სიახლე

თემურ ჩხეიძე სპექტაკლზე “… ზღვა, რომელიც შორია…” და არა მარტო
Темур Чхеидзе о спектакле “… Далекое, далекое море…” и не только
Temur Chkheidze about the play “… Far, Far Sea …” and not only
თემურ ჩხეიძე
დრო გვჭირდება, დრო…
მონოლოგი
სოხუმის თეატრს, ბავშვობიდან, დიდ პატივს ვცემდი. ტრადიციულად ყოველთვის… ძლიერი, ქართულ თეატრებს შორის გამორჩეული თეატრი იყო და ყოველთვის ერთ-ერთ წამყვან ძალად ითვლებოდა. არც ერთი სპექტაკლი, არასდროს, აქ, საყველპუროდ არ დადგმულა… გადიოდა დრო, იცვლებოდა თაობები, სოხუმის თეატრი კი თავის სიმაღლესა და დონეს ინარჩუნებდა!
როდესაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი გახდა, რამდენჯერმე მთხოვა, იქნებ ერთი სპექტაკლი დაგვიდგათო……
უბრალოდ არ ვიცოდით, რა უნდა დაგვედგა…
… და ბევრი შეხვედრისა და საუბრის შემდეგ ვუთხარი, _ ზოგადად კარგი პიესის დადგმა არ მაინტერესებს, თუ დავდგამ, ისეთს, რომ ჩვენი აფხაზეთის უაღრესად მტკივნეულ პრობლემას შევეხოთ-მეთქი…
ოღონდ კატეგორიულად არ მინდოდა სპექტაკლი-სასამართლო და მტყუან-მართლის გარჩევა!
დამნაშავის მუდმივი ძიება და პოზიცია, რომ მე ყოველთვის კარგი ვარ და სხვაა ჩემს წინაშე დამნაშავე, რა საკითხიც არ უნდა იყოს, საჩოთირო და სახიფათო გზადაც კი მიმაჩნია…
ძალიან რთულია, მაგრამ ადამიანმა ყოველთვის საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს ძიება, მე რა შემეშალა, სად არის გამოსავალი?..
იდეალურ შემთხვევაში, ისეთი სპექტაკლის დადგმა მინდოდა, რომელიც ამაზე ლაპარაკის, ამაზე აზროვნების საშუალებას მომცემდა, რომ ერთად გვეფიქრა, რა მოხდა, რატომ, რანაირად?.. რომ ერთ მიწაზე მცხოვრები ადამიანები ასე გადაემტერნენ ერთმანეთს… რადგან არ შეიძლება, ეს ერთი, ორი ან ასი ადამიანის ბრალი იყოს…
მე და დიმამ კი ვილაპარაკეთ, მაგრამ მასალა?.. და დიმას ვუთხარი:
ეს ამბავი ყველას ერთნაირად სტკივა, მაგრამ, შენ, რომელიც უფრო იცნობ იმ მიწიდან დევნილ ადამიანებს, ნუთუ მათში არ გეგულება მწერალი, რომელმაც სხვებთან ერთად გამოიარა ყველაფერი?..
და დიმამ დამისახელა გურამ ოდიშარია… სოხუმელი კაცი, ქართველი მწერალი, რომელსაც ყველა ძალიან დიდ პატივს სცემდა…
დიმამ შეკრიბა ყველაფერი, რაც გურამს ჰქონდა დაწერილი და წასაკითხად მომიტანა.
ეს ის პერიოდია, როცა მე ნახევარ დროს პეტერბურგში ვატარებდი, დიდ დრამატულ თეატრში ვდგამდი სპექტაკლს, მერე აქ ჩამოვდიოდი, აქ ვდგამდი… მერე კვლავ იქ მივდიოდი… და ვიყავი ასეთ მისვლა-მოსვლაში…
გურამის მოთხრობები წავიკითხე და მომეწონა…
მერე მე და გურამმა ერთმანეთი გავიცანით.
ბატონი გურამ ოდიშარია, გარდა იმისა, რომ კარგი მწერალია, შესანიშნავი ადამიანი აღმოჩნდა, კრისტალური პატიოსნების კაცი, უტყუარი რეპუტაციის მქონე… მან რაღაც ისეთი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში, რასაც სიტყვებით ვერც ვამბობ… ძალიან ბევრ… რამეში აზროვნებით დავემთხვიეთ ერთმანეთს… ასე მგონია, მან რომელიღაც ცარიელი ადგილი შეავსო ჩემში, ჩემს ცხოვრებაში თავისი ადგილი დაიკავა…
მე შევიძინე ეს ადამიანი!..
არ დამიწერია პიესაო!..
ძალიან კარგი, ვცადოთ-მეთქი…
მის ნაწარმოებებში…იმდენი ისტორიები ამოვიკითხე… იმდენ რამეს ყვებოდა, რისი თვითმხილველიც თვითონ იყო…
ხშირად მიფიქრია, გურამი იქნებოდა ეს, დიმა თუ ვინმე სხვა, ვინც ჭუბერზე გადმოვიდა, ვინც ეს ჯოჯოხეთი გამოიარა… რომ ისინი არ ყვებიან ყველაფერს… სულო ცოდვილო, განა მალავენ, არ უნდათ თქმა, არ უნდათ მოყოლა… რადგან სტკივათ, რადგან ისეთ რამეებს შეესწრნენ, რისი გახმაურებაც არ უნდათ…
და ჩვენ ასე შევთანხმდით, – მოდი, ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რა იქნება მთლიანად, მოდი, ჯერ ამბები დავაგროვოთ, და მერე…
მე მივდიოდი პეტერბურგში, ჩამოვდიოდი… გურამი რაღაცებს მახვედრებდა…
ძალიან კი გავაწვალე, ალბათ, პიესის სამი ვარიანტი დაწერა, მაგრამ მგონია, რომ დაახლოებით იმას მივაღწიეთ, რაც გვინდოდა…
სპექტაკლზე მუშაობისას, ჩემი ასისტენტი, ბადრი წერედიანი იყო, აფხაზეთიდან დევნილი. მსახიობებთან პირველი მოთელვა მას ვანდე.
მსახიობები კი იყვნენ: დიმა ჯაიანი, მერაბ ბრეკაშვილი, ლილი ხურითი, ნუგზარ ჩიქოვანი, მერაბ ყოლბაია…
ერთ-ერთი ჩამოსვლისას, კიდევ ერთი საკითხი დავსვი: სპექტაკლი რუსულად უნდა გვეთამაშა…
იმიტომ, რომ ცხოვრებაში, ქართველებიც და აფხაზებიც, ერთმანეთს, უმეტესად რუსულად ელაპარაკებოდნენ და ეს უნდა შევინარჩუნოთ-მეთქი…
პიესა თავიდან ქართულად იყო დაწერილი, მერე თანდათან გავურიეთ პატარა ეპიზოდი მეგრულად, რაღაც მონაკვეთები _ რუსულად, რაღაც _ ქართულად, აფხაზურიც გაჩნდა… მთავარმა მოქმედმა გმირმა მშვენივრად იცის ქართული, ყველაფერი ესმის, მხოლოდ, როცა ბრაზდება, მაშინ იწყებს ქართულად ლაპარაკს…
შეიძლება, ადამიანმა იცოდეს რუსული და ნებისმიერი სხვა ენა, მაგრამ სცენისთვის ენის მოტეხვა და არამშობლიურ ენაზე თამაში, არ არის იოლი… მსახიობებს ამის გამოცდილება არ ჰქონდათ, მაგრამ აგვყვნენ, მსახიობები არიან და თავისი საქმე იციან. თუმცა ზოგიერთს გაუძნელდა და დაიტანჯა კიდეც.
მუშაობის დროს ძალიან მიყვარს ირიბი საუბარი… არა მთავარზე, როდესაც ადამიანს პირდაპირ კი არ ეუბნები, მე შენ მიყვარხარ!.. არამედ, როდესაც ადამიანი ერთზე ლაპარაკობს და მეორე უნდა ამოიცნო… ეს რაღაც იდუმალებას ჰქმნის, თუმცა იდუმალება სულაც არ ნიშნავს საიდუმლოს. განა, გარკვეულ მომენტამდე ჩვენ ყველაფერს გახსნილად ვამბობთ?.. კი არ ვმალავთ, არა, უბრალოდ ხომ არ შემაწუხებ?.. ან რატომ უნდა მოგახვიო თავს ჩემი განცდები და აზრები?.. საინტერესო სწორედ ისაა, სადაც არაპირდაპირადაა ნათქვამი, სადაც ერთზე ფიქრობს ადამიანი, პარალელურად კი სხვაზე ლაპარაკობს და უნდა მიხვდე ამას… თუ ზუსტად ვერ მიხვდები, იმას მაინც ხომ გაიგებ, რომ ამ კაცს რაღაც აწუხებს…
ამდენი წელია ვუყურებდი ლილი ხურითს და ვთვლიდი, რომ კარგი მსახიობია! ეს ნატიფი გარეგნობის ქალი, თანაც ერთადერთი ქალი ამ სპექტაკლში, ისე ადვილად წამომყვა თავისი საკმაოდ თავშეკავებული როლით, არაპირდაპირი ტექსტით, რომ მუშაობისას ძალიან საინტერესო თვისებები გამოავლინა… მთელ სპექტაკლში ორი თუ სამი პატარა ეპიზოდით ირკვევა, რომ ქმარი დამარხა, მაგრამ წესიერად არც იცის, ის დამარხა თუ ვინმე სხვა… ვერც მშობლებს ეუბნება და ვერც ვერავის… არ იცის, რა ქნას… – იქნებ სამარეში ის წევს, ვინც ჩემმა ქმარმა მოკლაო… – და ამ სიტყვებს იგი თავის ქართველ მეგობარს უმხელს…
ჩემთვისაც რამდენი რამ იყო ამოსაცნობი… როგორ უნდა ეთამაშათ, როგორ მიეღწიათ საჭირო მდგომარეობისთვის?.. სიმართლისათვის?..
და ორნი, მე და ლილი, გზას ფაქიზად ვიკვლევდით….
ყოველ მათ როლში სხვადასხვანაირი ამგვარი ნაღმი იყო ჩადებული, განსაკუთრებით იმ ორ მთავარ როლში, რომლებსაც ჯაიანი და ბრეკაშვილი ასრულებდნენ…
მე და გურამს სულ გვეგონა, რომ რაღაც გვაკლია და გამუდმებით ვფიქრობდით, რა დაგვემატებინა… ზოგიერთი ეპიზოდი, რომელთა გარეშე სპექტაკლი ახლა ვერ წარმომიდგენია, მუშაობისას, რეპეტიციებზე გაჩნდა. ვეუბნებოდი, – გურამ, იცი რა გვჭირდება?.. და ისიც, მეორე დღესვე მოიტანდა გაწმენდილ, დამუშავებულ ვარიანტს ტექსტისას… – იქნებ, ეს გამოდგესო…
მის ნაწარმოებებში, მის რომანებში, ბევრ ისეთ რამეს იპოვნის ადამიანი, რასაც მწერლის ყნოსვას ვუწოდებ…
მაგალითად, ერთგან არის, ალბათ, სოხუმის დაბომბვის ეპიზოდი… სანაპიროზე ძაღლი მორბის და ფიქრობს, – კაცო, ეს დედამიწა მხოლოდ ადამიანებს ეკუთვნითო?
აი, ეს არის ჩემთვის მთავარი აზრი!
როდესაც ერთ ფრაზას, ერთ სიტუაციას შეუძლია ყველაფერს ნათელი მოჰფინოს და მთელი ის სინამდვილე სახიერი გახადოს.
ანდა ჩვენი სპექტაკლის საფინალო ეპიზოდი…
_ სანაპიროზე თოვს… მე სანთლები უნდა დავანთOო…
_ რანაირად უნდა დაანთო?.. კარგი, ჯანდაბას, დაანთე, ოღონდ ჩქარა, საზღვარი დროზე უნდა გადაკვეთო, თორემ ფათერაკში გაეხვევი…
იმიტომ რომ მის საბუთს ვადა გაუვიდა და აფხაზებს მიჰყავთ…
და ის სანთლებს უნთებს აფხაზეთში დარჩენილ ცოცხლებსა თუ მკვდრებს…
პრემიერა 2005 წლის სექტემბრის ბოლოს შედგა.
გურამ ოდიშარიამ მითხრა, ასე მახსოვს 24 სექტემბერსო!
ჩვენი სპექტაკლის მხატვარი შმაგი სავანელი იყო.
სპექტაკლისათვის, დარბაზი და მთელი თეატრი, სამეფო უბნის თეატრმა დაგვითმო… რომელსაც საერთოდ ავუყირავე ცხოვრება, მაყურებელი სცენაზე დავსვი, ჩვენ აივნებზე ვთამაშობდით, დაბლა, იატაკზეც… პარტერის მხარეს, თეატრმა ტრიბუნა აგვიშენა, რომელიც სულ უფრო და უფრო მაღლა ადიოდა, 12 თუ 14 რიგი იყო, აქეთა მხარეს კი, მეორე და მესამე რიგებს შორის, ზუსტად ისეთი ჯებირები დავაყენეთ, ზღვის სანაპიროზე რომაა…
და პირველსავე დღეს, რეპეტიციაზე, თეატრის ჩამცმელმა ქალებმა, ამ ჯებირების ფერება და მოთქმით ტირილი დაიწყეს… ხომ იცოდნენ, რომ ბუტაფორია იყო და მაინც, ეს ჯებირები იქ, სოხუმში დატოვებულ ჯებირებს ჰგავდა…
არ მახსოვს, როგორ მოგვივიდა აზრად, ან ვინ თქვა პირველად, მაგრამ მერე მე დავიჩემე: რაღაც ისეთი უნდა იყოს სპექტაკლში, მარტო აფხაზეთს თუ არა, ზღვას რომ ახასიათებს-მეთქი… პირველი, რასაც სოხუმში ჩასვლისას ვგრძნობდით, ხომ ევკალიპტის სურნელი იყო…
და დაიწყო ევკალიპტის სურნელების ძებნა… რაღაც საშუალებებიც მოვძებნეთ, ჩავაწვეთეთ თეატრის ვენტილაციაში, მაგრამ შენც არ მომიკვდე…
პლაჟზე სიარულისას ხომ სულ კენჭების ხმაური დაგდევს… მოიტანეს კენჭები, დაყარეს… მათი ხმა ხან ისმოდა, ხან – არა…
პრემიერის შემდეგ, სპექტაკლი ერთნიშნად არ მიუღიათ, ზოგიერთმა, საკმაოდ ახლობელმა, პირდაპირ მითხრა, – არ გეთანხმებიო…
ბედნიერი ვარ იმით, რომ მყავს ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ გულახდილად მითხრან, როცა რამე არ მოეწონებათ.
_ ნუ მეთანხმებით-მეთქი!..
ყველა ადამიანს აქვს თავისი პოზიცია… ვიცი, მესმის, რომ ამ ადამიანებს იმხელა ჭრილობა აქვთ, უნდა სიმართლე ბოლომდე გაიტანონ…
კი, ბატონო, მეც ეს მინდა, ოღონდ მე მინდა არ შემეშალოს!
თორემ არ ვარ იმის მომხრე, ჩვენ დავიბრალოთ ყველაფერი…
ჩვენ კი არ დავიბრალოთ, ჩვენ გამოვიძიოთ!..
ყველაფერი ერთად გვჭირდება, ალბათ… სიმამაცე, ერთმანეთის გატანა…
იქნებ ჩვენც ვაშავებდით რამეს?.. იქნებ რაღაცას ზედმეტს ვაკეთებდით იქ?..
ძალიან მტკივნეული თემაა…
არ ვამბობ, რომ ჩვენი ბრალია ყველაფერი, მაგრამ მტრის ხატის მხოლოდ სულ სხვაში პოვნა და საკუთრად თავაწეული ყოფნა, რომ მე ვარ მართალი, მხოლოდ ამპარტავნებაა…
როცა ცოლ-ქმარი ეყრება ერთმანეთს, მხოლოდ ერთი არ არის დამნაშავე… ასე მგონია მე… როცა ორი მეგობარი ჩხუბობს, როცა ორ მეგობარს რაღაც სამდურავი აქვს ერთმანეთში, შეიძლება ერთი უფრო მეტადაა დამნაშავე, მეორე _ უფრო ნაკლებად, მაგრამ მხოლოდ ერთი პოზიციიდან არ შეიძლება თემის შეფასება, მხოლოდ ერთი პოზიცია, ვისიც არ უნდა იყოს, არ არის სწორი. მარტო მე ვარ მართალი, დანარჩენები მტყუანები არიან, არ არის სწორი პოზიცია!..
მაგრამ სულ ეს მაწუხებს, რატომ გააკეთეს?..
არ ვიცი, რატომ გააკეთეს… არ ვიცი…
ახლა უკვე ამ აზრისა ვარ… კი, ბატონო, არის მესამე ძალა, მაგრამ ეს ორი ძალა რომ ერთად ყოფილიყო, ვნახავდი, მესამე ძალა რასაც გააკეთებდა…
დიდი ხანია ვფიქრობ ამ თემაზე… მორჩა, გატყდა…
ახლა ნულიდან არის დასაწყები, ნელა, ნელა…
ახლა ამას ესაჭიროება წლები, ათწლეულები…
ნელა… ნელა…
გურამი მხოლოდ იმას ამბობს, რომ რთულად არის იქ ყველაფერი. მეც არ ვეკითხები… არ ვაგდებ უხერხულ მდგომარეობაში. Iის ამბობს, რომ ერთადერთი გზა მაინც პირადი კონტაქტები და პოლიტიკური ურთიერთობებია. უკვე წამოვიდა თაობა, რომელიც აქ, თბილისშია და არც ახსოვს, რომ აფხაზეთში ჰყავდა წინაპრები და იქაც, წამოვიდა თაობა, რომელსაც არ ახსოვს, რომ იქ იყვნენ ქართველები…
არ შეიძლება, რომ არ იყოს გამოსავალი…
და ამიტომაც მინდოდა ამ სპექტაკლის დადგმა…
სპექტაკლს ხუთი თუ ექვსი წელი თამაშობდნენ.
მგონი სოხუმშიც გაიგეს მის შესახებ.
ვიცი, რომ სოხუმის უნივერსიტეტში აჩვენეს სპექტაკლის DVD ჩანაწერი, მერე გარჩევაც ყოფილა, როგორც ოდიშარია მეუბნება, ქართველებს, აფხაზებს, კავკასიელებს პერიოდულად, დელეგაციებით რომ იკრიბებიან ხან სომხეთში, ხან აზერბაიჯანში, რამდენჯერმე ერთად უნახავთ სპექტაკლის ჩანაწერი.
ვიცი, რომ აფხაზების გარკვეული ნაწილი არ ელოდა, ასე თავისუფლად თუ დაიდგმებოდა ქართულ სცენაზე სპექტაკლი, სადაც დაუფარავად ილაპარაკებდნენ აფხაზი და ქართველი…
ეს აფხაზებსაც უბიძგებს რაღაცაზე დაფიქრებისაკენ!
როდემდე უნდა ვმალოთ? ახლა აღარ არის დამალვის დრო!.. ახლა უნდა გავხსნათ ყველაფერი!.. თავი და თავი რუსეთია, მაგრამ არ იქნებოდა რუსეთი, ჩვენ და აფხაზებს რომ წესიერად მოგვევლო ყველაფრისათვის, ამაში დარწმუნებული ვარ…
თუმცა შეიძლება მეშლება…
გავა წლები და ცხოვრება გამოსავალს დაგვანახებს… არ შეიძლება, რომ ასეთი მეზობლები, ასე დაშორდნენ ერთმანეთს, არ შეიძლება, არ ხდება ასე…
დრო გავა, მოშუშდება ჭრილობები…
ამდენი სისხლი, ამდენი დაღუპული… ასე მომენტალურად არ ხდება შერიგება… ჩვენი და მათი აქტიური მცდელობაა საჭირო… სურვილი უნდა იყოს დიდი, რომ აღდგეს ურთიერთობები… მე მარტო ამაში ვხედავ გამოსავალს… ბრძანებით გაკეთებული, მეორე დღეს, ისევ სისხლს გამოიწვევს…
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ თემაზე იყო, ჩვენ პოლიტიკურ სპექტაკლს არ ვაკეთებდით, კატეგორიულად… არ შემიძლია…
ჩვენ ვაკეთებდით იმაზე, რომ ერთმანეთისათვის უახლოესი ადამიანები, ერთად გაზრდილები, ერთად რომ ცხოვრობდნენ ერთ გოჯ მიწაზე და სისხლი და ხორცი არ იყვნენ ერთმანეთის, თორემ ამათი დაშორება რანაირად შეიძლებოდა? სწორედ ესენი აღმოჩნდნენ ასეთ დღეში… ასეთ ახლობელ ადამიანებს ასე შესძულდათ ერთმანეთი…
სხვათა შორის, ჯავახიშვილი ხომ ამბობს, რომ სიყვარულია სიძულვილის მშობელი, თორემ სიძულვილი სიყვარულს ვერ შობსო…
ამაზე იყო ეს სპექტაკლი!
მერე, როცა ეს შეცდომა მოხდება და ორმხრივ არიან დახოცილები და სისხლია დაღვრილი, ძალიან ძნელია, გამოსავლის პოვნა… თუ არც ერთმა მხარემ არაფერი დათმო, არაფერი გამოვა…
ამაზე იყო ჩვენი სპექტაკლი!
მარტო ლოზუნგები, მარტო საქართველოს გაუმარჯოს შეძახილი, ვერ გვიხსნის… ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს გაუმარჯოს…
რამდენჯერ მიფიქრია ბალადაზე ვეფხი და მოყმე… განსაკუთრებით, მაშინ, როცა ამ სპექტაკლს ვდგამდი. უმეტესობას, რომ ჰკითხო, რა არის მთავარი მასში?.. იტყვის, –ერთი შვილ ხომ მაინც გაგზარდე, ვეფხებთან მეომარია…
მე კი მგონია, რომ მთავარია, -`წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა ჭირისა, იქნება ვეფხის დედაი, ჩემზე მწარედა სტირისა…
მე ასეთი ტენდენციის მომხრე ვარ, – იქნებ ის ჩემზე მწარედ სტირის…
ამას ვამბობ და არა იმას, რომ ბოდიში მოიხადოს ვინმემ…
არ მაინტერესებს ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი… არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ მართლები და არც ისინი არიან მართლები, არავითარ შემთხვევაში… როგორც კი ამაზე ფიქრი იწყება, თუ ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, კიდევ ათი წლით გადაიწევს საქმე… როგორ გადავდგა პირველი ნაბიჯი?.. როგორ და…
კიდევ დრო გვჭირდება, ეტყობა, ჩვენც და იმათაც…
დრო გვჭირდება… დრო…


მასალა მოამზადა მანანა თევზაძემ. 2019