პასაჟები, ციტატები

  სხვადასხვა ნაწარმოებიდან ამოკრებილი პასაჟები და ციტატები 

***

ნება-ნება, შუშხუნა ღვინოსავით ვსვამდით აგვისტოს შეხვედრისას, ერთობლივ მარტოობაში.

***

ის, რაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა, არ ხდებოდა ჩვენში.

***

ღვინო სწრაფად ამცირებდა მანძილს მის ტუჩებამდე, და მერე კიდევ – ლოგინამდე.

***

იდუმალი, ჯერ აღმოუჩენელი პლანეტები ზემოქმედებენ ზღვაზე, ცვლიან მას და მერე თავად ზღვაც უმალ ცვლის ყველაფერს ირგვლივ – ბუნებას, ამინდს, ადამიანების განწყობას… იცვლება მის სიახლოვეს წარმოთქმული სიტყვებიც, ღვინის გემოც, რომელსაც სვამენ შეყვარებულები კაფეებში, დუქნებში, რესტორნებში თუ სანაპიროზე… სვამენ ბოკალებიდან, ფუჟერებიდან, ქაღალდის ჭიქებიდან, პირდაპირ ბოთლებიდან, მურაბის თუ კონსერვის ქილებიდან…

***

ნებისმიერ ქალაქს თავისი ხასიათი აქვს და ის, ვინც მის ხასიათს ვერ უგებს, ვერც ესაუბრება ქალაქს. ჩვენი ქალაქი, სხვა ქალაქებთან შედარებით, ცოტათი ზედმეტად ცნობისმოყვარეც იყო. ის არა და არ ეხებოდა სტუმრის ღირსებას, მაგრამ მაინც აუცილებლად და ღიმილით ჰკითხავდა: – რომელი ქალაქიდან ბრძანდებით, პატივცემულო, რომელი სოფლიდან, რომელი ისტორიიდან, რომელი ადათ-წესიდან, რომელი სუფრიდან, რომელი ღვინიდან თუ არყიდან, რომელი სიმღერიდან, ბუნებიდან, კულინარიიდან, სიზმრიდან, სიყვარულიდან, სიძულვილიდან…

***

ღვინისა და ზღვის სიმბიოზი დამსვენებლებს საკურორტო სკლეროზს უვითარებდა – მათ ჩამოსვლისთანავე ავიწყდებოდათ უამრავი რამ, მაგრამ, იმავდროულად, ახსენდებოდათ კიდეც თავიანთი ცხოვრების ისეთი დეტალები, რომლებიც სხვა დროს და სხვა ადგილას არასოდეს გაახსენდებოდათ.

***

გაცნობისას ცისფერი შუქი შემომანათა და მკერდში მფრინავი ბურთულა ჩამისახლა. ლამაზი სახელი – საბინა, თითქოს სახეზე ეწერა.

***

იმ ასაკის ვიყავი, როდესაც ქალის სხეულს უფრო იმეცნებ, ვიდრე მის სულს და ჩვენი სხეულები უფრო ესაუბრებიან ერთმანეთს, ვიდრე ჩვენ თავად. ყოველი ქალის სხეულს თავისი ენა ჰქონდა და მეც ბეჯითი სტუდენტივით ვსწავლობდი იმ ენებს.

***

არის დრო, როდესაც შენი ჭეშმარიტი სამშობლო მხოლოდ უსასრულო და უნაპირო  ზღვაა.

***

ის იყო კოცნა, რომელიც აღვიძებდა მკვდრებს და ამრავლებდა ცოცხლებს.

***

ყოველ ღვინოს თავისი ფერწერა აქვს, თავისი პეიზაჟი, რქაწითელას – ზვრები, ლურჯი მთები და შორეული, დათოვლილი მწვერვალები, ხვანჭკარას – მთები და ღრუბლები, იზაბელას – თხმელას ტყე, ზღვა და ყვავილები, ცოლიკაურს – გაშლილი ველები, საფერავს – ვარსკვლავიანი ღამეები, ფსოუს – რიწის ტბის სიკამკამე… და შეყვარებული გულებივით ფეთქავენ ეს პეიზაჟები.

***

არავის ეშინია სინდისის ანგელოზის. აი, ავტომატიანი კაცი კი სხვაა, მას უჩოქებენ.

***

სანამ კონსტიტუციები და კანონები არ გაკეთილშობილდებიან და არ გაადამიანურდებიან, კაცობრიობას არაფერი ეშველება.

***

მშვიდობას უპირველესად სინდისი სჭირდება.

***

ჩვენი სამშობლო ისეთია, როგორებიც ვართ თავად ჩვენ დღეს, ჩვენი შვილების სამშობლო კი იქნება ისეთი, როგორებიც იქნებიან ჩვენი შვილები.

***

ღირსეულ ადამიანთა სიმცირე გვიმძაფრებს უღირსთა მიერ შექმნილ ქაოსს.

***

ჩემი დაკვირვებით, ჭეშმარიტი მამულიშვილი რომ გახდე, სულ ცოტა, ორჯერ მაინც უნდა გამოგაცხადონ ხალხის მტრად, მოღალატედ.

***

ქვეყნის ზნეობრივი მთლიანობა მნიშვნელოვანია მის ტერიტორიულ მთლიანობაზე.

***

ჭეშმარიტად თავისუფლები მხოლოდ ის ქვეყნები და მხოლოდ ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც გაუფრთხილდებიან სხვის თავისუფლებასაც, დაიცავენ მას, როგორც საკუთარს.

***

ქალს თამამი სურნელის სუნამოები უყვარდა. ერთი მათგანი განსაკუთრებით აშიშვლებდა.

***

კლაუდიას ტანსაცმელიც სექსუალურ-პლანეტარული იყო, უცხო ქარებით გაჟღენთილი, უდაბნოსა და ზღვების, დედამიწის ოთხივე მხრის გზების ქარებით. მისი ლურჯილურჯი თვალები უხილავი და სადღაც, ჯერაც აღმოუჩენელი გალაქტიკის ოკეანის შხეფებს გავდნენ.

***

და როგორც არ უნდა იყოს, მაინც ჩვენ, ყველანი, ნებისმიერ ომში საკუთარ შვილებს ვხოცავთ…

***

არავის ისე არ უხდება ზღვა, როგორც შენ.

***

ჩვენ ყველასაგან განმარტოებით ვისხედით იმ ოთახში, სადაც ავისმომასწავებელი, მძიმე მხიარულება იდგა.

***

წარსული ყოველთვის წინაა, მომავალში. არ არსებობს წარსული მხოლოდ წარსულში.

***

ომის შემდეგ, როგორც წესი, დგება დრო, როდესაც ხალხს სამართლიანობაზე მეტად პური სჭირდება.

***

ჩვენ ზეამტანი, სუპერცხოველები ვართ.

***

და ვპოულობდით ჩვენს ამერიკას სოხუმის პორტში სულ რამდენიმე საათით ღუზაჩაშვებული უცხოეთის გემების მეზღვაურებთან ნაყიდი ჯინსებით, საღეჭი რეზინით, ანსამბლ „ჩიკაგოს“ ჩანაწერებით, ელვის პრესლით, ვარსკვლავიან-ზოლებიანი დროშით, წვერიანი ჰემინგუეის მოკრივეებითა და მონადირეებით, ვისკით, „კოკა-კოლათი“, „ამერიკის ხმით“…

***

სხვათა შორის, „პეპსის“ ამერიკის გემო ჰქონდა.

***

დარბაზში ვიღაცის მსუქანი სიცილი გაისმა.

***

არსებობენ ბრტყელძირა ნავები და ადამიანებიც არსებობენ ბრტყელძირა, რომლებიც იმ ნავებივით მხოლოდ ჭაობშიღა დაცურავენ.

***

მისი სიტყვები ფარშავანგის კუდივით ეფინებოდა დათოვლილი ქალაქის ქუჩებს.

***

სტუმარ-მასპინძლები ისეთი გასხივოსნებული სახით მოდიოდნენ, თითქოს ეს-ესაა აგვისტოს მოალერსე ზღვიდან ამოყვინთესო.

***

ზღვა იყო ისეთი გასხივოსნებული, თითქოს სადღაც, ძალიან ახლოს, ღმერთი დასეირნობსო.

***

ოთახში შამპანურის შუშხუნა სურნელი იდგა.

***

როცა სანთელს აანთებდა, უფრო მძიმდებოდა ოთახი.

***

სადღაც გადაიხვეწნენ შუქის მატარებელი ქალები.

***

ქალაქი-თეატრი ელოდა გმირს. ქალაქი-თეატრი ელოდა მოღალატეს.

***

აწმყო ძალიან სწრაფად გახდა წარსული. მომავალიც ასევე.

***

ქუჩებში ადამიანების სხეულ-ცხედრები დარიალებდნენ. სამარეები უძირონი გახდნენ, დაკარგეს ფსკერი.

***

ქუჩაში შემოხვდა ჯარისკაცი, რომელიც ერთდროულად მღვდელსაც ჰგავდა და ყაჩაღსაც.

***

გულები მჩხვლეტავი ანძებით, წითელი იალქნებით, გაფითრებული ხმებით აივსნენ.

***

ყველა ომი ერთი ომია.

ყველა სიცოცხლე ერთი სიცოცხლეა.

ყველა სიკვდილი ერთი სიკვდილია.

***

ადრე სიკვდილის მეშინოდა, სოსიკ, ახლა სიცოცხლის მეშინია.

***

ქალაქის სახლები დაემსგავსნენ მომაკვდავის თავსასთუმალთან მოსაკითხად მოტანილ ვაშლებს, ფორთოხლებს, კანფეტებს, მსხლებს… უკანასკნელ ძღვენებს, მომფერებლებს, ალერსიანებს, ღვთიურებს, სევდიანებს… მრავალწერტილებს სიცოცხლისა.

***

დაწყევლილია ზღვა, – თქვა ეგეოს მარმარილოსმა, – ზღვასთან სულ ომები და გაუგებრობებია დაკავშირებული. რაც უფრო ლამაზია ზღვის ქვეყანა, მით მეტი ომი აქვს. მირჩევნია, მარადი ტურისტი ვიყო, სულ ვმოგზაურობდე, არ მქონდეს ეროვნება, არც სამშობლო.

***

ნათლიღების მეშვიდე დღეს გარკვევით გაიგონა, თუ როგორ უთხრა გალიაში მოცახცახე მისმა უკანასკნელმა ჩიტმა ღმერთს – მარტო ადამიანის ხომ არ არის ეს პლანეტაო.

***

თვალი გაახილა და ღმერთი იხილა. და გაოგნდა, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ღმერთი შეიძლება ასეთი ყოფილიყო…

***

მე შენს წვიმებში ვიზრდებოდი, სხვაგან კი ვსველდები მხოლოდ.

***

ტანკი – მოროდიორი. ნოხებით, ტელევიზორით, ტანსაცმლით, სკამებით დატვირთული. კავკასიური ურჩხული.

***

ერთადერთი, ვისაც მეფე არასოდეს სჯის – მასხარაა. და მერე რა მინდა მასხარების ქვეყანაში?

***

ცხოვრობთ უფესვებოდ და ფრთების გარეშე ცდილობთ იფრინოთ.

***

როგორი დიადი გრძნობაა – თუნდაც რამდენიმე წუთის განმავლობაში იკარგებოდე სინდისის კოსმოსურ კიდობანში.

***

შეცდომების აღიარება ხელმეორედ დაბადებაა.

***

ჩემი ტრაგიკულად მხიარული თანამოსაუბრე.

***

კანონთა სიჭარბე პლანეტარული კრიზისის ნიშანია.

***

ჩვენი კონფლიქტები დაბერდნენ, კავკასია ბებერი, ქრონიკული კონფლიქტების ჩიხი გახდა.

***

ბოროტი სიტყვები ტყვიებზე სწრაფად და ადვილად გვპოულობენ.

***

და მოვიდა ომი და მისახსოვრა მარტოობა.

***

სსრკ, რომლის წესებითაც ნაწილობრივ დღესაც ვცხოვრობთ, არ არსებობს, მაგრამ დროგამოშვებით, მისი ადამიანები  წარსულიდან“ და ახალი ქვეყნის „ადამიანები მომავლიდან“ ჩვენს აწმყოში იყრიან თავს, ერთმანეთს ტყუპებივით დამსგავსებულები.

***

ომმა ადამიანი უფრო შემაყვარა… და შემაძულა.

***

პატარა ქვეყანა ხარ, ნაფოტა ნავივით გათამაშებს მსოფლიო ოკეანე. ფეხებში ებლანდები დიდ ქვეყნებს და ისე აბეზრებ ხოლმე თავს, რომ ისინი არ გიგვიანებენ და მერე გამადლიან კიდეც წიხლის ამორტყმას. გიჩიჩინებენ, რომ შენ გავხარ იმ პატიმარს, რომელიც ციხიდნ გამოსვლის შემდეგაც საჭიროებს ზედამხედველს. თან, სხვათაშორის, იმასაც გახსენებენ, რომ არსებობს ერთი პატარა ფრინველი, რომელიც კბილებს უწმენდს ბეჰემოტებს და, თუ არ ვცდები, ნიანგებსაც.

***

კონფლიქტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბევრადაა დამოკიდებული მომლაპარაკებლებთა პირველი შეხვედრების რომანტიკაზე.

***

ადამიანები ძალიან ადვილად ემორჩილებიან ხან გიჟებს, ხანაც – გარეწრებს.

***

კომერციული ცივილიზაციის ყინულოვან ოკეანეში ჩაიძირა ძველი სამყაროს  „ტიტანიკი“.

***

საზოგადოება, რომელიც დიდხანს ითმენს ხელისუფლების უსამრთლობას, უზნეო ხდება.

***

ჩვენ ვცხოვრობთ პოსტკონფლიქტური კონფლიქტების კონფლიქტურ ეპოქაში.

***

არსებობს გამანადგურებელი გამარჯვებაც და ამაღორძინებელი დამარცხებაც.

***

ქვეყანა, რომელიც თავს იპატარავებს, სხვა ქვეყნებს აგიგანტებს.

***

პერიოდულად, სხვადასხვა ქვეყანაში, ვარდი პოლიტიკური ყვავილი ხდება. არსებობს სხვა „პოლიტიკური“ ყვავილების მთელი ჰერბარიუმი.

***

სულის ამაღლებას სინდისის აღმამფრენი ძალა სჭირდება.

***

როგორც წესი, შერიგების უმოკლესი გზები გულდაგულაა დანაღმული.

***

ხანდახან ასეც არის ხოლმე – მსოფლიო ხდება პატარა და ახლობელი, სამშობლო კი – უზარმაზარი, შორეული და უცხო.

***

დიდი ქვეყანა, რომელიც არ ინდობს პატარა ქვეყანას, პატარავდება. პატარა ქვეყანა კი – პირიქით.

***

დღეს ერები განსაკუთრებით ემსგავსებიან  ერთმანეთს – ყველანი, დიდებიც და პატარებიც გაურკვეველი მომავლის არიან.

***

ვერა და ვერ ჩავიკითხე რომანტიული ილუზიების მძევალი ისტორიკოსის წიგნი.

***

როგორ გვანგრევს ეს ველური ლტოლვა კომფორტისაკენ.

***

წავიქეცით, რადგანაც სპრინტერის აღტკინებითა და სისწრაფით ვცდილობდით სტაიერის მანძილის დაძლევას.

***

დაეხეტებოდა ის სამშობლოს, უფრო ზუსტად, სექენდ-სამშობლოს უცხოეთში.

***

გაურკვევლობა – დასჯის ერთ-ერთი სახე.

***

ღმერთს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ ვცდილობ, ჩემი პრობლემებით არ დავტვირთო.

***

ცინიზმის მისაღების კარს როცა აღებ, მხოლოდ უიმედობის დარბაზში მოხვდები.

***

უგუნებოდ იყო ღმერთი, როდესაც ადამიანს ძერწავდა.

***

არიან ადამიანები, რომლებმაც არც ბოდიშის მოხდა იციან და არც მადლობის გადახდა. არიან ქვეყნები, რომლებიც გვანან ასეთ ადამიანებს.

***

მაღალჩინოსანს სმენა არ ჰქონდა – არც მუსიკალური, არც პოლიტიკური.

***

მგონი, ჩემი ტვინის იმ ნაწილმა გაიღვიძა, რომელიც გამოქვაბულელი წინაპრისაგან მარადიულ მემკვიდრეობად მერგო.

***

სისულელე – ბრძენთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა.

***

არის შენი ქვეყნის ისეთი ომი, რომელიც არა და არ იქცევა შენს ომად. და არის ისეთი მშვიდობა შენი, რომელიც არა და არ იქცევა შენი ქვეყნის მშვიდობად.

***

ჩვენ ახლა მათ მოვუწყობთ პატარა ქართულ მიტინგს და გავუშლით დიდ ქართულ სუფრას.

***

დგება ხოლმე დრო, როდესაც მომავალი წარსულზე ბევრად გარკვეულია.

***

ჩვენ გადავწერთ ისტორიას! – ამ შხამიან  ფრაზას მილიონები უმსხვერპლია.

***

ხანდახან ჩვენ აუცილებლად გვჭირდება გიჟი, რათა მასთან ერთად რაიმე ჭკვიანური მოვიმოქმედოთ.

***

ჩვენი დამნაშავე სინდისი! უფრო ზუსტად – მისი დამნაშავე სიჩუმე.

***

ჩვენი ეროვნებაც ღმერთის გამოცდაა.

***

ეკო-სულიერი დაბინძურების ეპოქა.

***

და ვიხილე იგი – პრაიდი კი არა, კოლტი თანამედროვე ლომების.

***

დედამიწა ორჯერ დიდი რომ ყოფილიყო, ორჯერ მეტი ომები გვექნებოდა, მაგრამ ქრისტე მაინც ერთი იქნებოდა, მუჰამედიც – ერთი, ბუდაც…

***

ხშირად ჩემს თავს ვახსენებ – კარს ძალიან ფართოდ ნუ უღებ ადამიანებს.

***

პლანეტას არასოდეს აკლდა ასეთი ადამიანები – შიშის მთესველები და სინდისის გამაუპატიურებლები.

***

ხანდახან უძველესი ნაწერები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და, გრძნობ, მათ შორის დაჭრილი მგელივით როგორ დაწრიალებს დრო.

***

მგალობელ ჩიტს გალიის კარი მხოლოდ მაშინ გაუღეს, როცა მოკვდა.

***

თუ მოხდა ისე, რომ მართლა მოვკვდი, იქონიეთ სინდისი და ნუ გამაღვიძებთ.

***

და მე ვარ ის ბრმა, რომელმაც სამყარო ყოველდღე თავიდან უნდა იპოვნოს.

***

დაიწყო სამხედრო – პოლიტიკური ნადირობის სეზონი.

***

სპექტაკლის ბოლოს გილიოტინასავით დაეშვა ფარდა – და რეჟისორის „მოჭრილი“ თავი ჰარში  აფრიალდა.

***

რამდენიმე პერსონის საპრეზიდენტო ენერგია ვერ ეტევა ქვეყანაში.

***

როგორი მშვიდია ღვინო ბოთლში და როგორ ღელავს ჩემს სისხლ-ძარღვებში.

***

მართალი იყო, გულის არევამდე მართალი.

***

დღე და ზღვა ერთად გათენდა. ასეთ დღეს ღმერთი ყველგანაა.

***

ქალაქდაკარგული კაცი იყო.

***

ღამე. მკრთალი შუქი. ბარში ადამიანთა სახეები, ქაღალდივით დაჭმუჭნულები.

***

ოღრო-ჩოღრო ადამიანების პერიოდები.

***

ის სხვის მოგონებებს წვრთნიდა.

***

საათივით მუშაობს შენი საათი, – მითხრა მესაათემ შეკეთებულ საათზე.

***

ცხოვრება ნაკლებადაა უკვე სპექტაკლი. უფრო – ბაზარია.

***

სუფრაზე ავადმყოფი ღვინო გამოიტანეს – ამჟავებულიყო, ფერიც შეცვლოდა, მაგრამ ვერ ვაკადრეთ ღვინოს საყვედური. პირიქით, ვაქებდით და ჭიქებს ვაცარიელებდით.

***

ქალი ლოცულობდა, მაგრამ არ ლოცულობდნენ მისი თვალები – უცხო, უცხო ამბავს მიყვებოდნენ.

***

სულის ანემია ჰქონდა და ხშირად სულის გადასხმას საჭიროებდა.

***

მთელი გზა საკუთარ ნაბიჯებს ვესაუბრებოდი.

***

ომის დროს ეზოში ჯაჭვით დაბმული ძაღლი დატოვა და გაიქცა. მთელი დარჩენილი ცხოვრება ის ძაღლი ესიზმრებოდა.

***

და ვთქვით ჩვენ მაშინ – რა კამკამა წყლებია აქ, როგორი ტკბილი ჰაერი, როგორი ჟოლოსფერი შეღამებები… დავსახლდით იქ და ჰაერივით მსუბუქ მიწაში ფესვები ღრმად გავუშვით.

***

ყველაზე მეტი ლატარიის ბილეთი ღარიბ ქვეყნებში იყიდება.

***

და დაწერა მან შინაგანი ნათების წიგნი.