღაც, ვერტმფრენის უკანა ნაწილში აწ-ვენენ.
_ მე სამი მოკლული მითხრეს, აქ კი ოთხია! არ გავფრინდები, გადატვირთულია ვერტმფრენი! _ ყვირის მფრინავი.
მფრინავი რუსია. იგი დამატებით გასამრჯელოს ითხოვს. მის ~აღშფოთებას~ ვიტალის მეგობრე-ბი რამდენიმე ათასი რუსული მანეთით აცხრობენ.
შემდეგ მანდარინის ყუთებით და ზეთის ცარიელი კასრებით ტვირთავენ ვერტმფრენს. შემოაქვთ სამი კუბოც და მათ ლადოს გვერდით ათავსებენ. იხურება კარი, ძლიერდება ძრავის ხმა, გამეტებით ღრჭიალებს ლილვი და რამდენიმე წუთში ვერტმფრენი ჰაერში მიჰქრის.
ლადო სუნთქვაშეკრული წევს, ბავშვივით უფანცქალებს გული, ლოცულობს _ ღმერთო, არ ჩა-მოვარდეს ვერტმფრენი, ღმერთო, არ ჩამოვარდეს ვერტმფრენი… გაგებული აქვს, გადატვირთული ვერ-ტმფრენები ხშირად მიწას ენარცხებიანო.
გადის ხუთი, გადის ათი წუთი… ვერტმფრენი ხრიალ-ხრიალით მიფრინავს. ლადოს სუნთქვა უჭირს, სახეზეც ბრეზენტი აფარია, ახრჩობს. ფრთხილად, ძალიან ფრთხილად ამოაცოცებს ხელს, ბრეზენტის კიდეს სახიდან იცილებს და ხარბად ისუნთქავს ჰაერს. მერე თავს მაღლა სწევს.
სალონში ბნელა, ილუმინატორებს მანდარინის პირთამდე სავსე ყუთები ფარავს. თვალს აჩვევს სიბნელეს, ხედავს, კუბოებს შორის წევს. კუბოების დანახვაზე ტანში აჟრიალებს, კვნესა აღმოხდება და უმალ თვალებს ხუჭავს.
დაახლოებით, ორმოცი წუთის შემდეგ ხმა ეცვლება ძრავას, ვერტმფრენი ეშვება და მალე სა-დღაც ჯდება კიდეც. მფრინავი თიშავს მოტორს, იღება კარი. იწყებენ მანდარინის ყუთებისა და კასრე-ბის ჩამოტვირთვას. ლადო კვლავ იხურავს სახეზე ბრეზენტს. ცოტა ხანში მფრინავის ნაბახუსევი ხმა ესმის:
_ ეი, მკვდარო, ადექი, ეს ჩემი ბრეზენტია! მომეცი ბრეზენტი, მკვდარო!..
ლადო სულს ნაბავს. მფრინავი ნელ-ნელა აშორებს ბრეზენტს და იცინის:
_ ადექი, ადექი, ნუ გეშინია, თითქმის გადარჩენილი ხარ.
სუნთქვაგახშირებული ლადო დგება, რამდენიმე წამით აკვირდება მფრინავს, კარში ყოვნდება, შე-მდეგ ვერტმფრენიდან ჩადის.
გარეთ წელამდე თოვლი დევს. გარშემო მთებია. ყინავს. რომელიღაც ციცქნა აეროპორტში იმყო-ფება. ირგვლივ ადამიანები ფუსფუსებენ, ისმის გადაძახილები, ეზიდებიან ყუთებს… დაღუპულებს აე-როპორტის გასასვლელისკენ მიასვენებენ.
_ ღმერთო, არ გადამრიო, ლადო, ეს შენ ხარ?! _ ესმის გაოგნებულ ლადოს ვიღაცის შეძახილი, _ აქ რა გინდა?! აქ როგორ მოხვდი?!
მის წინ ტაიფი დგას, ინსტიტუტელი აფხაზი ამხანაგი, ერთ ანსამბლში ცეკვავდნენ.
ლადოს ენა ებმება, მაგრამ ტაიფს მაინც უყვება თავის გასაჭირს. ტაიფს ეჩქარება, საქმე აქვს. ლადო მისგან იგებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში იმყოფება.
_ ჯერ კიდევ არ ხარ სამშვიდობოს, _ ეუბნება ტაიფი, _ ახლა აი, იმ ~ჩორნი ვორონის~ მძღოლს გაგაყოლებ. თუ ვინმემ რამე გკითხა, უპასუხე, რომ სპეცდავალებას ასრულებ… რამდენიმე კა-ცსაც გავაფრთხილებ.
ტაიფს ჯიბიდან ფულის დასტა ამოაქვს და ლადოს ფულის მომცრო დასტას აძლევს, არ გექ-ნება, დაგჭირდებაო.
~ჩორნი ვორონს~ ავტობუსის გაჩერებამდე ჩაყავს ლადო. შემდეგ ავტობუსით მგზავრობს ქალა-ქამდე, შემდეგ კიდევ _ სხვა ავტობუსით და ბოლოს ჟელეზნოვოდსკში ჩადის.
ჟელეზნოვოდსკში სიმშვიდე ეუფლება, საოცარი სიმშვიდე, გადავიწყებული გრძნობა. შემდეგ შიმ-შილი ახსენებს თავს, შედის რომელიღაც სასადილოში, უკვეთავს ჯერ ერთ, შემდეგ მეორე, მესამე კე-რძსაც, ჭამს, უზომოდ ჭამს. მერე რამდენიმე სირჩა ~სტოლიჩნისაც~ აყოლებს საჭმელს.
როდის-როდის გამოდის სასადილოდან, კოჭლობით მიუყვება დათოვლილ გზას, შემდეგ უკაცრი-ელ პარკში მიჩლახუნობს, სკამძელზე ჯდება, ჯიბიდან ~იავას~ იღებს, აკანკალებული თითებით უკი-დებს სიგარეტს და ღრმა ნაფაზებით ეწევა. მერე ცოლ-შვილი ახსენდება, ნელ-ნელა იგონებს ყოველი-ვეს, ყელში ცრემლები ებჯინება, ტკივილამდე ეკუმშება გული, უხშირდება მაჯისცემა…
დიდხანს არის ასე, დიდხანს, სკამზე ჩამომჯდარი, თმა-წვერგაბურძგნული, ფიქრწაღებული. მისი ლამის ბუდიდან ამოვარდნილი გულის ხმა ზამთრის ბაღის ჩამოთოვლილ ხეებს ესმის მხოლოდ, მეტი _ არავის…

 

მაიმუნის სიკვდილი. 1997

ოთხმოცდათოთხმეტის ზამთარია, მეტროს ვაგონში ვსხედვართ, მატარებელი შუა გვირაბშია გა-ხირული _ გამორთულია შუქი და მის დაბრუნებას ველოდებით. ვიღაც სანთებელას ანთებს, ვაგონის ერთ კუთხეში მქრქალი, ყვითელი სინათლე იღვენთება.
ჩემს გვერდით ორი ოციოდე წლის ბიჭი ზის. ერთი მეორეს უყვება:
_ სოხუმის აღების შემდეგ ოჩამჩირეში გადაგვიყვანეს, ტამიშთან ვიბრძოდი. მაშინ ერთი მაიმუნი მყავდა, აი, ამოდენა, _ ხელებს შლის, _ მხარზე მჯდომარე ღვედით დამყავდა, ადვილად მოვიშინაურე, ხილსაც ჭამდა, კაკალსაც, კანფეტსაც. ღამით ხის ტოტზე მივაბამდი ხოლმე, ხეზე ეძინა. ერთხელ, დი-ლით გავიღვიძე და რას ვხედავ, ჩამოვარდნილა ხიდან ჩემი მაიმუნი და ღვედზე არ კონწიალობს?.. დამხრჩვალა. აი, ასე ეკიდა.
გაღიმებული, ხელებგაფარჩხული ბიჭი ჩამოხრჩობილ მაიმუნს ბაძავს. მეორე კი იცინის.
ომის დროს ზოგიერთი მებრძოლი მაიმუნთსაშენიდან წამოყვანილი მაიმუნით ერთობოდა, სხვე-ბსაც ამხიარულებდა. ბიჭის მიერ აღწერილი მაიმუნი ნამდვილად მაკაკა იყო.
მაკაკები პატარა, მოუსვენარი და მხიარული მაიმუნები არიან, თამაში უყვართ, მეტად მეტყველი თვალები და სახის მიმიკა აქვთ, უმალ ეჩვევიან ადამიანს, ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან გვგვანან ჩვენ…
სანთებელა ქრება, შუქი იგვიანებს, ბნელა ვაგონში.
ბიჭები უკვე სხვა ამბებსაც უყვებიან ერთმანეთს. მე მათ არ ვუსმენ, თვალწინ ტყავის წვრილი ღვედით ხეზე ჩამოხრჩობილი მაიმუნი მიდგას. თითქოს ვხედავ კიდეც, როგორ ირხევა მისი გაშეშებუ-ლი სხეული დილის ნიავში და უზომოდ გაოცებული, ბავშვური სახით, ღიად დარჩენილი თვალებით თითოეულ ჩვენგანს ეკითხება: ერთი მითხარით, ეს რა ხდება ჩემს თავს… ამიხსენით, ეს რა უცნაური რამ დამემართაო…
როდის-როდის მოდის შუქი და ამუშავდება მეტრო, როდის-როდის ვბრუნდები სახლში…
…რამდენიმე დღე გულდამძიმებული დავდივარ, თითქოს ახლობელი მომიკვდა.

 

სტიუარდესა ჟანა. 1996

ოთხმოცდაცამეტის ოქტომბრის დასაწყისია.
თემური და დედამისი აფხაზ ნაცნობს სოხუმიდან გამოყავს.
~ფიატით~ მოდიან.
დედა-შვილი უკანა სავარძელზე ზის, წინ მათი აფხაზი ნაცნობი და მისი მეგობარი სხედან. მან-ქანას ნაცნობი მართავს. აფხაზი მათი მეზობელია, თემურის დედის ბავშვობის ამხანაგი, მეორე კი უც-ნობია დედა-შვილისათვის.
ოთხი წლისაც არ იყო თემური, როდესაც ომი დაიწყო. ახლა ხუთისაა. მთელი ომის განმავლო-ბაში სოხუმში იმყოფებოდა დედ-მამასთან ერთად. მამამისი იბრძოდა, რამდენიმე თვის წინათ, მარტის ბრძოლებისას, გუმისთაზე დაიღუპა. ქმრის სიკვდილის შემდეგ თემურის დედამ მაინც არ დატოვა ქა-ლაქი, არც თემური გახიზნა. არც მაშინ გაეცალა იქაურობას, როცა აფხაზური მხარე ქალაქს იპყრო-ბდა, აქაოდა, ჩვენ ხელი რატომ უნდა გვახლონ, ჩვენ ხომ მშვიდობიანი მოსახლეობა ვართო. თუმცა მეზობლები აფრთხილებდნენ, შენი ქმარი იბრძოდა, დატოვე სახლიო.
როდესაც ზღვის სანაპიროზე, მათი სახლის სიახლოვეს, ღამით ვიღაც კაცი დახვრიტეს, შეძრ-წუნდა. შემდეგ ფანჯრიდან ქუჩაშიც მოკრა ცხედრებს თვალი, რამდენიმე სახლის დაწვასაც შეესწრო. მეზობელი ქალის შემწეობით სასწრაფოდ გამოძებნა ბავშვობის მეგობარი აფხაზი და შველა შესთხოვა.
აფხაზმა _ ენგურით ვერ შევძლებ, შევეცდები, სოჭით გაგიყვანოთო, უთხრა.
და აი, რუსეთის საზღვრისაკენ მიდიან.
აფხაზი სამხედროა, მისი მეგობარიც. ორივენი სოხუმის აღებაში მონაწილეობდნენ. მათ მანქანას არავინ აჩერებს, თითქმის შეუფერხებლად მიიკვლევენ გზას. მხოლოდ ერთ ადგილას შეამოწმეს. აფხა-ზმა თემურსა და დედამისზე მიუთითა, ესენი რუსები არიანო. თემურის დედა, მართლაც, ჩამოჰგავს რუსს.
დაუჯერეს.
აფხაზმა მეგობარმა გააფრთხილა თემურის დედა, ქართულად სიტყვა არ დაძრათ, თორემ საქმეს გამირთულებთ, ვინმე გაიგებს თქვენს ქართულს და შენი ქმრის ამბავსაც გამოიკვლევენო.
ზის ~ფიატში~ დედა-შვილი და რუსულად საუბრობს.
_ თემო, ქართულად არ ილაპარაკო, დედა… გესმის, თემო, _ ჩურჩულით ემუდარება დედა შვილს.
თემური დამჯერი ბიჭია. მართალია, კარგად არ ესმის, რატომ არ უნდა ილაპარაკოს ქართულად, მაგრამ გრძნობს, რომ ეს ასეა საჭირო.
მიუახლოვდნენ კიდეც საზღვარს. აქ უკანასკნელი პუნქტია, უამრავი ხალხი ირევა, უმეტესად _ სამხედროები.
საბუთებს ითხოვენ.
_ ჩვენი საბუთები სახლთან ერთად დაიწვა, ჩვენ რუსები ვართ, რუსები… _ გაბზარული ხმით ეუბნება ჯარისკაცებს თემურის დედა და ცდილობს, სიმშვიდე შეინარჩუნოს. თანაც, ვითომ აქ არაფე-რიო, კარგა გვარიანად წამოზრდილ ქოჩორს უვარცხნის თემურს. თემური გრძნობს, როგორ უცახცა-ხებს დედამისს თითები.
ჯარისკაცები ქალს ეჭვიანად აკვირდებიან.
_ ჩემი მეზობლები არიან, რუსები, _ გადმოდის მანქანიდან აფხაზი მეომარი, _ გაატარეთ…
_ კარგი, _ ეუბნებიან ისინი აფხაზს და დედა-შვილს შავგვრემან, ჩოფურა ჯარისკაცს აყოლებენ.
საზღვრამდე დაახლოებით ასი ნაბიჯია. ეს მანძილი გამყოლის თანხლებით უნდა გაიარონ, ასეა დაწესებული.
ასი ნაბიჯის შემდეგ სამშვიდობოა.
_ იმ ჯარისკაცთან ფრთხილად იყავით, სიტყვა არ დაგცდეს ქართულად, _ კიდევ ერთხელ აფ-რთხილებს თემურის დედას ნაცნობი აფხაზი და ემშვიდობება.
თემურის დედას გული ამოვარდნაზე აქვს.
_ თემო… თემო… შენ ხომ გახსოვს სიმღერა _ ~Стюардесса по имени Жанна~? იმღერე, თე-მო, _ ეუბნება თემურს დედამისი.
თემური მღერის:
_ Ангел мой, не земной, ты повсюду со мной!..
სამნი მიდიან: თემური, დედამისი და გამყოლი.
არა და არ თავდება ის ასი ნაბიჯი. დედა თემურს ხელზე ხელს უჭერს.
თემური მღერის, თან გრძნობს დედის ხელის კანკალს.
საზღვრამდე სულ ცოტაა დარჩენილი.
უცებ გამყოლს უკნიდან ვიღაც უძახის. გამყოლი ჩერდება, მთელი ტანით შეტრიალდება და იმ ვიღაცას ხელით ანიშნებს _ რა გინდაო.
დედა-შვილიც ჩერდება. ქალს მთელს სხეულში ელვასავით დაუვლის მხურვალება.
_ თემო, იმღერე…
თემური განაგრძობს სიმღერას. შემდეგ მთავრდება სიმღერა, მაგრამ თემური უმალ თავიდან იწყებს.
გამყოლს რაღაცას ეკითხებიან, გამყოლიც ხმამაღლა ეპასუხება.
შემდეგ ისევ მიდიან.
რამდენიმე ნაბიჯი და უკვე რუსეთში არიან.
გამყოლი უკან ბრუნდება.
თემური კი სიმღერას არ წყვეტს.
_ თემო, გაჩერდი, გაჩერდი, თემო… სამშვიდობოს ვართ, _ ეუბნება მას ატირებული დედა.
თემური მაინც მღერის.
_ თემო, გაჩერდი, მიატოვე სიმღერა… უკვე ნურაფრისა გეშინია…
_ მე არ მეშინია, _ ამბობს თემური და განაგრძობს სიმღერას.
აქვითინებული დედა მკერდში იკრავს შვილს.
თემური მღერის…
თემურის დედა ჩემი ნაცნობია, ერთ დროს ერთადაც ვმუშაობდით. ომის შემდეგ არ მინახავს. ზა-ფხულში, ტროლეიბუსში შემხვდა და ეს ამბავი მომითხრო.
მას შემდეგ, როგორც კი დედა-შვილი მომაგონდება, მყისვე ის ცნობილი რუსული სიმღერაც მახ-სენდება და ბიჭის წკრიალა ხმაც ჩამესმის:
_ Ангел мой, не земной, ты повсюду со мной, Стюардесса по имени Жанна!..

 

უცნობი ქალი. 1996

ამ რამდენიმე თვის წინ, მეგობართან ვრეკავდი. ის-ის იყო ორიოდე ციფრი ავკრიფე, რომ ყურმი-ლში ქალის ხმა გაისმა:
_ გისმენთ.
_ ეს მე გისმენთ, _ შევეცადე გავხუმრებოდი უცნობს, _ ეს თქვენ რეკავთ ჩემთან… ჰოდა, გი-სმენთ.
_ არა, ბატონო, თქვენ დარეკეთ ჩემთან, _ გამომეპასუხა ქალის მშვიდი ხმა.
_ ვხუმრობ, ქალბატონო… ჩვენი ტელეფონის ამბავი ხომ მოგეხსენებათ, ვის არ დაალაპარაკებს ერთმანეთთან…
ქალმა გაიცინა.
უცებ მისი სიცილი ვიცანი, მისი ხმაც გამახსენდა: ერთხელ, ასე, ოციოდე წლის წინათ, ჩემს ახალგაზრდობაში, ჩემს სახლში ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ავიღე. ყმაწვილ ქალს არასწორად აეკ-რიფა ნომერი. მაგონდება, მაშინაც გავეხუმრე უცნობს, დაახლოებით ათი წუთი ვისაუბრეთ და ისე გა-მოვემშვიდობეთ ერთმანეთს, რომ, რატომღაც, არც მე დავინტერესებულვარ მისი ვინაობით და არც ის _ ჩემით.
ხმა კი მახსოვრობაში ჩამრჩა. საერთოდ, ზოგი რამ კი მავიწყდება, მაგრამ ხმებს, ძალაუნებუ-რად, ვიმახსოვრებ. ეს ჩვენ, ადამიანები ვიცვლებით, თორემ ჩვენი ხმები და საუბრის ინტონაცია _ არასოდეს.
და აი, ამდენი წლის შემდეგ, ყურმილში ერთ დროს გაგონილი ხმა კვლავ გაისმა. არა, ასეთი რამ ცხოვრებაში არ ხდება, და თუ ხდება, ალბათ, მილიონში ერთხელ.
ავღელდი.
_ ქალბატონო… ქალბატონო… თქვენ სოხუმელი ხომ არ ხართ?
_ სოხუმელი ვარ, _ მცირეოდენი პაუზის შემდეგ გაისმა შეცბუნებული ხმა.
_ ქალბატონო… ერთ დროს, ოდესღაც, ჩვენ ტელეფონით ვისაუბრეთ, მაშინაც ასე, სრულიად შე-მთხვევით… სოხუმში.
ყურმილი დადუმდა.
_ ნუთუ… _ გაისმა ცოტა ხნის შემდეგ.
_ დიახ, დიახ, ეს მე…
ამის თქმა და გაითიშა ტელეფონი. რა არ ვიღონე, ხან კვლავ იმ ჩემი მეგობრის ტელეფონის პი-რველ ციფრებს ვკრეფდი და მოშიშინე ყურმილს ვაყურადებდი, ხანაც სულ სხვაგან ვრეკავდი, მაგრამ ამაოდ, დამეკარგა იდუმალი ხმა.
იმ ღამეს დიდხანს არ დამეძინა, ვბორგავდი.
დღესაც უცხო ტკივილით ვიგონებ ამ მეტად უცნაურ ამბავს: ვინ არის ის ქალი? რამ დაუსევ-დიანა ასე ხმა? რა უჭირს ახლა, რა ულხინს? რას მეტყოდა, ნეტავ, ტელეფონი რომ არ გათიშული-ყო? ან რას ვეტყოდი მე?..


ფრაგმენტები „ძმისშვილიდან“. 1995

თითქოს ღვინით სავსე ბოცას საცობი მოსკდაო, ისეთი ხმა ჰქონდა ყუმბარმტყორცნს, უფრო ზუსტად, ავტომატ-ყუმბარმტყორცნს, დიდი და პატარა ~პოდსტვოლნიკს~ რომ ეძახდა.
თვალით უხილავმა ყუმბარამ ვაშლის ხეებს შორის გაიშხუილა და ორსართულიანი აგურის სა-ხლის ზედა სართულის შუა ფანჯარაში შევარდა. იელვა… და ოთახში უმალ იფეთქა კიდეც ცეცხლოვა-ნმა, უზარმაზარმა ბურთმა, მერე ასევე უმალ დაიშალა ბურთი, ფორმა იცვალა, გაათმაგდა, არ ეყო სი-ვრცე. აფეთქების ხმა შორეულმა ექომ გაიმეორა.
სახლის ფანჯრებიდან ერთდროულად გადმოიფრქვა წვრილ ნამსხვრევებად ქცეული მინა. ნამსხვ-რევები დილის მზეში ერთიანად აციმციმდა, აელვარდა და სახლი, ყოველი მხრიდან, უცნაური სინა-თლით აღმოჩნდა გარშემორტყმული.
იმავე წამს გაისმა სასოწარკვეთილი ყვირილიც და მეორე სართულის კუთხის ფანჯრიდან ხე-ლში ავტომატჩაბღაუჭებული კაცი გადმოხტა. კაცის გამოჩენა და ავტომატების ველური აკაკანება ერთი იყო. ზოგჯერ ტრასირები _ მანათობელი ტყვიებიც, გამოენთებოდნენ, კაცსაც ხვდებოდნენ და სა-ხლსაც.
ვალერის მოეჩვენა, თითქოს ტყვიების ჯოჯოხეთურმა ძალამ კაცის ვარდნა ერთი წამით შეაჩერა, თითქოს მინის ნამსხვრევებიც შეყოვნდა ჰაერში, გაქვავდა დრო, ხმაურიც შეწყდა, მიყუჩდა ქვეყნიერე-ბა, მაგრამ იმ ერთი წამის გასვლის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, კაცის უკვე უსი-ცოცხლო სხეული ჰაერში ამოტრიალდა და მიწას დაენარცხა. მინის ციცინათელებიც გაქრნენ.

***

სამი დღით ადრე ვასო მოკლეს, ვასიკო. ომში გაიცნეს ერთმანეთი, სულ რამდენიმე კვირის წინ. დაძმაკაცებაც მოასწრეს. ომი ასეთია _ დამეგობრება იქ ერთ საათშიც შეიძლება. ვასიკოც ოცდაათის იყო, მასზე მაღალი, მხარბეჭიანი. სოფელზე პირველი შეტევისთანავე მოკლეს. ჩირგვებში იწვნენ, ისვე-ნებდნენ. თავი მისკენ მიატრიალა ვასიკომ, რაღაცის თქმა დააპირა და იმ დროს წკაპუნის მსგავსი ხმა გაისმა. აფართხალდა ვასიკო, შემდეგ მოულოდნელად გაიზმორა, მეორეჯერაც გაიზმორა და გათავდა. სნაიპერის ტყვია მოხვედროდა.
_ ვასიკო, ვასიკო… _ თვალებს არ უჯერებდა ვალერი.
ისევ გაისმა უცხო ხმა, ამჯერად რაღაცამ გაიჩხაკუნა. ტყვიამ ბუჩქის ნახევრად ხმელი ტოტი ჩამოსხიპა. ეს უკვე მისი ტყვია იყო, მისთვის განკუთვნილი. დიდხანს არ უფიქრია, მასზე ბევრად ზო-რბა ვასიკო აიტაცა, ზურგზე მოიკიდა და სამიოდე ნახტომით ბებერი ჭადრის უკან აღმოჩნდა. აქ სნაი-პერი საშიში აღარ იყო, მაგრამ ვასიკოსთვის ამას უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა _ ის გაყინული მზე-რით სადღაც შორს, მაღლა, ღრუბლებს მიღმა იცქირებოდა. ტყვია წელში მოხვედროდა, ხერხემალს აჰყოლოდა, მერე _ კისერს და, როგორც მოგვიანებით დაადგინეს, თავში გაჩერებულიყო. ასეთი ტყვიე-ბი ~მორბენალ~ ტყვიებად მონათლეს მისმა გამომგონებლებმა.
ვასიკოს თავზე შავი, გაუმჭვირვალე ქსოვილისაგან შეკერილი ლენტა ეკეთა. ლენტაზე ოქროს-ფერი ასოებით ეწერა “ იესო ქრისტევ, დამიფარე” რამდენჯერმე ეწერა ასე _ “იესო ქრისტევ, დამიფარე.” როდესაც თავი ვასიკოს სახესთან მიიტანა იმის გასაგებად, სუნთქავს თუ არაო, ვალერის მოეჩვენა, რომ თითქოს ის ოქროსფერი ასოები ვარსკვლავებივით ციალებდნენ ერთიანად ჩამობნელებუ-ლ ცის თავზე, ოღონდ რაღაცნაირად უნიათოდ, საცოდავად.
_ ვასიკო მოკლეს? ვასიკო?.. მე მაგათი!.. _ ღრიალით გამორბოდა ვიღაც.
იმ დღეს ვასიკოს გარდა კიდევ ორი ბიჭი მოკლეს, ერთი _ გაგრელი, მეორე _ გორელი. გაგრე-ლი ოქტომბრის დასაწყისში გაგრაში გადაურჩა სიკვდილს, ქალაქში დარჩენილი მამამისი კი დახვრი-ტეს. იარაღი მამის სიკვდილის შემდეგ აიღო _ შური უნდა ვიძიოო. ვიღაცამ უთხრა, მამაშენს ყელი გამოღადრეს და ~კოლუმბიური ჰალსტუხი~ გაუკეთესო.
სამივენი იმავე დღეს წაასვენეს ~ურალით~. რომელიღაც სახლიდან გამოტანილი ზეწრები სახესა და სხეულს უფარავდათ. ცხედრებს მხოლოდ ქოჩრები და ჩექმები უჩანდათ ქათქათა ზეწრებიდან. ვა-ლერის განსაკუთრებულად თეთრი, სულ სხვა სამყაროსეული შუქით გასხივოსნებული მოეჩვენა ზეწრე-ბი.
ვასიკოსთვის შავი ლენტა არ მოუშორებია, ქარს რომ არ გადაეფრიალებინა, გულდაგულ ამოუ-კეცა ზეწარი. გამომშვიდობებისას მხარზე ხელი დაადო, რაც შეეძლო, მსუბუქად შეეხო. მერქანივით გა-ხდომოდა მხარი ვასიკოს. შინ დედა და და ელოდებოდნენ, მათ ვასიკოს ამბავი ჯერ არ იცოდნენ. ძა-რიდან ჩამოხტა, ერთხელ კიდევ გახედა ძმაკაცს და როდესაც მისი ახალთახალი ჩექმების ლანჩები და-ინახა, ქვითინი ვერ შეიკავა.
ღმუილით მიიწევდა ~ურალი~ ოღრო-ჩოღრო გზაზე, ძაგძაგებდა მისი ძარა, ძარაზე კი, თითქოს სცივათო, თრთოდა სამი ცხედარი, უცნობი, მხოლოდ ღმერთმა უწყის, უკვე სად მყოფი, დიასახლისის სათუთი ხელებით გაპატიოსნებულ მყინვარწვერისფერ ზეწრებში გახვეული. მთავრდებოდა სამი ადამია-ნის მიწიერი მოგზაურობა და იწყებოდა სულ სხვა, ახალი, იდუმალებით მოსილი. და მაინც, და განსა-კუთრებით ახლა _ ერთ-ერთი მათგანის თავს შემოხვეულ შავ ლენტაზე ზეცისთვის განკუთვნილი იდუ-მალი ტელეგრაფისტის მიერ ოქროსფერი ასოებით ჩაწიკწიკებული უსასრულო ვედრება მიედინებოდა და ხმიანობდა: “იესო ქრისტევ, დამიფარე…იესო ქრისტევ, დამიფარე… იესო ქრისტევ, დამიფარე…” თი-თქოს სამყაროს გული კაკუნობსო.

***

სამზარეულოსკენ გახოხდა, მტვერში და კვამლში ერთიანად ალუფხულ ჯამ-ჭურჭელში, ავეჯის ნამტვრევებში უცებ ვერ ნახა კიო. ორიოდე წამში კი გაარჩია _ ყუმბარას მისთვის მუცელი გაეგლიჯა. საკუთარ ნაწლავებში გახლართული კიო ცახცახებდა, ტკივილისგან დაფჩენილი პირიდან სისხლი სდი-ოდა, ნახევრადდაღეჭილი ვაშლის ჩირი კი თავთან ეგდო, სისხლიან გუბეში.
თხილნარიდან განახლდა სროლა.
სამზარეულოში დენთისა და სისხლის სუნი იდგა, კიდევ რაღაცის სუნი _ ამაზრზენი და აუხს-ნელი. სიკვდილის ნაცნობი სუნთქვა კვლავ უახლოვდებოდა ვალერის.
კიომ ცახცახი შეწყვიტა.
_ მაპატიე, კიო, _ თქვა მან, შემდეგ დაამატა _ გივი…
ვალერი სწრაფად გახოხდა საძილე ოთახისკენ და მინებჩამოლეწილი ფანჯარა გამოაღო. თხილ-ნარი სამზარეულოსა და დარბაზს ესროდა, იქედან საძილე ოთახი არ ჩანდა.
ხანძარი ძალას იკრებდა.
ფიქრის დრო არ იყო.
ავტომატი მხარზე გადაიკიდა, წამოდგა და ის-ის იყო ფანჯრის რაფას შეახტა, რომ გველნაკბე-ნივით მოტრიალდა _ ბავშვი ავიწყდებოდა.
გადაფითრებული ბავშვი უზომოდ გაფართოებული თვალებით უყურებდა. წამიერად ეჭვიც შეეპა-რა _ სინამდვილეში არსებობდა თუ არა ეს ბავშვი, თუ ესიზმრებოდა ეს ყველაფერი _ სახლიც, ომიც, ბავშვიც…
სროლის ხმამ გამოაფხიზლა. ბავშვისკენ ისკუპა.
ხელში აიტაცა და მკერდში ჩაიკრა.
მერე არც ახსოვს, როგორ გადაევლო რაფას.
ბოსტანი გადაირბინა, სარებად გამოყენებულ ლერწმებს მიმხმარი პამიდვრის ნერგებს შორის გაი-შლიგინა, ფეიჰოას ხეივანი უკან ჩამოიტოვა და მანდარინის ბაღში შევარდა.

***
ადგურმა ~ვილისის~ უკანა კარი გააღო და იქიდან ორი ავტომატი გადმოიტანა.
_ ოჯახმა დამავალა, რომ გამომშვიდობებისას კიდევ ერთხელ გითხრა მადლობა ჩემი ძმისშვი-ლის გადარჩენისთვის. ჩვენ არა გვაქვს უფლება, შენისთანა კაცს იარაღი ავყაროთ. აი, შენი ავტომატი, მაგრამ, მოდი, გავცვალოთ იარაღი, შენს ავტომატს მე დავიტოვებ, ჩემი კი შენ გქონდეს. მოდი, ასე ძმებივით დავშორდეთ ერთმანეთს დღეს, მაგრამ თუკი ხვალ კიდევ მოგვიწია ბრძოლაში შეხვედრამ, რას იზამ, უნდა ვესროლოთ ერთმანეთს. დღეს ყველაფერთან ერთად ღირსეული მტერიც სანატრელია!.. დროა ასეთი.
ვალერიმ ავტომატი ჩამოართვა და დაბნეულმა დახედა იარაღს.
_ სრულ წესრიგშია, _ გაიცინა გივიმ, _ ომში არ გიმტყუნებს.
_ მე კი მაპატიე, ასე რომ… _ დაიწყო ადგურმა, _ გუშინ ბიძაჩემმა _ თარასხანმა, სუფრაზეც არ დამსვა იმიტომ, რომ… მოკლედ, მე ხომ არ ვიცოდი სიტუაცია, მე მეგონა, რომ…
_ მე… მე კი… _ ახლა ვალერის დაება ენა, _ ეს მე… ლაპარაკიც დამავიწყდა, ვერაფერს ვა-მბობ… დამთავრდება ეს ყველაფერი და ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს, მაშინ ყველაფერზე ვილა-პარაკებთ…
_ ვილაპარაკოთ… _ თქვა ადგურმა.
რამდენიმე წუთი იდგნენ ასე. მერე ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
_ ნახვამდის!..
_ ნახვამდის!..
_ ნახვამდის!..
ვალერი სწრაფად შებრუნდა და თავქვე დაეშვა. ჩქარა მიდიოდა, თითქმის მირბოდა, თითქოს ღელეს ეჯიბრებაო.
უცებ, რაღაცამ გაიჩხაკუნა, თითქოს ვიღაცამ ავტომატის ჩახმახს გამოჰკრა ხელიო. ვალერიმ მე-ყსეულად მოატრიალა თავი. ფერდობზე, ~ვილისთან~ მდგარი ორი კაცი ხელს უქნევდა. ვალერიმ გაი-ღიმა და მანაც დაუქნია ხელი. არა, მას არ ესვრიან ზურგში, ეს გამორიცხულია, არ შეიძლება ეს მო-ხდეს. ეტყობა, ხმელ ტოტს დააბიჯა ფეხი…
მერე ბუჩქნარი დამთავრდა და მეჩხერი ტყე დაიწყო. მანქანის ამუშავების ხმა მოესმა. როცა მიი-ხედა, უკვე არც გივი და ადგური ჩანდნენ, არც _ მანქანა, ფერდობიც კარგა გვარიანად დაშორებოდა.
ვალერი შეჩერდა, ავტომატი მხარიდან ჩამოიღო და მჭიდე მოხსნა. მჭიდე ტყვიებით იყო გაძეძგი-ლი.
ათიოდე წამი ასე იდგა, გაშეშებული, მერე ღელის პირას, ბალახებში ჩამოჯდა, ავტომატი იქვე მიაგდო და თავი ჩაქინდრა. ტირილი აუვარდა, არც ცდილობდა ცრემლების შეჩერებას, კაცურად ქვი-თინებდა, დაუფარავად, მთელი ტანი უცახცახებდა. მარტო იყო, სრულიად მარტო, მარტოდმარტო მთელს დუნიაზე. მხოლოდ ღელე მოღუღუნებდა მის გვერდით, კიდევ _ ტყე შრიალებდა. მოეჩვენა, რომ მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდებოდა _ ვინც არ უნდა ჰყოლოდა გვერდით, მაინც მარტო იქნებოდა, მუდამ. ბალახებში იჯდა და გულამოსკვნილი ტიროდა, პატარა ბიჭივით ტიროდა, ომისაგან და სიბრი-ყვისაგან, სისასტიკისაგან გადაღლილი, წუთისოფლის დაქანცული, ნერვებდაგლეჯილი მგზავრი…
მთელი ქვეყნიერება გაბზარული იყო მისთვის და ეს ბზარი მის გულზე გადიოდა.
ცოტა ხნის შემდეგ ფეხზე წამოდგა, სახელოებით ცრემლი შეიმშრალა და გზა განაგრძო. კი არ მიდიოდა, მილასლასებდა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ შედგა, სახე გაუნათდა _ სულ ერთი წუთით მოე-ჩვენა, რომ იმ ქვეყანაში შეაბიჯა, რომელიც მხოლოდ ძმისშვილებითა და დისშვილებით, ბიძაშვილები-თა და დეიდაშვილებით, დეიდებითა და მამიდებით, დედებითა და მამებით, მეგობრებითა და ამხანაგე-ბით, დებითა და ძმებით… კიდევ _ ჯერ კიდევ უცნობი მეგობრებითაა დასახლებული, ერთი ოჯახის ქვეყანაში შეაბიჯა თითქოს, უზარმაზარი ოჯახის უზარმაზარ ქვეყანაში, სადაც კაცი არ კლავს კაცს და სადაც მხოლოდ სიყვარულის ძალა განაგებს ყოველივეს…
შემდეგ შედგა, ასევე მოულოდნელად ჩამოეღვენთა სახე, ავტომატი გაახსენდა. უკან გამობრუნდა, ბალახში მიგდებულ იარაღს სწვდა, ღვედით მხარზე გადაიკიდა და გზა განაგრძო.