ბევრად მეტი, ვიდრე სოლიდარობა
მიწას დააკვდნენ ავიაგამანადგურებლები და ბომბდამშენები, წყალქვეშა ნავებმა ამოყვინთეს ოკეანეებისა და ზღვების უფსკრულებიდან, ავიამზიდებიც და კრეისერებიც გაისუსნენ, ატივტივდნენ პლასტმასის სათამაშო ნავებივით. მრისხანე რაკეტების გვირაბებში დამცინავად ჩასრიალდა ავად მოთამაშე ვირუსი, კოსმოსურ ხომალდებშიც გაჟონა მისმა ლაღმა შხამმა.
დიახ, სადღაც მაინც ისევ ხმაურობს იარაღი, მაგრმა უკვე დედამიწაც სათამაშო პლანეტას დაემსგავსა, ჭრელ ბურთს, რომელსაც თავის ნებაზე დააგორებს გვირგვინოსანი (მომიტევეთ, გავლენაა! მინიშნებისას უნებურად წავინოსტრადამუსე) #19.
უდიდესი და უმცირესი არმიების ჯარისკაცები – ყაზარმებში, გენერლები კი თავიანთ სახლებში ჩაიკეტნენ და გაოცებულები უსმენენ ჩიტების საიდანღაც ჩამოღვრილ გალობას… თურმე პლანეტაზე მარტო ადამიანები არ არსებულან.
უდიდესი ქვეყნების პრეზიდენტების, ლიდერების ჯიუტად მკაცრ სახეზე შიშის ფრინველის აჩრდილი დაფარფატებს.
ის კი დედამიწელებს ცინიკურად გვეუბნება:
– არ დაიღალეთ, საყვარლებო, ერთმანეთის ხოცვით? ახლა მე მადროვეთ, ჩაგენაცვლებით. მერამდენე საუკუნეა, მოღვაწეობთ ამ საქმეში. მეცოდებით, თქვენ ხომ დაიმსახურეთ დასვენება. დარჩით სახლში! დაიბანეთ ხელები ხშირად! დაიცავით სოციალური დისტანცია!..
დაცარიელდნენ მსოფლიოს დიდი თუ პატარა, რომანტიკული თუ მშვენიერი თუ „ისე რა“ ქალაქები და სოფლები, გამათხოვრდნენ ისტორიული ძეგლების სალაროები, გახუნდნენ კომერციული პეიზაჟები… და გაქრა ადამიანი.
ადამიანი გაქრა ეიფელის კოშკთანაც, სან-ფრანცისკოშიც, სეულშიც, ავსტრალიაშიც, აფრიკაშიც…
და ყველაფერმა თავი მოიყარა მობილურ ტელეფონში…
სულ ეგღა ვყოფილვართ! ყველანი ყველაფრიანად ჩავიტვირთენით ხელისგულისტოლა ტელეფონში: პირამიდებით, ბალახით, სიმღერებით, ოჯახური ფოტოებით, ანბანით, კოსმოსური იარაღით, ღვინით, მწერებით, ძაღლებით, ოკანეებითა და გუბეებით, ისტორიით, მედიკამენტებით, ზღაპრებით, სიტყვებით, თვითმფრინავებით, ყვავილებით, კოსმოდრომებითა და ნარკოტიკებით, მუსიკით, მწვერვალებით… ამდენს რა ჩამოთვლის.
მრავალენოვანმა სიჩუმემ დაისადგურა პლანეტაზე, ყველა ხმაზე დადუმდა ომი და დადუმდა მშვიდობაც. და მხოლოდ შორეული ჭრიალიღა მოისმის ჩაჟანგული ანჯამების. ნელ-ნელა-ნელა იღება უცხოუცხოუცხო კარიბჭე და იწყება რაღაც სხვა, სულ სხვა, სულ. არც ომი, არც მშვიდობა, სხვა რაღაც. სულ სხვა… კარგად მიაყურადეთ.
დიახ, და რა თქმა უნდა, ეგ ყველაფერი კარგად გასრულდება. ნუ ღელავთ, ამაზე უარესიც გვინახავს, თუმცა ასეთი საოცარი მოვლენა – არასდროს.
ნუ გეშინიათ… რისი შიში? შიში მხოლოდ იმისღა უნდა გვქონდეს, ერთმანეთს გული არ ვატკინოთ დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვებით.
ახლა უმთავრესია, იმაზე ვიფიქროთ, როგორ გავგრძლდებით შემდეგ.
გასაგებია, დედამიწა ვერ იქნება ისეთი, როგორიც 2020-მდე იყო, ჩვენ? როგორები ვიქნებით ჩვენ? უკეთესები თუ… ამ ურთიერთობადაწყვეტილ, სიძულვილზე და ველურ კონკურენციაზე, გაურკვეველ მომავალზე დამყარებულ პლანეტაზე? ვერ დავუჯერებ მას, ვინც მეტყვის, რომ ყველაფერი დალაგებულ-დაწკრიალებული გვქონდა, ან გვაქვს…
ვზივარ ფანჯარასთან, ვაწრიალებ მობილურში გაყურსულ სამყაროს. ღამეა. ციმციმებს თბილისი. ანათებს მთვარე. უკაცრიელ-უმანქანო ქუჩაში მარტოხელა, უცხო სიჩუმით გაოგნებული ძაღლი მოლასლასებს. კომენდატის საათი მას არ ეხება… ძაღლმა ჯერ არ იცის, რომ რამდენიმე პატივცემული პოლიტიკოს-ჩინოვნიკი ქუჩის ძაღლებს განადგურებით ემუქრება – ესენი შეკრული არიან ვინცხეებთან და ავრცელებენ ვირუსსო. ქალაქმა არ იცის, როგორი დილა გაუთენდება. მთვარემ არ იცის, როდის წაშლის ღრუბელი. მე კიდევ, საერთოდ არაფერი ვიცი, თუმცა კი ვცდილობ, პანდემიასა და მომავალს შორის იდუმალი კავშირი ვიპოვო… მოკლედ, ჩვენ ახლა ერთი „კლასტერისანი“ ვართ: ქალაქი, ძაღლი, მთვარე და მე (ერთხელაც მომიტევეთ, გამექცა კლავიატურა, გავლენაა! ძველჩინური პოეზიის).
…რაო, ყოველივე როცა გასრულდება, ისევ დაიბინდებიან ამ თვეებში განათებული წყლები? ისევ დაიხურება სიკამკამეშერეული ცა?..
ისევ დაიძრებიან სახელმწიფოები ერთმანეთისაკენ მუქარით? ხანჯლებივით ალესილი იდეებით, ქედმაღლური იმედებით – „ეს ჩვენა ვართ მართლები და ძლიერები, ისინი – არა! ეს ჩვენი მიწებია, მათი კი არა! ეს ჩვენ გავიმარჯვებთ, ისინი განადგურდებიან!..“?..
ისევ დაიხარჯება უზარმაზარი რესურსები სამხედრო წვრთნებში და აღლუმებში? შეიარაღებაში? კაცთაკვლის და, საერთოდ, სიცოცხლის მოსპობის ხელოვნების გაუმჯობესებაში? და ყოველივე ამისთვის კვლავ გავაგრძელებთ დედამიწის შუაგულის დაცარიელებას წიაღისეულისაგან შიმშილისაგან მომაკვდავი ბავშვების ხარჯზე?.. ისევ გავაფართოვებთ ოზონის ხვრელსა და უბედურების ზონებს?..
ისევ გავაგრძელებთ იმ ნივთებისა და საგნების უაზროდ ყიდვას, რომლებიც არ გვჭირდება და არც არასოდეს დაგვჭირდება? ისევ დავიპატიმრებთ თავს ხარბი ვაჭრობის გალავანში, სულისჩამკვლელ კლაუსტროფობიაში? მომავალში რომელს ჩავთვლით განვითარებულ სახელმწიფოდ? რომელსაც ანომალურად ბევრი ფული და ძლიერი არმია ჰყავს, თუ სხვას – განათლებითა და სულიერებით გამორჩეულს, მოკრძალებულად მცხოვრებს, მაგრამ ბედნიერს, სამართლიანს?
სხვადასხვა, ჭეშმარიტი კონფესია საერთო სულიერებას ეყრდნობა, უპირველესად – ღმერთისა და ადამიანის სიყვარულს.
ისევ გავამრავლებთ და ხელს შევუწყობთ სიტყვით მკველელებს, მოძულეებს, არამზადებს, სიყალბეს, ყველა სფეროში ჩაბუდებულ მარადიულსა და პრიმიტიულ კონფორმისტებს?..
ისევ მოვემსახურებით დროს – ნაზავს სიძულვილისა და ბოღმის, დედამიწის გამგებთა და წამკითხველთა, დედამიწის ერთგულთა და მხსნელთა ხარჯზე?..
შევძლებთ დავიბრუნოთ ის ფასეულობები, რომლის გამოც ღირს სიცოცხლის შეწირვაც კი? შევძლებთ გავხადოთ დედამიწა და ადამიანთა ურთიერთობები მიახლოებით მაინც ისეთი, რომლის არსებობაზე ვოცნებობდით? რომელიც უფრო შეგვაყვარებდა დაბადებასაც და ერთმანეთსაც?.. დაგვიბრუნდება ადამიანთა ნათელი სახეები წმინდა წყლებთან და წმინდა ჰაერთან ერთად?..
შევძლებთ, ავაგოთ საკაცობრიო სივრცე – მშვიდი, შემეცნებითი, ერთმანეთთან სასაუბრო, სადაც მოვისმენთ თუნდაც რადიკალურად დაპირისპირებულ, თითქმის მიუღებელ აზრებსაც, მაგრამ მივაღწევთ ისეთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აწყობს ნებისმიერ ერს – მცირეს თუ მრავალრიცხოვანს, ადამიანებს, მათ გაერთიანებებს, მათ თავისუფლებას, მათ განუმეორებელ, ერთადერთ და ლამის ეფემერულ სიცოცხლეს? შევძლებთ კი ასეთ გარდასახვას, ასეთ გარდაქმნას?..
ის, ვინც პატივს არ სცემს, არ იცავს სხვის თავისუფლებას, არ ესმის სხვისი ხმა, ტკივილი, საწუხარი, თავად არასოდეს იქნება თავისუფალი, არც ბედნიერი და თავისი ყველაზე დიდი გასაჭირის დროს სხვათა მზერაში ნუ ეძებს თანაგრძნობას.
ჩვენი პლანეტა ისეთია, როგორებიც ვართ დღეს ჩვენ ყველანი ერთად, უკლებლივ. ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ხვალინდელი პლანეტა კი იქნება ისეთი, როგორებიც იქნებიან ჩვენი შვილები და შვილიშვილები.
მწამს, ისინი სრულიად ახალი აზროვნებისა და ლოგიკის თაობები იქნებიან. უპირველესად, სინდისთან დამეგობრებულები. და თუ მათ ამაში ხელს ვერ შევუწყობთ, ნუ შევუშლით მაინც.
ქართველები როგორები ვიქნებით?.. მე როგორი ვიქნები ჩემ სამშობლოსთან ერთად? მე როგორი შეცდომებით, როგორი დანაშაულობებით მოვედი დღემდე? როგორ გამოვასწორო ისინი, რა მოვიმოქმედო?..მარტო სინანული, სინდისის ქეჯნა საკმარისი როდია…
ისევ შიდადაპირისპირებებით დავიქსაქებით? ისევ ერთმანეთის სიძულვილსა და გაურკვევლობების ვერგარკვევაში დავხარჯავთ ჩვენს ეროვნულ ენერგიას? ისევ ადვილად დავმარცხდებით საკუთარ თავთან? ისევ ერთმანეთის პროკურორებად და მხოლოდ საკუთარი თავის ადვოკატებად დავრჩებით? თუ როგორმე მოვახერხებთ და სიბრძნესაც დავიმგზავრებთ? შევძლებთ, რომ ჩვენი კულტურა, ღირებულებები კავკასიურ ცივილიზაციასთან ერთად შევმატოთ სამყაროს?
ჩვენ ყველას უკეთესები ვჭირდებით, ვიდრე დღეს ვართ. ყველას, უპირველესად კი ერთმანეთს, უპირველესად საკუთარ თავს.
ნებისმიერი საზოგადოება პასუხს აგებს ღმერთისა და სხვა ხალხების წინაშე დედამიწის იმ ნაწილზე, რომელიც განგებამ მისთვის განსაზღვრა, ასევეა ნებისმიერი ადამიანის ვალდებულება სხვა ადამიანების წინაშეც. და ასევე – ნებისმიერი ადამიანისა და ხალხის წინაშე პასუხს უნდა აგებდეს სრულიად კაცობრიობაც. მაგრამ როგორ მივაღწევთ, როგორ მოვახერხებთ თანაპლანეტელები ამას?
ხანდახან ასე მგონია, როცა სადღაც ომი მიმდინარეობს, დანარჩენი კაცობრიობა ამ ამბავს მშვიდად უყურებს, როგორც თეატრში მსხდომი ადამიანების ჯგუფი მხავალჯერ ნანახ, უღიმღამო სპექტალს და ხანდახან ტაშითაც აჯილდოვებს ხან ერთ, ხან მეორე უნიჭო მსახიობს.
არ არსებობს დიდი და მცირე სიყვარული. არც – სიძულვილი. თუ ერთი ადამიანი გიყვარს, გიყვარს კაცობრიობაც. თუ ერთი ადამიანი მაინც გძულს, ეს იმას ნიშნავს, დაგამარცხა იმ სიძულვილმა და ყველა გძულს მაშინ.
მხოლოდ მოსახლეობის მრავალრიცხოვნებით არ განისაზღვრება ერის მნიშვნელობა. მთავარია, მას გააჩნდეს უმაღლესი, საკაცობრიო ფასეულობები, და მათი პატივისცემის, დაცვის, გაფრთხილების, მეტიც – საყოველთაო სიყვარულის უნარი.
მალე დავრწმუნდებით, რომ ყველანი გადაჯაჭვული, ერთმანეთზე დამოკიდებულები ვართ: ადამიანები ჩვენ-ჩვენი სახელმწიფოებით, ცხოველები, მცენარეები, მიკრობები, ვარსკვლავები… ოღონდ, რაც შეიძლება მალე უნდა დავრწმუნდეთ ამაში და არა დიდი დაგვიანებით. ყველამ ერთმანეთი უნდა გადავარჩინოთ მანამდე, სანამ ამის უმწვავესი აუცილებლობა დადგება.
არც ბუნებრივ კატასტროფებს, არც სხვა მიზეზებს არ დაუხოცავს იმდენი ადამიანი, რამდენიც თავად ადამიანებმა დავხოცეთ ომებში (ასი ათასობით, მილიონობით)… ომებში – დღესაც ჩვენი ურთიერთობების გარკვევის უპირველეს და უმთავრეს საშუალებაში.
ომი უმარტივესი მოვლენაა, მშვიდობა – რთული. ომი რამდენიმე საათში, რამდენიმე დღეში ანგრევს ქალაქებსა და სოფლებს, ადამიანთა კავშირებს, რომლებსაც ათეულობით წლის, საუკუნეების განმავლობაში აგებდა მშვიდობა.
ცრუობენ ომზე გადაღებული დიდბიუჯეტიანი ფილმები, ომს კი არა, მიზეზთა გამო, სწორედ მშვიდობას ჭირდება მეტი ვაჟკაცობა და გაბედულება.
ომი და ბოროტება მონსტრის ნახტომებით გადაადგილდებიან პლანეტაზე, მშვიდობა და სიკეთე კი ბავშვის ნაბიჯებით დაიარებიან. ამიტომაც ადამიანი ომსა და ბოროტებას უმალ ამჩნევს და ხედავს, მშვიდობასა და სიკეთეს კი ვერც ხედავს და ვერც აფასებს. ამას ხომ გულით ხედვის უნარი ჭირდება და არა დამაბრმავებელი შიში.
პლანეტას მშვიდად როგორ უნდა ეძინოს, როდესაც ჩვენს, ზრდასრულებისა და “ჭკვიანების”, ომებში მოხვედრილი, გაუბედურებული და აქვითინებული, სასოწარკვეთილი ბავშვები ტელერეპორტიორებს ეუბნებიან – ” რაც ჩვენ აქ ვნახეთ, სუყველაფერს ღმერთს მოვუყვებით”.
დგება დრო, მშვიდობამ ფეხს აუჩქაროს!
და სანამ არ გაადამიანურდებიან პლანეტაზე ჩვენი დაწერილი თუ დაუწერელი წესები, კანონები, კოდექსები… სანამ არ გაადამიანურდება თავად ადამიანი, სულ მარადიული უბედურებების ზონაში ვიცხოვრებთ. და სულ, კიდევ და კვლავ, სხვა უამრავი წესის თუ კანონის შექმნას შევეცდებით, რომლებიც, ისევე ვერა და ვერ დაიცავენ ადამიანს ადამიანისაგან, კაცობრიობას კაცობრიობისაგან, როგორც დღემდე არსებულმა ათასობით წესმა და კანონმა ვერ მოახერხა ეს.
და, გარდა ამისა, ხომ შეიძლება, გამოჩნდეს ხვალ რაღაც სხვა, ახალი, ბევრად აგრესიული, უსწრაფესი მუტანტი-ვირუსი, აპოკალიფსური, სულ სხვა რიცხვით მონათლული, ვთქვათ, 366-ით, რომელიც უფრო ცინიკური ღიმილით დაგვმოძღვრავს:
– არ დაიღალეთ, საყვარლებო, ერთმანეთის ხოცვით ტყვიებითა და სიტყვებით? ახლა მე მადროვეთ, ჩაგენაცვლებით, თქვენ ხომ დაიმსახურეთ დასვენება? დარჩით სახლში! ხშირად დაიბანეთ ხელები! დაიცავით სოციალური დისტანცია!..
ან სულაც, ბოროტი უცხოპლანეტელები რომ დაგვესხნან?.. ყოველივე იმის შემდეგ, რაც თავს გადაგვხდა, ეს განა რა გასაკვირი იქნება (თუმცა, მომიტევეთ ერთხელაც, აქაც გავლენა გამეპარა! გალაქტიკათა შორის ომების ფილმების).
ჩვენ კი მანამდე შევძლებთ, კვლავ ვიპოვოთ, კვლავ აღმოვაჩინოთ ერთ დროს დაკარგული ჯადოსნური სიტყვები? მკურნალი სიტყვები, გულწრფელი, მაცოცხლებელი? ოსტატურად ჩამოქნილი სიტყვების ფორმულა, გამთბარი ერთმანეთის თანაგრძნობით, სიყვარულით? ფორმულა, რომელიც აწყობს ყველას? ფორმულა, რომელიც კი არსებობს სადღაც, დროსა და სივრცეში, მაგრამ მისი ძებნა ჯერჯერობით არ დაგვიწყია… შევძლებთ კი ასეთ გარდასახვას, ასეთ გარდაქმნას?..
სახელმწიფოებს შორის ქრონიკული ომებით დანაღმული სივრცეებია გაწოლილი.
ამ სივრცეებში, თავდაპირველად, მხოლოდ იმ ახალმა ადამიანებმა უნდა დაიწყონ სვლა, რომლებმაც კარგად იციან დანაღმულ ველზე სიარული. ადამიანმა-იმედებმა, ადამიანმა-მხსნელებმა, პლანეტარულმა ადამიანებმა, რომლებიც მხოლოდ გვიან, ან ძალიან გვიან, ჯოჯოხეთური ვითარებისას, გვახსენდებიან. რომლებმაც იციან საუბარიც და იმ საჭირო სიტყვების მისტერიული საიდუმლოც იციან, რომლებიც ხალხებს, ერებს შორის იმ სიტყვებით ხიდებს აგებენ. აშენებენ ხიდებს და არ ანგრევენ! და როგორც წესი, ყველა დროში, მათ მასობრივ ლოგიკას დამორჩილებული ადამიანები წირავდნენ (შემდეგ კი ძეგლებს უდგამდნენ, ქუჩებსა და მოედნებს მათ სახელებს არქმევდნენ).
ასეთი ხიდების მშენებელი ადამიანების უმრავლესობა ახალ თაობებშია.
იმ ახალგაზრდებში, რომლებსაც აქვთ სრულიად ახალი ხედვისა და სრულიად ახალი, დღეს წარმოუდგენელი გადაწყვეტილებების მიღების ნიჭი. იმ ხედვისა და იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც სრულიად ახალ ჰორიზონტებს აღმოგვაჩენინებენ. მჯერა და მწამს მათი, რომლებიც დღეს „ხვალ“ კი არა, „ზეგ“ ცხოვრობენ და იქიდან იმაზე ბევრად მეტს ხედავენ, ვიდრე ჩვენ ვხედავდით გუშინ და გუშინწინ.
ამ გზაზე, ამ სვლისას, ცალ-ცალკე ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაიმარჯვებს. ეს კაცობრიობამ საკუთარ თავზე, ანუ კაცობრიობამ კაცობრიობაზე უნდა გაიმარჯვოს, საკუთარ თავთან ამდენი მძიმე და დამღლელი დამარცხების შემდეგ ფერფლიდან აღდგომის, ერთიანი, განახლებული სულიერების მძაფრი შეგრძნებით.
მხოლოდ ასე დაგვიბრუნდება ყველას საუკუნეების ლაბირინთებში ჩაკარგული საერთო ღირსება და ჩვენი მთავარი ფუნქცია – გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ადამიანი! და პლანეტა სრულიად, რომელიც მართლაც არ ეკუთვნის მარტო ადამიანს.
ჯერ კი, ცოტა ხნით, ასე უნდა ვიცხოვროთ – ვისხდეთ სახლებში, ხშირად დავიბანოთ ხელები და დავიცვათ სოციალური დისტანცია. აბა როგორ – ასეთ დროს თუ თავს იცავ, პლანეტასაც იცავ! ყველას! და ამ მოულოდნელი განდეგილობისას ვიფიქროთ ხვალინდელ დედამიწაზე.
ჩვენი ხსნა სწორედ დღევანდელის მსგავს ერთიანობაშია, მაგრამ უფრო იმ ერთიანობაში, რომელიც ნებისმიერ ერთიანობაზე ბევრად მეტი იქნება. იმ სოლიდარობაში, რომელიც ნებისმიერ სოლიდარობაზე ბევრად მეტი იქნება. იმ ურთიერთპატივისცემაშია, რომელიც მეტი იქნება ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის გაფრთხილების დღევანდელ გაგებაზე.
ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ ფიზიკური დისტანცია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიცვათ დისტანცია გულებს შორის! დღეს მითუმეტეს!
რადგანაც სიყვარული და სინდისი და გონის გამოცდილება ისტორიულად ნაცადი მასალაა ახალი სიტყვებით პლანეტარული ხიდების ასაგებად, ახალი სამყაროს ჰარმონიული მშენებლობისთვის.
თუკი ოდესმე კარგი რამ გაკეთებულა დედამიწაზე, მხოლოდ და სწორედ მათი შემწეობითა და მათი თანაჰარმონიით გაკეთებულა.
- 12-15 აპრილი