ფრაგმენტები რომანებიდან

" ხშირად ჩვენ სამუდამოდ ვპოულობთ იმას, ვისაც სამუდამოდ ვკარგავთ. "

ნეტავ რა ჰქვია იმ დროს, როდესაც ახალგაზრდობა მიდის და სიბერე არ მოდის? როცა აცილებ წლებს, როგორც მთვრალ სტუმრებს და მაინც ახალგაზრდობაგაგრძელებული რჩები... გვიან, მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მთელი ცხოვრება შენკენ მივდიოდი და ამიტომაც სიბერე გზადაგზა მივივიწყე.

პრეზიდენტის კატა. 2008

***
სტალინის სიკვდილის შემდეგ, ფაშიზმზე გამარჯვებულ, მეორე მსოფლიო ომში ოც მილიონ მოქალაქედაღუპულ (წინა წლებში უამრავ ადამიანდახვრეტილ) საბჭოთა კავშირს, იგივე _ პლანეტის ერთ მეექვსედს, XX საუკუნის ოთხმოციან წლებში, ყოვლად მოულოდნელად, მოსალოდნელი რყევები დაეწყო.
მის ფოლადის გიგანტურ კარკასს ვერა და ვერ ამტკიც-ანივთებდნენ საგულდაგულოდ გამოჩარხული ხუთკუთხა ემბლემითა და შესაბამისი წარწერით დამშვენებული ვერცხლისფერი ჭანჭიკები _ „Со знаком качества~.
ვერც სამხედრო პარადები.
ვერც ფიცი-მტკიცები.
ვერც КГБ.
დაიწყო და დაიწყო და დაიწყო… ახალ ბაბილონს წყალი შეუდგა.
კარგად მახსოვს, ზოგიერთი იმასაც ასაბუთებდა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სსრკ-ს მხოლოდ ის მიზეზიც დაფშვნიდა, რომ ის დახვრეტილი ბავშვების _ ალექსი რომანოვისა და მისი დების სისხლზე ააგესო. და განა მარტო მათი, სხვა ბავშვების სისხლზეცო.
ასეც იყო.
ამასა და სხვა დანარჩენზე უამრავი რამ ითქმოდა წარსულში. უამრავი რამ ითქმება მომავალშიც.
მოკლედ, იქ, კომუნისტურ სამშობლოში, ახალი, გაუგებარი, „სხვა~ დრო იფოთლებოდა, იზრდებოდა, ღონიერდებოდა, ემზადებოდა აბობოქრებისათვის.
კომუნისტური პარტია, რომელსაც, ერთ დროს, ერთმა გზააბნეულმა გენიოსმა ეპოქის გონება, სინდისი და ღირსება უწოდა, ნიშნავდა და ათავისუფლებდა მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების, ასევე _ ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ხელმძღვანელებსაც.
და, რა თქმა უნდა, არც აფხაზეთი იყო გამონაკლისი. კრემლის კედელთან სტალინის დასაფლავებიდან სსრკ-ის დემონტაჟამდე, აფხაზეთში კომპარტიის რამდენიმე პირველი მდივანი შეიცვალა. თითოეულმა `პირველმა~ აფხაზეთის ცხოვრებაში თავისი კვალი დატოვა.
მაგრამ მათ შორის, ერთი განსაკუთრებული გახლდათ _ მიხეილ ბღაჟბა, მიხეილ თემუროვიჩი.
ბღაჟბა ხრუშჩოვის მმართველობის დროს მოღვაწეობდა და მის საქმიანობასაც ნაწილობრივ იმ პერიოდის სულისკვეთება განსაზღვრავდა. თუ სხვა ხელმძღვანელებმა, ასე თუ ისე, ზედმიწევნით პარტიულ-დისციპლინირებული პედანტობით შეინარჩუნეს იმდროინდელი ლიდერის კლასიკურ მოდელს მიახლოებული იერი, ბღაჟბა ამას არც კი ცდილობდა _ ის ბევრისთვის გაუგებარი, სრულიად უცნაური წესით ცხოვრობდა.
მართალია, ხრუშჩოვის დარად, ისიც სტალინური ფოლადის პერიოდის ბევრი შემბოჭველი თვისებისგან სრულიად თავისუფალი არ გახლდათ, მაგრამ ამავე დროს, თითქოს ბუნების ჩაუწვდომელი კანონების წყალობით, ძერწავდა თავისსავე _ ფრიად ეგზოტიკურ-პიკანტური თავკაცის სახეს. ამ საქმეში თანასწორად და პარტნიორად, წარმატებულად და ჰარმონიულად მოქმედებდნენ ის პერიოდიცა და მიხეილ ბღაჟბაც. ამის მიღწევა კი მხოლოდ ძალიან ნიჭიერ, ან თავისებურად ძალიან ნიჭიერ კაცს შეეძლო.
მართლაც, ხანდახან წინასწარგანსაზღვრულივით შეხვდებიან ხოლმე ერთმანეთს დროის რომელიმე განსაკუთრებული მონაკვეთი და ზუსტად იმ მონაკვეთს მისადაგებული ადამიანი. სწორედ ასეთი იყო XX საუკუნის მეორე ნახევრის აფხაზეთი და ბღაჟბა. მიხეილ ბღაჟბა. მიხეილ თემუროვიჩი.
ყოველთვის ასე, _ „მიხეილ თემუროვიჩ~ _ მიმართავდნენ მას. და მხოლოდ ამ სახელით, უფრო ზუსტად, საკუთარ და მამის სახელშერწყმული სახელით მოიხსენიებენ ახლაც („მიხეილ თემუროვიჩ~), ისინი, რომლებიც პირადად იცნობდნენ მას და რომლებიც უკვე თითო-ოროლაღა შემორჩნენ წუთისოფელს, ანუ რომლებსაც მეტი ნაცნობი უფრო საიქიოსა ჰყავთ, ვიდრე სააქაოს.
საერთოდ, რუსული „ვიჩ~-ი, ისევე, როგორც სრულიად საბჭოთა ბიუროკრატიულ სივრცეში, რა თქმა უნდა, აფხაზეთის სახელმწიფო დაწესებულებებშიც ხშირად გაისმოდა. კომკავშირულ ორგანიზაციებში 19-20 წლის ბიჭები სულ ამ „ვიჩებით~ მიმართავდნენ ერთიმეორეს: დავით ნიკიფოროვიჩ, ვლადიმირ დურმიშხანოვიჩ, გიორგი ვლადიმიროვიჩ… რა თქმა უნდა, ნაღვლიან-ირონიული ღიმილის მომგვრელი იყო ის, რომ ლენინისთავა სამკერდენიშნიანი ბიჭუკელები „ვიჩ~-ების სოლიდურად წარმოთქმას, ჰალსტუხის სწორად განასკვნასა და პირის პარსვას ერთდროულად სწავლობდნენ. კიდევ _ ეფექტური სადღეგრძელოების ყოჩაღად და საქმიანად წარმოთქმას ითვისებდნენ გამოცდილი პარტიულ-სამეურნეო მუშაკებისაგან. ასე ვთქვათ, „იზრდებოდნენ~. ეს ყოველივე და კიდევ უამრავი რამ მათ „დიდი და თბილი~ სავარძლების დასაპყრობად სჭირდებოდათ. ისე იწვრთნებოდნენ, ვითარც სპეცრაზმელები, რომლებმაც მძევლად მომავალი უნდა აიყვანონ, თან სწრაფადაც და ყოველგვარი „იაღლიშების~ გარეშე.
სამოციანი წლების დასასრულის სსრკ-ში, საბჭოთა იდილიის კომუნისტური კაპიტალიზმის აღმოცენების ხანაში, ჰორიზონტზე გამოჩნდა და სწრაფი განვითარება დაიწყო ორად გახლეჩილმა _ კოსმოსისა და კომფორტისაკენ გასწრაფულმა ახალმა თაობამ, ანუ იგივე, თაობამ _ მეოცნებეებისა და პრაგმატიკოსებისა, იგივე _ ლირიკოსებმა და კომფორტის ხალხმა…
ასეთ დროს სულ სხვა იყო, სულ სხვაგვარად ჟღერდა აფხაზეთში ერთი კაცის სახელი, მამის სახელი და გვარი _ „მიხეილ თემუროვიჩ ბღაჟბა~.
„ვიჩი~ „ვიჩად~, მაგრამ ყველა, ვისგანაც გამიგონია „მიხეილ თემუროვიჩი~, წარმოთქმისას რაღაცნაირ მელოდიურობას აფენდა ამ ორ სიტყვაში და რატომღაც სახე უნათდებოდა.
„მიხეილ თემუროვიჩი~ მათთვის, ვინც კარგად იცნობდა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთი სახელივით ჟღერდა _ „მიხალთემუროვიჩ~ და არა მის სახელ-მამის სახელივით.
და მეც შევეცდები, „მიხალთემუროვიჩი~ ერთი, მსოფლიოში იმ ერთადერთი, უნიკალური სახელივით მოვიხმო ამ წიგნში და მისი მეგობრების თუ ახლობლების ინტონაციით გავიმეორო და არა ქართული ენისათვის უფრო უპრიანი „ბატონი მიხეილით~, „მიხოთი~, „მიხათი~, ან სულაც _ „მიშათი~. თუმცა, ხომ ვიცით, რომ ეს „ვიჩ~-ები ქართული ენისათვის უხეშად ჟღერს და, საერთოდ, კომუნისტურ სამშობლოსთან ერთად ისიც პოლიტიკურ წყალდიდობებს გაჰყვა. მიუხედავად ამისა, მაინც შევეცდები.
მგონი, უკვე გამომდის კიდეც. აბა, მიაყურადეთ _ „მიხეილ თემუროვიჩ~… ხომ განსხვავდება იგი პარტიულ-ბიუროკრატიული „მიხეილ თემუროვიჩისაგან?~
რა თქმა უნდა, განსხვავდება. ოღონდ მიყურადებაა საჭირო და მაშინ „მიხეილ თემუროვიჩი~ ჭეშმარიტ „მიხალთემუროვიჩს~ დაემსგავსება.
მთელი ქვეყანა მისი მეგობარი იყო. სრულიად უცნობზეც ასე იტყოდა _ მეგობარია ჩემიო.
ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აფხაზეთის საოლქო კომიტეტს პირველკაცობდა, მერე სულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მუშაობდა, გენეტიკოსი გახლდათ (არა, მის ნეკროლოგს როდი ვწერ).
თავის ერთ მეგობართან ერთად ალფრედ ნობელზე ისე ლაპარაკობდა, თითქოს ნობელი მისი სისხლით ნათესავი ყოფილიყო (ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ. ჯერ კი ვიტყვი, რომ მოხიბლული იყო ნობელით, უფრორე, მისი პრემიით).
იაპონელ მილიარდერთან, მასავით მოუსვენარ კაცთან _ ტაიდაი კასიოსთან მეტად საოცარ ხელშეკრულებებს აწერდა ხელს (ამაზეც _ ქვემოთ).
ბიჭვინთაში არისტოტელეს საფლავს ეძებდა… (მოდით, ამაზეც სხვა თავში ვილაპარაკოთ).
და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ…
XX საუკუნის ისედაც აჩქარებულ რიტმს თავისი აჩქარებული ნაბიჯებითა და აჩქარებული ცხოვრებით უსწრებდა.
კოსმოსის კაცი იყო, განა კომფორტის. და კიდევ _ ბევრი სხვაც იყო.
გაგარინის „Поехали~ და მთვარეზე არმსტრონგის პირველი ნაბიჯი მთელს კაცობრიობასთან ერთად, ამერიკელებთან თუ რუსებთან, ნიგერიელებთან თუ მალაიზიელებთან… მსოფლიო ევოლუციებთან თუ რევოლუციებთან ერთად, მასაც ეკუთვნოდა.
და, ალბათ, უპირველესად ეკუთვნოდა იმიტომ, რომ, როდესაც ადამიანობის ფენომენდავიწყებული ეპოქა ადამიანს სხვა გალაქტიკებზე ეძებდა, ის ადამიანს დედამიწაზე პოულობდა და უფრთხილდებოდა (არა, მის სადღეგრძელოს როდი ვამბობ).
სხვათა შორის, პირადად იცნობდა გაგარინსაც და არმსტრონგსაც, ორივესთან ღვინო ყანწით ჰქონდა დალეული, თანაც „ვახტანგურად~.
ისე, ასევე სხვათა შორის, დღეს, როდესაც სამუშაოს საძიებლად მთელს პლანეტაზე მოხეტიალე ჩემი თანამემამულეებისათვის ამერიკის ვიზა ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ძველ-ახალი ამერიკული პოეზია, ჩემი ახალგაზრდობის წლები მახსენდება _ მეგობრებთან ერთად ლამის აკრძალული ამერიკელი პოეტების ლექსებს რომ დავეძებდით.
და ისიც შორეულ სიგნალებს გვიგზავნიდა _ ამერიკა! ჩემს თაობას უგზავნიდა სიგნალებს _ თავისი ვიეტნამით, თავისი ხიროსიმითა და ნაგასაკით, რომლებიც 1945 წლის ატომური დაბომბვის შემდეგ უფრო ამერიკისა გახდნენ, ვიდრე იაპონიის; ასევე _ კარიბის ზღვის კრიზისით, მუსიკით, ჰამბურგერით, კენედით…
და ვპოულობდით ჩვენს ამერიკას სოხუმის პორტში სულ რამდენიმე საათით ღუზაჩაშვებული უცხოეთის გემების მეზღვაურებთან ნაყიდი ჯინსებით, საღეჭი რეზინით, ანსამბლ „ჩიკაგოს~ ჩანაწერებით, ელვის პრესლით, ვარსკვლავიან-ზოლებიანი დროშით, წვერიანი ჰემინგუეის მოკრივეებითა და მონადირეებით, ვისკით, „კოკა-კოლათი~, „ამერიკის ხმით~…
და ველოდით ჩვენ ამერიკას ჯიბრზე კომუნისტური პროპაგანდისა.
ამერიკის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი კომუნისტურ აფხაზეთში კონცერნი „პეპსი კოლა~ იყო. კონცერნი გულრიფშის რაიონში აშენდა. ამერიკელი ზღვაოსნების მასპინძელ სოხუმს უნდოდა, კონცერნის პროდუქცია სოხუმის ეგიდითა და სახელით გამოშვებულიყო. მახსოვს, მაშინ გულრიფშელები სოხუმელებზე გაგულისდნენ: ეს უსინდისო უსამართლობააო (უსამართლობა კი არა მხოლოდ, არამედ უსინდისო უსამართლობაო).
და თქვა მაშინ მიხეილ თემუროვიჩმა ასე:
_ „პეპსი კოლაც~ გულრიფშელებისაა, ისევე, როგორც იქ აშენებული ფსიქიატრიული საავადმყოფო. თუ „პეპსი~ ჩვენია, სოხუმელების, მაშინ საგიჟეც სოხუმის სახელით უნდა გაფორმდესო.
ამაზე სოხუმელები გაყუჩდნენ. ასე გახდა ამერიკელების „პეპსი~ გულრიფშელებისა.
და შემდეგ დაამატა:
_ სხვათა შორის, „პეპსის~ ამერიკის გემო აქვს.
ასე შემოდიოდა ამერიკის გემო აფხაზეთში.
თავად, მიხეილ თემუროვიჩი, რამდენჯერმე იყო ამერიკაში ნამყოფი.
ერთხელ, იქიდან ახლადდაბრუნებულმა, ნაღვლიანად გვითხრა:
_ ამერიკა, ბიჭებო, კარგა მაგრად განვითარებული საბჭოთა კავშირია, მეტი არაფერი.
მერე უფრო ნაღვლიანად დაამატა:
_ ნუ ელოდებით ამერიკას… ამერიკისა ვერაფერი გავიგე, ვერც ის, სად არის… ისე, ხანდახან, კი, ძვირფასებო, მგონი, ამერიკა ამერიკაშიცაა…
ფოტოგრაფულად მახსოვს ის მომენტი: სუფრასთან ვისხედით ჩვენ _ სტუდენტები და ის, ზუსტად მამაჩემის ხნის კაცი. ხელში იზაბელას ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა. იზაბელა მის მშობლიურ სოფელში იყო დაკრეფილი და დაწურული, ერთ პატარა აფხაზურ სოფელში _ გუფში (ოჩამჩირის რაიონი).
გუფში კი დაიბადა, მაგრამ მიხეილ თემუროვიჩი მაინც სოხუმელი გახლდათ, თხემით ტერფამდე სოხუმელი. იმ ქალაქში აღსრულდა, როგორც თავად ამბობდა, უდიადესი მისტერია, ანუ (როგორც დაამატებდა) _ მისი სულის სოხუმიზაცია.
და სწორედ მასზე, მის სოხუმიზირებულ სულზე მიყვებოდნენ ათასგვარ ამბებს უკანასკნელ წლებში სოხუმელი აფხაზები, ქართველები, სომხები, ბერძნები, რუსები, უკრაინელები, ებრაელები, ესტონელები, გერმანელები… გავაგრძელო?..
მიყვებოდნენ: სოხუმში, თბილისში, მოსკოვში, სტამბოლში, სოჭში, სანკტ-პეტერბურგში, ნალჩიკში, ათენში… არ გავაგრძელებ.
ერთმა იმათგანმა ასეთი რამ მითხრა: ყოველ ადამიანს თავისი უშუალო ურთიერთობა აქვს ღმერთთან, ყოველი ადამიანი ბიბლიაში თავის ბიბლიას კითხულობს. და რა ცუდია, რომ შენ ძალიან კარგად არ იცნობდი მიხეილ თემუროვიჩს. ძალიან კარგად რომ გცნობოდა, მაშინ ხომ მისი ბიბლიაც გეცოდინებოდაო.
და მეც დავიწყე მისი ბიბლიის ძიება.
და მალე მივხვდი, რომ მის ბიბლიას ვერ მივაკვლევდი, თუ მისი ყურანი არ მეცოდინებოდა, არ მეცოდინებოდა მისი ბუდიზმი, მისი საგალობლები კრიშნაზე, მისი პირადი ფსალმუნები…
მეორემ ასე მითხრა: რაღაც-რაღაცეებს კი წერ, მაგრამ რატომ სიტყვას არ გამოიმეტებ მიხეილ თემუროვიჩზე, შენ რა, არა ხარ სოხუმელი? ყველამ ყველაფერი უნდა იცოდეს მასზე. და, საერთოდ, რა ხდება, ვერ გავიგე, ჩვენ ისეთ კარგ რამეებს ვთავაზობთ მსოფლიოს, როგორიცაა: საცივი, აჯიკა, ხაჭაპური, ელარჯი, ჭაჭის არაყი, თეთრი თუ შავი ღვინო… და მსოფლიომ არაფერი იცის ამაზე. მსოფლიომ არაფერი იცის მიხეილ თემუროვიჩზე, არც კუკურ-ჩაიზე, არც ვიანორ ფანჯოვიჩზე, არც `ამრაზე~, არც „ბრეხალოვკაზე~… ჩვენზე არაფერი იციან. რა ხდება, საერთოდ, ვერ გავიგე, შენ რა, სოხუმელი არა ხარ?.. არ გიკვირს ეს?.. შენ მაინც ხომ იცი, ვინ იყო მიხეილ თემუროვიჩი… ის იყო…
და მერე ჩაფიქრდა, ჩაფიქრდა და გაყუჩდა.
ვინ იყო მიხეილ თემუროვიჩი?
ათეულობით კაცს გაუხსენებია ჩემთან საუბრისას ის. მგონი, ასზე მეტს.
როდესაც, ასე, ალბათ, ას ოცდამეათემ გამომძებნა და მასზე მესაუბრა, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მიხეილ თემუროვიჩი, დროთა განმავლობაში, სოხუმის ფოლკლორის მთავარი გმირი გამხდარიყო, სოხუმ-ქალაქის მითების მთავარი პერსონაჟი. ვხუჭავ თვალებს და ახლაც ვხედავ მას _ ქალაქის ერთ-ერთ ყავახანაში, ან ერთ-ერთ რესტორანში, ან ერთ-ერთ კაფეში, მეგობრების წრეში მჯდარს… მის ზურგს უკან კი, ფონად, თეთრი გემებით დახუნძლული სოხუმის პორტია… ზაფხულია, მზიანი დღე, თითქოს უნდა ცხელოდეს, მაგრამ აქ გრილა _ შავი ზღვიდან ნიავი უბერავს.
და მე გადავწყვიტე, წიგნი დამეწერა მიხეილ თემუროვიჩზე _ „პრეზიდენტ ჯონ ფიცჯერალდ კენედის კატა~ („პრეზიდენტის კატა~ მისი შემოკლებული სახელწოდებაა). თუმცა, ნუ გეგონებათ, რომ ეს წიგნი მართლა კენედიზე და მის კატაზეა…
მაშ ასე, ვიწყებ წერას, თქვენ, იმედი მაქვს, კითხვას.
გაგიგონიათ, ალბათ, ზღაპარივით ამბავია, მაგრამ ნამდვილი: ერთი ხალხი, უცხო ქვეყანაში გადახვეწილი ხალხი, მშობლიურ დამწერლობას ასე ინახავდა _ ამ ხალხის რომელიმე ერთ ოჯახს ევალებოდა მჭადი მხოლოდ ანბანის პირველი ასო _ ა-ნის ფორმით გამოეცხო; მეორე ოჯახს ბ-ანის ფორმის მჭადის ცხობა დააკისრეს, სხვებს კიდევ გ-ანის, დ-ონის, ვ-ინის და ასე შემდეგ, ანბანის ბოლო ასომდე. ის ხალხი უცხოეთში ასე ინარჩუნებდა მშობლიურ ანბანს, მშობლიურ ენას. იმ ანბანით იკვებებოდა, იმ ანბანის მჭადით იზრდებოდნენ მათი ბავშვები, რომლებისთვისაც სამყარო მშობლიური ენიდან იწყებოდა. ისინი იმ ანბანით ასაფლავებდნენ გარდაცვლილებს და ქორწილს უხდიდნენ ახალგაზრდებს. ჭირში თუ ლხინში ყველა ოჯახს თავ-თავისი, ანბანის ბგერათა ფორმის გამოცხობილი მჭადები მიჰქონდა და წმინდა ღვინოსთან ერთად იმ ხალხის დამწერლობა თავს ასე იყრიდა სუფრაზე…
დამწერლობა სახელწოდებით (ანბანი თუ შრიფტი) _ მიხეილ თემუროვიჩი მიმოფანტულია (ძირითადად სოხუმელებში). ზოგმა მხოლოდ ერთი ასო იცის ამ დამწერლობისა, ზოგმა ორი ან სამი. ერთად კი უკვე _ არავინ.
და ეს წიგნი სწორედ რომ მცდელობაა მისი გახსენებისა, ძიებისა, აღდგენისა.
ასე რომ, ვზივარ და წერად ვარ ქცეული. ვწერ ისე, როგორც მახსოვს და ვწერ იმაზე, რაზეც მესაუბრებოდნენ სხვები. ანუ ისე ვწერ, როგორც ახსოვთ სხვებსაც ის, მისი თავგადასავლები, მისი მეგობრები, მისი ქალაქი. საერთოდ, ჩვენთვის, ადამიანებისთვის ხომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც გვახსოვს და არა ისე, როგორც იყო.
ამიტომაც, უმორჩილესად გთხოვთ, წაიკითხოთ მხოლოდ ის სიტყვები, რომლებიც ამ წიგნშია მოხმობილი და არა ის, რომლებიც აქ არ წერია.
ხომ არსებობს კითხვის ასეთი წესი _ როცა კითხულობ იმას, რაც წიგნში არ წერია. არ წერია, მაგრამ იგულისხმება. ხან ავტორი გულისხმობს, ხანაც _ მკითხველი. ხანაც ორივე ერთად, შეთქმულებივით.
ამ წიგნში კი არაფერი იგულისხმება ისეთი, რაც არ წერია.
ვწერ წიგნის თავებს ისე, როგორც მიამბობდნენ. სხვადასხვანაირად, სხვადასხვაგვარად. თავად ჩვენს გმირსაც ხომ ძალიან უყვარდა სტილის მრავალფეროვნება. ასე მაგალითად, ზოგჯერ სადღეგრძელოს „მამაო ჩვენოსავით~, ლოცვასავით წარმოთქვამდა, ზოგჯერ _ სოხუმური ჟარგონით. ყველაფერი დამოკიდებული იყო მისი და მისი მეგობრების საერთო განწყობილებაზე.
არსად არ მომყავს მოგონებების ავტორთა სახელები და არც გვარები. თუნდაც იმიტომ, რომ ყოველივე ეს დაამძიმებს წიგნს. მე კი ძალიან მინდა წიგნი იყოს საამო _ ზღვის სურნელივით, მსუბუქი _ მხიარულ სუფრასავით, მიხეილ თემუროვიჩის მიერ მონაყოლი ანეკდოტივით, ზაფხულის პლაჟივით ფერადოვანი, ჩიტის გალობასავით და ლამაზი ქალის სიცილივით სისხლის გამაშამპანიურებელი…
არ ვიცი, რა გამომივა: წიგნი-ქალბატონი თუ წიგნი-სადღეგრძელო თუ წიგნი-ლოცვა, წიგნი-ხომალდი თუ მხოლოდ წიგნი-მოგონება. ცოტ-ცოტა ყველაფერი თუ… თუ… ვნახოთ.
მთავარია, არ დაგვეკარგოს გარდასულ დღეთა სინათლე.
და ღუზა უადგილო სიღრმეში არ ჩავაშვებინოთ ტექსტს!
და გვერდი ავუქციოთ ყველა წყალქვეშა რიფს!
და არ შევჯდეთ მეჩეჩზე!
და ზურგის ქარი იყოს ჩვენი შემწე!
და, ღმერთო, შენ არ მოუშალო ჩვენს ხომალდს შვიდი ფუტის სიღრმე კილს ქვემოთ!..
აქედანვე ვგრძნობ, ზოგი ამბავი ფრიად მცირე იქნება, ძლიერ მცირე, იაპონური ლექსივით. რა ჰქვია _ ხაკუ, თუ ხეკუ, ტანკო თუ ტანკი? დამავიწყდა. არც დრო მაქვს, ლექსიკონში ჩავიხედო. რამდენსტრიქონიანია ის ლექსები _ ოთხი თუ ექვსი? არც ეს მახსოვს… იქნებ სამი…
მაგრამ მცირე თავებიც ხომ საჭიროა. როგორც იტყოდა თავად ხოლმე: ესეც საჭიროა, ბაბა!
თუ წიგნი რიგიანი ვერ გამოგვივიდა, ბრძენი სოლომონივით გადავწყვიტოთ: თქვენ მე უნდა მაპატიოთ წიგნის ვერგამოსვლა, მეც თქვენ იგივე ცოდვას შეგინდობთ.
რამეთუ ეს წიგნი საერთოა, ჩვენია. მართალია, წიგნის ბედი ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, როგორ იწერება, მაგრამ ასევე არანაკლებ იმაზეცაა დამოკიდებული, როგორ იკითხება.
ჩვენ თანაავტორები ვართ.
თანაპასუხისმგებლები.
წიგნი ჩვენი შეხვედრის ადგილია.
და ჩვენ ვსაუბრობთ.
ხანდახან ისე ვისაუბრებთ, თითქოს შემთხვევით შევხვდით მატარებელში მგზავრობისას და ერთმანეთს ვუყვებით ათასგვარ ამბებს. რა კარგია მატარებელი! მივზანზალაკობთ, სარკმელში ქალაქი ცვლის სოფელს, სოფელი _ ქალაქს, დღე _ ღამეს, და შორი, შორი გზა გვაქვს გასავლელი. შემოაქვთ ჩაი და შაქარლამა. ჩვენ ვსვამთ ჩაის და ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ. თან რკინიგზისპირა სახლებშიც ვიცქირებით მატარებლის სარკმლიდან, ვაკვირდებით ადამიანებს. ჩვენ ვხედავთ მათ, ისინი კი ჩვენ ვერ გვხედავენ. ისინი ხედავენ მხოლოდ მატარებელს. და ჩვენ რაღაცნაირად გვეუხერხულება კიდეც, რომ ისინი ჩვენ ვერ გვხედავენ, ჩვენ კი მათ ოთახებში ვიხედებით. რას იზამ, რას?! ასეთია მატარებელი.
ხანდახან ისე ვისაუბრებთ, თითქოს ავტომანქანაში ვსხედვართ… ქალაქს ცვლის სოფელი, სოფელს _ ქალაქი, დღეს _ ღამე. წინ შორი, შორი გზა გვიძევს. და ჩვენ ვხედავთ ქუჩაში მიმავალ ადამიანებს და ისინიც გვხედავენ ჩვენ. ჩვენც გვხედავენ და ჩვენს მანქანასაც. და რა კარგია ავტომანქანა! ჩვენ უკვე არა გვაქვს უხერხულობის შეგრძნება _ ჩვენ ვაკვირდებით ადამიანებს და ისინიც გვაკვირდებიან ჩვენ. ასეთია ავტომანქანა _ თანასწორობისა და დემოკრატიის ეს საოცრება.
ხანდახან ისე ვისაუბრებთ, თითქოს შემთხვევით საოკეანო ლაინერში შევხვდით და ერთმანეთს ვუყვებით ამბებს. და რა კარგია გემი! მივცურავთ, მივცურავთ და თითქოს ადგილზე ვდგავართ, სხვა დროში მოვხვდით თითქოს. უზარმაზარი გემი რა კარგია! ირგვლივ ზღვაა, არსად ჩანან ქალაქები და სოფლები, სახლები და ადამიანები. გემი იდუმალების ტრანსპორტია, სწორედ რომ სხვა გალაქტიკების მკვიდრთა ნახაზებითაა აგებული. არის და არც არის. მხოლოდ პორტებში ან პორტების სიახლოვეს ხედავენ გემებს. ზღვებსა და ოკეანეებში გემი „მფრინავი ჰოლანდიელია~. ყველა გემი „მფრინავი ჰოლანდიელია~. გემი გარდაცვლილივით, ან ჯერ დაუბადებელივით ამოუცნობია _ ვერ ხედავ (როგორც ახლახან ვთქვი _ თუ მაინცდამაინც პორტში არა დგას), მაგრამ იცი, რომ სადღაც არის, მარადისობისა და უსასრულობის რომელიღაც, ვთქვათ, B_ 177-ე კვადრატში… და გრძნობ მის სიახლოვეს. თანაც ყოველთვის გრძნობ, როდესაც კი ისურვებ.
ხანდახან ისე ვისაუბრებთ, თითქოს შემთხვევით თვითმფრინავში შევხვ…
მაგრამ შესავლისათვის უკვე საკმარისია!
ამ თითქმის არაფრისმთქმელი შესავლისათვის!
მაშ ასე _ საქმე! ახლა კი _ საქმე! წინ მთავარი ამბები გველოდება! ვიწყებთ:
შვიდი!
ექვსი!
ხუთი!
ოთხი!
სამი!!
ორი!!
ერთი!!!
П _ о _ е _ х _ а _ л _ и !!!
მგონი, ეს შეძახილი მაინცდამაინც ომახიან-იმედიანი ვერ გამომივიდა! ისე, როგორც ეს კოსმოსში პირველად აგრიგალებულმა შესძლო; მაგრამ ეჭვი მაქვს, მაშინ მასაც კარგა გვარიანად უკანკალებდა მუხლები.

სოხუმში დაბრუნება. 1995

***
წითელი ხიდიდან მომავალი, აფთიაქთან მაღლა რომ აუხვევ, კიროვის ქუჩისაკენ, სოხუმის მთაზე ერთი ლამაზი, მეზონინიანი სახლი გამოჩნდება. მის აივანს სანახევროდ ხვიარა მცენარე ფარავს. რა მცენარეა, არ ვიცი. იასამნისფრად ჰყვავის იგი, თუ არ ვცდები, წელიწადში ორჯერ. აყვავილდება და იასამნისფერში იმალება უმალ სახლი, ჯადოსნურ სასახლედ იქცევა. სოხუმელებმა კარგად იციან ის აივანი. თუ ხარობს, ნეტავ, ძველებურად ის მცენარე, თუ გადაურჩა ომს, თუ არის ისეთივე მშვენიერი, ზღვაში მონებივრე, თავმომწონე ქალბატონივით?
შენი მდინარე თუ იცვლის ხოლმე ფერს, სოხუმო, დროგამოშვებით, შენი ბესლეთი? გაზაფხულის წყალდიდობის შემდეგ გზას ღალატობდა ხოლმე, ხან სამხედრო სანატორიუმისაკენ ჩაუხვევდა და იქ უერთდებოდა ზღვას, ხანაც პორტისაკენ გაიწევდა. ამ წყალდიდობის მერე როგორაა მისი საქმე, ისევ თუ შეიცვალა ზღვასთან შეხვედრის ადგილი? არსებობს კიდევ მისი პატარა ნავსადგური, ბესლეთის ნავსადგური, მოტორიანი ნავებისათვის? გადიან კი ნავები ზღვაში თევზის საჭერად?
პორტს თუ ადგება ძველებურად გემები?
სიცილ-კისკისი თუ ისმის შენი პლაჟებიდან, რესტორნებიდან, ყავახანებიდან?..

 

***
ნეტავი წერა შეგეძლოს, ქალაქო, რამდენ რამეს მომწერდი.
შენი ზღვა მენატრება, მისი ლურჯი სათნოება, უდიადესი, ზესამყაროსეული, ზედროული. არც ის მინახავს ორი წელია, არც ის და არც სხვა ქალაქების ზღვა. შენი წვიმები მენატრება. აქ, თბილისში იშვიათად წვიმს, ასე ვთქვათ, მშრალი ქალაქია. მე კი შენი ჟგლეთი წვიმები მენატრება, კოკისპირული, ტროპიკული თავსხმები, შენი ლურჯი და ნაცრისფერი წვიმები, ცასა და მიწას რომ აერთებენ, ღრუბლებსა და ზღვას რომ ასისხლხორცებენ.
მე შენს წვიმებში ვიზრდებოდი, სხვაგან კი ვსველდები მხოლოდ.

 

***
როგორც იქნა, წამოწვიმა.
გუბურაში წვიმის წვეთებით დაცხრილულმა, სველი ღრუბლების სველმა ლანდებმა, ზღვა გამახსენა. ზღვამ _ სოხუმი, სანაპირო, დელფინები…
მომაგონდა ამერიკელი მეცნიერის, ჯონ ლილის ერთ-ერთი დელფინის სიკვდილისწინა ფრაზა, წარმოთქმული ინგლისურად: `ჩვენ მოგვატყუეს!~
მილიონჯერ მოუსმინა ჯონ ლილიმ ამ ჩანაწერს და ვერც მან და ვერც სხვებმა ვეღარ გაიგეს, როგორ შეძლო მომაკვდავმა დელფინმა ამ სიტყვების წარმოთქმა, ან რას ნიშნავდა `ჩვენ მოგვატყუეს!~
და მაინც, დიდხანს რომ იფიქრო, დიდხანს და მშვიდად, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებთა სათქმელს ამბობდა დელფინი. თუნდაც ჩვენსას _ ჩვენც ხომ მოგვატყუეს!
ჩვენ მოგვატყუეს _ იმედით, რწმენით, მოწოდებით, ისტორიით, იდეოლოგიით, შემართებით, თავისუფლებით, მშვიდობით, ბრალდებით!
ჩვენ მოგვატყუეს _ მიტინგებით, შეძახილებით, მოლაყბეებით, ტახტებით, დროშებით, გაზეთებით, ტელევიზიით, ანგარიშსწორებით, ბელადობით!
ჩვენ მოგვატყუეს _ სიძულვილით, გულუბრყვილობით, სიბრიყვით, შიშით, ილუზიით, პატივმოყვარეობით, ავსიტყვაობით!
ჩვენ მოგვატყუეს _ იარაღით, სისხლით, დემოკრატიით, პარტიებით, ფულით, კომფორტით, გაერთიანებით, დაქსაქსვით, სიგიჟით, ომით!
ჩვენ მოგვატყუეს _ კვნესით, ვაებით, დასახიჩრებული სხეულებით. ცეცხლით, წამებით, გაუპატიურებით, ბანგით, სიკვდილით, სიცოცხლით!
ჩვენ მოგვატყუეს _ ბრალდებით, მშვიდობით, თავისუფლებით, შემართებით, იდეოლოგიით, მოწოდებით, რწმენით, იმედით!..
ჩვენ მოგვატყუეს _ ყველამ და ყველაფერმა!
ჩვენ მოგვატყუეს _ გუშინ, დღეს და ხვალ! ხვალაც კი, ხვალაც მოგვატყუეს! ჩვენ ჯადოსნურ წრებრუნვაში ვართ!
ჩვენ მოგვატყუეს!
მოგვატყუეს!
ჩვენ მოგვატყუეს, რათა ჩვენ მოვკვდეთ,
მაგრამ…

***
სოხუმში, ფრუნზესა და კუიბიშევის ქუჩების გადაკვეთაზე, ერთი ლამაზი, ორსართულიანი, ყვითლადშეღებილი სახლი დგას. სახლს იტალიური ტაძრების მსგავსი მაღალი, მომრგვალოთაღიანი სახურავი ამშვენებს.
ერთ დროს იქ მინისტრთა საბჭო იყო, მოგვიანებით _ შემოქმედებითი სახლი. ჟურნალ `რიწის~ რედაქციაც აქ იყო, მწერალთა კავშირიც. ერთად ვმუშაობდით ქართველი და აფხაზი მწერლები,
მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები. ბევრი მოგონება მაკავშირებს იმ სახლთან. მას დიდებული, გალავანშემოვლებული ბაღი აქვს. ბაღის შუაგულში კაკლის უზარმაზარი ხე დგას, მის კიდეებში ვარდ-ყვავილები ჰყვავის.
სახლის ისტორია ასეთია: დაახლოებით ერთი საუკუნის წინ იტალიაში ერთ-ერთი უმდიდრესი კაცის ქალიშვილს მამამისის სასახლის სამზარეულოში თეფშების მრეცხავი ბიჭი შეუყვარდა. ქალიშვილის სიყვარულის ამბავი მამამ რომ გაიგო, ქალიშვილი მკაცრად გააფრთხილა. შემდეგ თეფშების მრეცხავი გააგდო სახლიდან. ამან უფრო გააძლიერა შეყვარებულთა გრძნობა და ისინი ჩუმად გაიპარნენ. მამამ ქალიშვილი მოიკვეთა.
შემდეგ მათი საქმე ისე წარიმართა, რომ შეყვარებულებს იტალიაში არ დაედგომებოდათ და რომელიღაც ხომალდს სადღაც გაყვნენ. სადღაც-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ მათ არც უკითხავთ, საით მიცურავდა გემი. წავიდეთ, საითაც ღმერთი გვიჩვენებს გზასო, _ თქვეს. ქალს თან დიდძალი ქონება ჰქონდა წაღებული მამისეული სახლიდან _ ფული, ოქრო-ვერცხლი, ძვირფასი სამკაულები.
შეყვარებულების გემი სოხუმს მიადგა. მათ მოეწონათ სოხუმი _ მშობლიური, ზღვისპირა ქალაქი მოაგონდათ.
დასახლდნენ სოხუმში და უმალ სახლის მშენებლობა დაიწყეს. სწორედ იმ სახლისა, რომლის შესახებ ეს-ესაა გესაუბრებოდით.
სახლს იტალიელი მშენებლები აგებდნენ. ცოტა ხანში მოამთავრეს კიდეც მშენებლობა.
… და დაიწყეს იტალიელებმა ახალი ცხოვრება სოხუმში, მაგრამ სამიოდე წელში ამოუხსნელმა და გაუსაძლისმა სევდამ დარია მათ ხელი. განსაკუთრებით ქალი ვერ შეეგუა უცხო მიწას, ყოველღამე სამშობლო ესიზმრებოდა. ავად გახდა.
ფული და სტუმრები არ აკლდათ, მოსამსახურეებიც ბლომად
ჰყავდათ, მაგრამ… იტალია იყო ძლიერ შორს სოხუმიდან, სამშობლოში არ იდგა მათი სიყვარულით ნაშენები ლამაზი სახლი.
კაცი სასმელს მიეძალა, ბანქოს თამაში დაიწყო. ცოტა ხანში მთელი ქონება კარტში წააგო კიდეც, ბოლოს _ ის სახლიც.
ისინი უკვე აღარ იყვნენ შეყვარებულები, მათ უკვე უფრო ყოფილი შეყვარებულები ეთქმოდათ. დამარცხდნენ, ვეღარ გაუძლეს ღმერთის გამოცდას. უკვე ერთმანეთის სიახლოვე აღიზიანებდათ.
ქალი ლოგინად ჩავარდა.
ექიმმა მის მეუღლეს ურჩია: იტალიაში წაიყვანეთ, ეს თუ იხსნისო.
წავიდნენ კიდეც _ გემით, ისევე, როგორც ჩამოვიდნენ.
მაგრამ ქალმა მშობლიურ იტალიამდე ვერ ჩააღწია _ გზაში გარდაიცვალა.
კაცის შემდგომი ცხოვრებისა არაფერი ვიცი.
სახლი ერთ-ერთმა შერვაშიძემ მოუგო ბანქოში იტალიელს _ სამშობლოში გამგზავრებამდე ერთი წლით ადრე.
ლხინისა და მეგობრების მოყვარული შერვაშიძე ხშირად ქეიფებსა და წვეულებებს მართავდა. სახლიდან სულ სიმღერები და მუსიკის ხმა ისმოდა, მაგრამ მალე რევოლუციამ თავისი წესი და რიგი დაამკვიდრა სოხუმშიც. შერვაშიძე საზღვარგარეთ გაიქცა და სახლი კომუნისტებს დარჩათ _ იქ აფხაზეთის ბოლშევიკების ლიდერმა _ ნესტორ ლაკობამ დაიდო ბინა.
იმ სახლში რამდენიმე წლის განმავლობაში მომიწია მუშაობა. ძალიან შევეჩვიე. მართალია, სახლს ფლიგელი მიუშენეს, მაგრამ მის სიმშვენიერეს ამით მხოლოდ ცოტა რამ თუ დააკლდა. ხშირად დავეხეტებოდი მის უძველესი ხის პარკეტით დაგებულ ოთახებში, მარმარილოს კიბეებზე, ვათვალიერებდი მოხატულ-მოგვირისტებულ ჭერს, ანგელოზების პატარა ქანდაკებებს, ეგზოტიკურ ბუხრებს.
სახლის თეთრი მარმარილოსაგან აწყობილი კიბის მეშვიდე თუ მეცხრე საფეხური შეკეთებულია. ერთხელ ნაქეიფარი შერვაშიძე ცხენზე ამხედრებული ასულა თურმე შიდა კიბეზე და მარმარილოს საფეხურს მისი ცხენის ფლოქვისთვის ვერ გაუძლია. ცხენიც წაფორხილებულა. ფეხი დაუზიანებია. საფეხური ჩინებული ოსტატის ხელით არის შეკეთებული. ოსტატს ჯერ ჩამომტვრეული მარმარილო იუველირის სიფაქიზითა და სიზუსტით ამოუჭრია და მერე ასევე მოხდენილად ჩაუსვამს ზუსტად მსგავსი მარმარილოს მართკუთხედი.
ომის დროს რამდენჯერმე გაუჩნდა სახლს ხანძარი. სამი თუ ოთხი ოთახი დაზიანდა. ბედად, დროულად აქრობდნენ ცეცხლს. ვინ აჩაღებდა სახლში ხანძარს, გაუგებარი რჩებოდა.
ბოლო დროს ხშირად მაგონდება იტალიელთა სახლი, იტალიელთა, რომელთა დიადი გრძნობა სხვა, არანაკლებ დიადმა გრძნობამ _ მამულისა და მშობლიური ქალაქის მონატრებამ დათრგუნა.
მერე მარმარილოს შეკეთებული საფეხური მახსენდება. იტალიელებსაც ხომ ჩაემტვრათ საფეხური, მარადი სიყვარულის, მარადი ბედნიერებისკენ აღმავალი კიბის საფეხური, მაგრამ გამოჩნდა განა ვინმე ისეთი, ვინც შეეშველებოდა მათ, ვინც ფაქიზი ხელით გაუმრთელებდა ჩამომტვრეულ მარმარილოს?!
მერე ისევ ხანძარგაჩენილ სახლს ვიხსენებ, ომის სახლს, მკვნესარე სახლს _ ძეგლს უიღბლო სიყვარულისა.

***
მარტში დაიღუპა ტურბაზელი გრიგორი (გვარი არ ვიცი). გრიგორი პენსიონერი იყო, ყოფილი სამხედრო, ოფიცერი, ვოლგისპირა რუსეთის რომელიღაც სოფელში დაბადებული. ომის პერიოდში საათების შეკეთება დაიწყო, უფრო სწორედ, გაიხსენა ერთ დროს ნასწავლი ხელობა. უცნაური რამ ხდებოდა სოხუმში _ ომის დროს საათების უმრავლესობა მოგვეშალა. გაჩერდა ელექტროსაათები (ძველი ელემენტები `დაჯდა~, ახლები არავის შემოჰქონდა), რატომღაც დადუმდა მექანიკურებიც. ქუჩაში ათი გამვლელიდან ერთს თუ ჰქონდა საათი. გვეხუმრებოდა ომი _ `ბედნიერებს არ სჭირდებათ საათებიო~. გრიგორი კეთილი იყო, არავის ეუბნებოდა დახმარებაზე უარს, მით უმეტეს, არც ჰყავდა მრავალრიცხოვანი კლიენტები. იგი მარტოკაცის ცხოვრებით ცხოვრობდა. სადმე წასვლისას თავისი ოთახის ქუჩაში მომზირალი ფანჯრის მინაზე ქაღალდს გააკრავდა ხოლმე წარწერით, რომელშიც აღნიშნული იყო, თუ როდის დაბრუნდებოდა შინ. ერთხელაც გავიდა ქალაქში, წასვლამდე ფანჯარას ქაღალდი ააკრა _ «Буду через 20 минут», წავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაბომბვაში მოჰყვა. სახლიდან ვეღარ მოახერხეს და პირდაპირ ქალაქის მორგიდან გაასვენეს მეზობლებმა გრიგორი, რადგანაც ქალაქი ძლიერ იბომბებოდა იმხანად. მითხრეს, გრიგორის სხეული საშინლად დაუსახიჩრებია ჭურვს. მისი ასეთი სიკვდილის ამბავი რომ გავიგე, ბავშვობა გამახსენდა. პატარა ბიჭობისას ვემუქრებოდით ხოლმე ერთმანეთს _ ჭკუით იყავი, თორემ ისე დაგშლი, მესაათე ვეღარ აგაწყობსო! განა რომელი მესაათე ააწყობდა მესაათე გრიგორის სხეულს ახლა, განა რომელ ჯადოქარს შეეძლო სულის ჩადგმა მისთვის ხელმეორედ. ცათა შინა მყოფ უდიდეს მესაათეს ხომ კაციშვილის შექმნისას, მისი ხორცის სრულყოფისას, მისთვის სათადარიგო ნაწილების დამზადებაზე არც უფიქრია, მით უმეტეს, მისი სხეულის დუბლ-ეგზემპლარზე… გადაყვითლებულ ქაღალდზე დაწერილი გრიგორის უკანასკნელი ბარათი კი «Буду через 20 минут» ოთახის ფინია ძაღლის დრუნჩივით აკვროდა მინას და თითქმის მთელი თვის განმავლობაში თვალს აყოლებდა ქუჩაში გამვლელ-გამომვლელებს და თან სუნთქვაშეკრული ეკითხებოდა თითქოს _ `რად აგვიანებს ჩემი პატრონი? რად აგვიანებს ჩემი პატრონი?..~ ერთი თვის შემდეგ ვიღაცამ ან ქარმა ჩამოგლიჯა ქაღალდი.

***
კარგად მახსოვს ცნობილი აფხაზი მსახიობი ქალის, ივანე თარბას მეუღლის, ეთერ კოღონიას, დაღუპვის დღე. ჩემი ბინის აივანზე ვიდექი, მშვენიერი, მზიანი ამინდი იყო. უცებ ქალაქის შუაგულში (ჩემი სახლიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში) იგრიალა. ჰაერში კვამლისა და მტვრის ბუღი ავარდა. იმ დღეს ქალაქში ის ერთადერთ ჭურვი აფეთქდა მხოლოდ. წამიერად მომეჩვენა, სოხუმი და მის თავზე აბურთავებული კვამლის სვეტი სულ სხვა ქვეყნის ნაწილი იყო. სოხუმი ტელევიზორში ნანახ მეომარ ბეირუთს ჰგავდა… ახლაც თვალწინ მიდგას ის აფეთქება. დავრეკე მშვიდობის პროსპექტზე მცხოვრებ მეგობრებთან, ეთერ კოღონია მძიმედ დაიჭრაო, მითხრეს. იგი საავადმყოფოში ღამით გარდაიცვალა. მე მინახავს ეთერ კოღონიას მონაწილეობით დადგმული რამდენიმე სპექტაკლი. ვნახე მისი ცხოვრების ყველაზე ხანმოკლე, ყველაზე ტრაგიკული სპექტაკლიც, სპექტაკლი, რომელსაც ერთადერთი ავტორი და ერთადერთი რეჟისორი ჰყავდა _ ომი. სპექტაკლი, რომელიც ყოველგვარი რეპეტიციების გარეშე წარიმართა. ეთერ კოღონიას ბინა თეატრიდან მხოლოდ ერთი კვარტალითაა დაშორებული, იმ თეატრიდან, რომლის სცენაზე, ვინ მოთვლის, რამდენი გმირის სიკვდილი განუსახიერებია. ბოლო სიკვდილი კი გამორჩეული იყო, დაუნდობელი და შემზარავი, აბსურდული და ნამდვილი.

***

ქვეყნის გამგებლებს არც ადრე ჰქონდათ გათავისებული და არც ახლა ახსოვთ ძველთუძველესი, ზეციური პრინციპი _ რომ ისინი მწყემსები არიან და ქვეყნის ნებისმიერი მოსახლე შვილია მათი და ისე უნდა გაუფრთხილდნენ, როგორც საკუთარ პირმშოს; გაუფრთხილდნენ, მიესათუთონ თავიანთ სამწყსოს და უყვარდეთ უკლებლივ ყველანი! უყვარდეთ და შეიყვარებენ! უყვარდეთ და გადარჩებიან!

შავი ზღვის ოკეანე. 2000

ბობოქრობს და წუხს, დაჭრილივით ბორგავს, ცოცხალზვირთება, ხმაგახაფებული, ხმამტკივანი, ბობოქრობს, წუხს…
ამბობს, ამბობს, რაღაცას ამბობს, ყვება, ყვება, რაღაცას ყვება, ამღვრეული, მაგრამ მაინც ლურჯი, მისი თვალების ფერი ზღვა.
მისი თვალების ფერის ზღვა, ღმერთო, მოგანგაშე ფსკერით, მოწრიალე მედუზებით, კიბორჩხალებით, ქაფშიების ქარავნებითა და სტავრიდების ქარავნებით, ქამბალებით, კეფალებით, ზღვის ვარსკვლავებით, ზღვის ცხენებით, მილიარდობით ლიფსიტით…
წყალმცენარეებით…
ანაფოტებული კაპარჭებით, სეინერებით, ფალუკებით, ტვირთმზიდებით, ბუქსირებით, კატერებით, საოკეანო ლაინერებით, იახტებით…
დასველებული, მძიმე ნაპირით…
მისი თვალების ფერის ზღვა _ ადის და ჩამოდის და ჩაიზნიქება და ამოიზნიქება და ამაღლდება და ჩამოდაბლდება და გორაკდება და მინდვრდება და მარწევს და მარწევს.
და დგას ის ნისლიან სანაპიროზე, თეთრკაბიანი, თეთრ თავშალს ზღვის ქარი უფრიალებს. ნავსადგურს თეთრი გემი მოსდგომია. თეთრი გემი მას ელოდება…
და მაინც, ახლაც არავის უხდება ზღვა ისე, როგორც მას.
ღმერთო, ღმერთო
ყველაზე მეტად სწორედ ახლა მჭირდები.
შენს გარდა, მთვარესაც შევსთხოვდი, რომ მისი სახე, რომელსაც უკვე ვერც ვიხსენებ, მუდამ თვალწინ მქონოდა, ერთად დავბერებულიყავით, ერთ სახლაკში. ჩემთან ყოფილიყო სამუდამოდ მისი ნათელი.
ომის დროს თითქოს უხილავმა გაყინა ის ნათელი და ერთბაშად რამდენიმე სიკვდილით მოვკვდი. თითქოს მხოლოდ მოგონებებისა და შეგრძნებების შემკრებელი ვიყავი, ვიღაცის დავალების ბეჯითი შემსრულებელი და ის ვიღაც გულდაგულ მამზადებდა ერთადერთი და უდიადესი, ჭეშმარიტი სიკვდილისათვის, რომელიც ისევე შორს აღმოჩნდა ჩემგან, როგორც თავად სიცოცხლე. და გავიხირე სიცოცხლესა და სიკვდილს, მიწასა და შენს შორის, ღმერთო. დაბლა მიწა იყო, ანჩხლი, ახანძრებული, მეომარი, სისხლითა და სასოწარკვეთით გაჟღენთილი, კიდევ ზღვა, ცხედრებმოტივტივე, შენ კი, შენ ყველგან იყავი, უსამართლოდ იდუმალი, შეუცნობელი. მეზიზღებოდა მიწა და არ დავყურებდი მას, შენკენ კი ახედვას ვერ ვახერხებდი, ვერც ვბედავდი.
პლაჟზე გავიცანი. აგვისტოს ხვატი ზღვასთანაც იგრძნობოდა. დაქალებში იდგა, კისკისებდა.
_ დეა, _ ხელი გამომიწოდა, სილურჯე შემომანათა.
მარცხენა ხელით თმას ისწორებდა. თმა ჰქონდა შავი და გრძელი.
თითქოს დაბურულ, გრილ ტყეში აღმოვჩნდი. ისეთი მღელვარება ვიგრძენი, როგორც ზღვაში პირველად შესვლისას.
დეა.
თვალებში ჩავხედე და მივხვდი, რომ ჩვენ მარტო მზერა კი არ გავცვალეთ, გაცნობისთანავე მისი ცხოვრების ნაწილი ჩემი ხდებოდა, ჩემი კი _ მისი.

***
მათ, რომლებსაც გაუგონიათ ძაღლების ყეფა მთვარიან ღამით, გადახვეწილი ოჯახების ძაღლების ყეფა მთვარიან ღამით, მიტოვებული სახლების ძაღლების, უკაცრიელი უბნების ძაღლების ყეფა, უკაცრიელი გზების, დაცარიელებული სოფლებისა და დაბების, ქალაქების გარეუბნების მიტოვებული ძაღლების ყეფა და ყმუილი, რომლებსაც გაუგონიათ მთვარიან ღამით, არ წაიკითხონ, განზე გადადონ ეს წიგნი, ჩვენ უსიტყვოდ გავუგებთ ერთმანეთს.
ძაღლების ყეფა, ძაღლების, რომლებმაც არ დატოვეს, არ მიატოვეს, თავი არ დაანებეს, არ მოშორდნენ, არ განერიდნენ, არ დაეხსნენ ქალაქის გარეუბანსა და დაბას და სოფელს, სახლს, შემოგარენს, ყანას, საძოვარს… რომლებმაც არ დატოვეს, ზურგი არ შეაქციეს, თავი არ დაანებეს… იმ ძაღლების ყეფა რომლებსაც გაუგონიათ.
მათ, რომლებსაც გაუგონიათ მიტოვებული სასაფლაოების სიჩუმე, სასაფლაოების სიჩუმე, სასაფლაოების, სადაც გარდაცვლილებიც არ დარჩნენ.
სიჩუმე _ მიტოვებული ზღვის, უკაცრიელი ზღვის, უკაცრიელი გზებისა და მოკლული სახლების.
და თვით – მიტოვებული სიჩუმე რომლებსაც გაუგონიათ, სიჩუმე, რომელშიც მიტოვებული, უპატრონო ძაღლების ყეფა და ყმუილი ისმის და ანათებს მიტოვებული მთვარე, განზე გადადონ ეს წიგნი, ან მოისროლონ შორს, ან დაწვან.

 

***
ორაგული შავ ზღვაში მოცურავდა.
ჩქარობდა.
ერეგლისა და ზონგულდაკს შორიდან შემოუარა, ინჯებურუნის კონცხთან ისევ მიუახლოვდა ნაპირს.
ინჯებურუნთან ზღვამ ნათება დაიწყო, თითქოს ნაპერწკლები განეფინა ზღვის ზედაპირს.
ორაგულების ქარავნის ზემოთ ორი ორჩხომელის ფსკერი გამოჩნდა. ერთმანეთის მიყოლებით მიცურავდნენ ორჩხომელები.
მერე ისევ დაშორდა ნაპირს. ღრმად არ მიცურავდა, ვერც მოახერხებდა ღრმად ცურვას, გოგირდ-წყალბადს დაეფარა ფსკერი და სიცოცხლე ჩაეკლა შავი ზღვის სიღრმეში.
შემდეგ მოულოდნელად მოიღრუბლა და ბორამ დაბერა, ჩრდილოეთის ქარმა.
არსად ჩანდა არც კეფალი და არც ფსკერის თევზი, ქამბალა.
გზადაგზა ქაფშიები დასისხინებდნენ ვერცხლის მოკლე სხივებივით, ხანაც აფალინები გამოჩნდებოდნენ, შავი ზღვის დელფინები.
რიზეს გამოსცდა ორაგული. ნაპირიდან შორს მიცურავდა კვლავ, ზღვის სიღრმეში.
გამოსცდა ბათუმსაც.
გამოიდარა ზღვის თავზე.
ბათუმის შემდეგ ისევ განმეორდა ზღვის ნათება, ციალებდა ზედაპირი. იქ კატერების ხმაც გარკვევით ისმოდა.
შორიდან მოუარა ქობულეთსაც, შეკვეთილსაც, ფოთსაც, ანაკლიის კონცხსაც, ენგურსაც, ერისწყალსაც, მოქვსაც.
ჩქარობდა.
მთელი ქარავანი ჩქარობდა.
და წყალმა მკვეთრად იცვალა გემო, თანდათანობით მლაშეს მტკნარი წყალი ცვლიდა, მდინარე უკვე ახლოს იყო, კოდორი.
თავთხელ წყალში შეცურა, თითქმის ფსკერს ეხახუნებოდა მუცლით. ქვიშაში ნახევრად ჩამარხულ, მდინარის მიერ ჩამოტანილ ხის ტოტებს გასცდა, შლამსაც გასცდა და მდინარეს შერჩა პირისპირ.
წინა ღამით მთებში წვიმდა, ადიდებული და ამღვრეული იყო კოდორი.
ახლადგათენებულზე შეცურა მდინარეში. მზის სხივები ეფრქვეოდა გარემოს.
მდინარეს აუყვა ორაგული. მდინარის დინება მდორე იყო და ადვილად ჯაბნიდა. რკინიგზის ხიდს გასცდა, სამანქანო ხიდსაც. სადღაც, შორს, მატარებლის ხმა მოისმოდა.
ჩქარობდა.
აპრილის სითბო ეღვრებოდა ირგვლივ ყველაფერს, ახლადამწვანებულ ხეებს, სიმინდის ყანებს, ნემსიწვერების ბაღებს, ტუნგოს პლანტაციებს, მანდარინისა და ფორთოხლის ბაღებს, იზაბელას ხეებს, ბოსტნებს, ხასხასა, მწვანე საძოვრებს.
სამანქანო ხიდზე გადი-გამოდიოდნენ ავტომანქანები და ადამიანები. სოფელს კარგა ხანია, ეღვიძა.
ისმოდა ძაღლების ყეფა, ძროხების ბღავილი…
მდინარეზე თხელი, მოიისფრო ნისლი იწვა. შორს კავკასიონის მთები ჩანდნენ, მაღლა და კიდევ უფრო შორს, მყინვარწვერები.
ორაგულიც სწორედ იქით მიიჩქაროდა, მთებისკენ.
თითქოს ორაგულების გამოჩენას ელოდნენო, მდინარის პირას რამდენიმე მებადურე გამოსულიყო და ბადეს შლიდა. ზოგიც რეზინის ნავით შესულიყო მდინარეში და ისე თევზაობდა.
მეთევზეებს უადვილდებოდათ მღვრიე წყალში თევზაობა, ორაგულები ვერ ამჩნევდნენ მათ.
სადღაც დინამიტი აფეთქდა, ცაში აიჭრა გაცოფებული წყალი. აირივნენ ორაგულები, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ კვლავ განაგრძეს ცურვა. მოგვიანებით მათ სიახლოვეს კიდევ გაისმა აფეთქება.
სისხლმა შეღება მდინარის წყალი.
აქაც გადაურჩა ბადეებსა და ნემსკავებს ორაგული, აფეთქებებსაც.
ორაგულს ბედი სწყალობდა.
შეუსვენებლად მიცურავდა, უკან ჩამოიტოვა მდინარის შუა წელი.
ჩქარობდნენ სხვა ორაგულებიც, მთელი ქარავანი ჩქარობდა, ქარიშხლებს, მოწამლულ წყლებს, ადამიანს გადარჩენილი ქარავანი.
ჩხალთასა და კოდორის ქედებს შორის მოქცეული მდინარე თანდათანობით პატარავდებოდა, ვიწროვდებოდა მისი კალაპოტი. ასევე, უფრო გამჭვირვალე ხდებოდა შეთხელებული წყალი.
მერე პატარა ჩანჩქერები დაიწყო. რაც უფრო მაღლა მიცურავდა ორაგული, მთის კალთებისკენ, მით უფრო ძლიერდებოდა მდინარის ნაკადი და ძნელდებოდა ცურვა.
უკვე ხტუნვა-ხტუნვით ევლებოდა პატარა ჩანჩქერებს თავზე. ხანდახან ვერ უმკლავდებოდა წყალს და წყალიც უკან აგდებდა. ის კი ისევ ჯიუტად და გააფთრებით მიიწევდა წინ.
მოირკალებოდა, მერე ერთბაშად იმართებოდა და ისევ ცდილობდა გადავლებოდა პატარა ჩანჩქერებს. ხანდახან რამდენჯერმე უხდებოდა ერთსა და იმავე ადგილზე ჰაერში ამოხტომა.
გვერდები დაუბეჟა ქვებმა, დაუსისხლიანა, ფარფლებიც დაეჩეჩქვა, მაგრამ ის მაინც წინ მიიწევდა.
ქვებზე ხეთქებისგან, კოდორის ტალღებთან ბრძოლისაგან, ქვაღორღიან ფსკერზე ბორგვისაგან სხეული შეეცვალა _ ზურგში მოიხარა, თითქოს კუზი გამოუვიდაო.
ფერიც შეეცვალა ორაგულს, მოშავო-მოვერცხლისფრო სხეული მოწითალო გაუხდა.
შორს, სადღაც, დაბლა დარჩა მაჭარა და მერხეული, ლათა და აჟარა.
უკვე საკენში იყო ორაგული, უკვე მდინარის სათავეში იყო შეცურებული, უღელტეხილის დასაწყისთან იყო მისული, მთებს შორის მოწკრიალე, უკვე ღელედ ქცეული მდინარის სათავეში, მყინვარწვერის ფერხთით.
წყალი იყო კამკამა და წმინდა, მყინვარწვერის თოვლის ნაჟური წყალი.
მზის სხივები დარიალებდნენ წყლის ფსკერზე მოკრიალებულ კენჭებს შორის.
წყლის ნაპირზე ხარობდა ახლადამობიბინებული ბალახი.
ისმოდა ალპური ჭკების, კულუმბურებისა და წიწკანების ხმები.
წყლის ზედაპირზე დაფრთხიალებდა უმშვენიერესი ალკუნი.
საკენის ტყეში ხმიანებდა კვირიონი.
გაასრულა ორაგულმა თავისი ცურვა, ბოლოჯერ დაიძაგრა, ბოლოჯერ ააფართხალა ფარფლები _ ის უკვე დედა-მდინარეში იყო, იქ იყო, სადაც დაიბადა.
უკვე სრულიად ოქროსფერი გამხდარიყო, სრულიად ძოწისფრად მორთულიყო დედა-წყალთან შეხვედრის ნიშნად, ატლანტის ოკეანიდან თავის ღელეში დაბრუნების ნიშნად.
მერე ფსკერზე ამოთხარა ორმო ორაგულმა.
ქვირითი დაყარა ორმოში მერე.
და მოერღვა სხეული, წყალს მინებდა ორაგული, დამთავრდა მისი ბობოქრობა.
აკვანივით არწევდა ორაგულს მოლურლურე, ძვირფასი თვლების ნამსხვრევებით მბრწყინავი წყალი.
უსტვენდნენ კულუმბურები, დაფრინავდნენ ალკუნები, ხმიანებდნენ წიწკანები და ჭკები, უბერავდა ტყიდან ნიავი, ხასხასებდა ბალახი, ეთამაშებოდა მზის სხივები წყალს, თითქოს სადღაც მოლაღურიც გალობდა, მაგრამ არა, მოლაღურის დაბრუნებამდე ჯერ ადრე იყო, მაისში უბრუნდება თავის ბუდეს მოლაღური.
ორაგული კი შინ იყო უკვე, შინ იყო, თავის დედა-წყალში ირწეოდა.

სათვალიანი ბომბი. 2009

***
ლადოს `ფიატით~ დილიდანვე ფრონტის სიახლოვეს ვწრიალებდით, ვიღებდით ჯარისკაცებს, შავად აკვამლებულ პეიზაჟებს (რამდენიმე ადგილას სამხედრო ტექნიკა იწვოდა), ვიყავით სანგრებშიც. ერთგან მდინარის (იგივე ფრონტის) მეორე ნაპირიდან ჭურვებიც დაგვაყარეს _ ლადოს ყვითელი `ფიატი~ შორიდან კარგად ჩანდა. მე `ფიატი~ დამყავდა, ლადო იღებდა, თავისი ახალი, იაპონური ვიდეოკამერით. შემდეგ ქალაქში დავბრუნდით. გზას ლადო მკარნახობდა. ხანდახან ქალაქის ქუჩებსაც იღებდა. ზღვისპირა ბულვარზე გადავუხვიეთ. ფლამინგოს ბუმბულივით ვარდისფერი მზე ჰორიზონტზე ეშვებოდა. ჩავიარეთ ორსართულიან სახლებთან. ერთ-ერთ სახლთან ტანკი თუხთუხებდა. ლადო მაშინ ზღვას და მზეს იღებდა. როდესაც ზღვასთან, ლოდებზე მდგარ რესტორანს მივუახლოვდით, ჩვენს სიახლოვეს, ზღვაში რაღაც აფეთქდა. გავჩერდით. მოვიხედეთ. ტანკთან მდგარი ჯარისკაცი `მუხას~ გვიმიზნებდა. უკუსვლით დავბრუნდით ტანკთან. ტანკის ღმუილში მაინც გავარჩიეთ ჯარისკაცის ღრიალი: რატომ გადაგვიღეთ?! ნუ გვიღებთ! მომეცით კამერა! მანქანიდან არ გადმოვსულვართ. ჯარისკაცი ლადოს კარს ეცა, კამერის წართმევას ცდილობდა. ლადო კამერას არ ანებებდა. კამერა ჩართული იყო და ჩვენს ძიძგილაობას იღებდა. ტანკისტები ვიღაცასთან საქმის გასარჩევად მოსულიყვნენ, ჩვენს ბოზებს თავი დაანებეთო. ტანკის ლულა ერთ-ერთი სახლის მეორე სართულის აივნისკენ ჰქონდათ მიშვერილი. ტანკისტები იმუქრებოდნენ, გაგაქრობთო. აივანზე ოფიცერი იდგა და ტანკისტებს უყვიროდა _ ბიჭებო, გაუგებრობაა, ჩემი დედა… დავჯდეთ, ვიბაზროთ, ჩემი დედაო… როდესაც მანქანა გავაჩერე და მოტორი გამოვრთე, ტანკისტმა კამერას ხელი გაუშვა და `მუხას~ ცხვირი მანქანაში შემოჰყო. ლადომ კამერა ფეხებთან დაიდო. ამ დროს ტანკი აგრუხუნდა, უკუსვლით პირდაპირ ჩვენსკენ გამოხრიალდა და სქელ, ცისფერ კვამლში გაგვხვია. ჯარისკაცმა განზე გახტომა მოასწრო. ტანკის ხრიალში ვერ გავიგე, დაიქოქა თუ არა ჩვენი მანქანა. სანამ გავარკვევდი, ტანკი ლადოს მხრიდან მუხლუხების ღრჭიალით მანქანის კაპოტზე შედგა. ლადო და მე კარებს დავეჯაჯგურეთ, მაგრამ უკვე ორივე კარი გაჭედილიყო. მუხლუხები კაპოტიდან სახურავს ნელ-ნელა აუყვა. `ფიატი~ ფოლგასავით დაიჭმუჭნა. ლადოს ხელი ჩავავლე. ლადოს ფეხები მანქანის დაღვარჭნილ ლითონში ნელ-ნელა ქრებოდა, ტანიც, მხრებიც. თავი ჩემს თავთან ედო ლადოს. ჯერ კიდევ სუნთქავდა. გარეთ გავიხედე. მეგონა, უკანასკნელად ვუყურებდი ზღვასა და ჩამავალ მზეს. სახურავი სახეზე დამაწვა, ძლივს ვსუნთქავდი. მიუხედავად ტანკის გრუხუნისა, მაინც გავიგონე, როგორ გატკაცუნდა და გატყდა ჩემი მხრის ძვალი. გონი დავკარგე. როდესაც აზრზე მოვედი, ასფალტზე ვიწექი და ვიღაც წყალს მასხამდა. მგონი, ქალი იყო. ამ დროს რესტორნის მხრიდან `შილკა~ გამოჩნდა, წამოვხტი და რომელიღაც სახლისკენ გავიქეცი. ვყვიროდი: მოდიან, ყველას დაგვხოცავენ! სახლში ახალგაზრდა, თმაშეღებილი ქალი დამხვდა. ჩავეხუტე იმ ქალს, თავი ძუძუებში ჩავუდე: დაგვხოცავენ, მოდიან! მოდიან! ქალი მეფერებოდა, მეჩვენებოდა, რომ მკოცნიდა კიდეც. იმ ქალს ძლივს მომაშორეს, საავადმყოფოში უნდა წაგიყვანოთო. დაგვხოცავენ! ნუ გეშინია, ჩვენებისაა `შილკა~, ჩვენები არიანო. თქვენ, თქვენ-მეთქი, ვისი ხართ, ვინა ხართ?! ტანკი ლადოს `ფიატის~ მახლობლად იდგა. ვერ გავარჩიე, მოტორი გამორთული ჰქონდა თუ არა. დამეკარგა ხმებიცა და ფერებიც. ლადოს ყვითელი `ფიატი~ თეთრი გამხდარიყო. ლადო ტანკსა და მანქანას შორის ასფალტზე დაესვენებინათ, ერთიანად გაშავებული, თითქოს ვიღაცამ ტუშით სავსე ვედრო გადაასხაო. მომეჩვენა, მზე ცის შუაგულს უახლოვდებოდა. ისევ გავითიშე.

***
ჯერ დალიეს თიხის ყანწი წარწერით `გაუმარჯოს სტუმრებს~, შემდეგ ფიალა გამოსცალეს `გაუმარჯოს ბავშვებს~ და მერე, როცა ის-ის იყო დალიეს თასი `გაუმარჯოს სიყვარულს~, მეც ვიქუხე. ჩემი ძველი პატრონის ქამრიდან ამოვფრინდი და ვიგრიალე და გავხვრიტე ჭერი. ასეა, სიყვარულია უპირველესი და ეს ყველამ უნდა გაიგოს, და კიდევ ისე არაფერი არ ალამაზებს და არ უხდება სიყვარულსა და სიცოცხლეს, როგორც სიკვდილი. და ესეც ყველამ უნდა იცოდეს!
ჭერი გავხვრიტე, კაცი არ მომიკლავს, მაგრამ ყველას შევახსენე, რომ მე იქ ვიყავი, მე _ PIEთღO BEღEთთA!
ჯერ არ მომიკლავს, მაგრამ მალე მოვკლავ ერთ-ერთს, იქ, პროსპექტზე, მოედანთან, ასიათასიან მიტინგზე. კინაღამ წამომცდა, გავაგორებ-მეთქი, მაგრამ უმალ გამახსენდა, მსგავსი სიტყვები მე არ მეკადრება, მე ხომ PIEთღO BEღEთთAA ვარ. მოჰკალი კაცი, მაგრამ არ დაამცირო, შეურაცხყოფა არ მიაყენო, ის ხომ სწორია შენი, შენი ძმაა.
მალე, მალე აღსრულდება მაგიური იდუმალება, როცა მიტინგი დააგუგუნებს `სა-მშობ-ლო!~ `მა-მუ-ლი!~ `სა-მშობ-ლო!~ `მა-მუ-ლი!~ `სა-მშობ-ლო!~ `მა-მუ-ლი!~…

***
ერთხელ მეზობელ ქვეყანაში მოვხვდი. ვიღაც ფულის ტომრის დასაფლავებაზე (მოკლეს). რა არ ჩაატანეს საფლავში _ ჩართული მობილური ტელეფონი, ჩართული მაგნიტოფონი, მისი საყვარელი სიმღერებითა და საყვარელი კატის კნავილით. მისი ახალგაზრდა ტოპმოდელი ქვრივი ქვითინებდა, მე კი მდუმარედ ვხარხარებდი იმ იდიოტებზე. ქელეხის სუფრიდანაც ურეკავდნენ ძმაკაცები ახალდამარხულს მობილურით და ცრემლებს აღვარღვარებდნენ.
და ნუთუ მართლა ამ დეგენერატებმა შემქმნეს? შეუძლებელია! ჩემი შემქმენელია მხოლოდ მამაზეციერი, ღმერთი. ბიბლიაში კი ამის შესახებ არაფერი წერია. ეჭვი მაქვს, ეწერა და ამ რეგვენებმა წაშალეს. დამნაშავეებმა და მართლა მკვლელებმა! მაცალეთ, ამათი…
მალე, მალე ერთ-ერთ მათგანს მოვაკლებ ამ ცოდვილ სამყაროს. `სამ-შობ-ლო!~ `მა-მუ-ლი!..~ ყველაფერს ისე გავაკეთებ (აკი ვთქვი, სიზუსტე მიყვარს), როგორც ჭეშმარიტ ტრაგედიას შეეფერება, გრაციოზულად ამოვფრინდები კოსტუმიდან, ვითარცა არწივი შავი, მე _ PIETRO BERETTA და… ლაწ! იცით, როგორია არწივი? _ ერთი ბარტყი თუ მოუკვდა, მერე იმ ბარტყს მეორეს აჭმევს, მომავალი რომ გადაარჩინოს.
ო, როგორ მაღიზიანებს ხოლმე ხანდახან ეს ქალაქი, ცალი თვალით აღმოსავლეთისკენ მზირალი, ცალითაც _ დასავლეთს მიშტერებული.
ერთხელაც ძლივსღა შევიკავე თავი და კინაღამ დავახალე ტყვია ტრაკების (დიახ, ტრაკების და არა ტაკუნების თუ უკანალების) კონკურსში გამარჯვებულ სპერმაყლაპია ლამაზმანს (მაპატიეთ, გავნერვიულდი). სწორედ მაშინ, როდესაც ითხოვა ტრაკზე `შექსპირი~ დამაწერეთო. კინაღამ შუაგულ `შექსპირში~, პირდაპირ `ს~-სა და `პ~-ს შორის დავაჭედე ტყვია. კიდევ კარგი, თავი შევიკავე, ეგ PIETRO BERETTA -ს საკადრისი საქმე არ იყო.

***
მთელი ცხოვრების განმავლობაში თითოეული ადამიანი საკუთარ კუნძულს ქმნის და იქ სახლდება. ყოველი ადამიანი მარტოა, გარდა გამორჩეულებისა, რომლებსაც ძმაკაცებად ჩემნაირები ჰყავთ, თანაც გულთან ახლოს. რაც უფრო დიდია ადამიანის ხალხმრავალი მარტოობა, მით უფრო მტკიცეა ამ უკანასკნელთა მეგობრობა.
მე ჩემი პატრონის სიჩუმისა და მისი ხმაურის შემმეცნებელი და მესაიდუმლე ვარ.
მე მას არა მარტო სროლაში ვავარჯიშებ, არამედ სითბოს გაცემასაც ვასწავლი. როდესაც მას ჰგონია, რომ თავისი ხელისგულით მათბობს, სინამდვილეში მე ვათბობ მას.
მე სამარადჟამოდ ვამეგობრებ ცოცხლებსა და გარდაცვლილებს. როდესაც მოვკლავთ მას, ვინც უნდა მოვკლათ, მერე ჩემს პატრონს მოკლული თავს ყოველდღე შეახსენებს და არ შეეშვება, და ისინი ასე გაერთიანდებიან. ასეთი, ასეთი `პახმელია~ იცის ამ საქმემ.
მე ნაბიჭვარი ავტომატი როდი ვარ, რომელიც განურჩევლად კლავს ყველას! მე PIETRO BERETTA  ვარ და ზუსტად ვიცი, ვის რა მივუზღო.
ერთხელ მესმოდა, როგორ ეხვეწებოდა ავტომატის ნირწამხდარი ლაჩარი პატრონი თავის იარაღს, ნუ მომაკვლევინებ ბავშვებსა და მოხუცებსო. მე ასეთი შეგონება არ მჭირდება, მე ჩემი რჩეულის ლანდს არ ვესვრი, არამედ თვალებში ვუყურებ და სამიზნედ მის გულსა და თავს ვირჩევ. მე მძულს მასობრივი მკვლელები, მე კონკრრრეტიკა მიყვარს-მეთქი!
არც ბინძური ბომბი ვარ, PIETRO ვარ, BERETTA ! სხვაში არ შეგეშალოთ. ჩემი არისტოკრატულობა და გამბედაობა სამართლიანობასთანაა შერწყმული!
მახსოვს, ერთხელ ყაჩაღებმა როგორ აწამეს ჩემი ძველი პატრონი. მოულოდნელად დაადგნენ თავს, ფული და ოქრო-ვერცხლი მოსთხოვეს, ყური ჩამოათალეს, მერე ის ყური შამფურით ბუხარში შეწვეს და მის თვალწინ შეახრამუნეს, ნახე, რისი გამკეთებლები ვართ, მოიტა ფულიო. პატრონმა მაგიდის უჯრიდან, ვითომ ფულს ეძებდა, ყაჩაღების მოულოდნელად მე ამომიღო. და ჩემს დანახვაზე მათ ფერი ეცვალათ, შიშისაგან კურდღლებად იქცნენ. თუ ერთი წამის წინ პატრონის სიტყვები მათთვის ჩინურივით იყო, წამისუმალ გაიგეს ყველაფერი. ასეა, კარგი თარჯიმანიც ვარ, ყველა ენა ვიცი. ჩემმა დებილმა პატრონმა კი დაინდო, არ ჩააძაღლა (მაპატიეთ, ძაღლებო, თქვენ რა შუაში ხართ)… არ ჩააადამიანა ისინი. დაატყვევა მხოლოდ და ვიღაცებს ჩააბარა. იდიოტი! იმ ნაბიჭვრებმაც ფული მისცეს იმ ვიღაცებს და სამ თვეში მოკლეს კიდეც ჩემი ძველი პატრონი. მანამდე კი დაუმეგობრდნენ. რამდენს ვასწავლიდი, ასე ნუ იქცევი-მეთქი. ჰუმანისტი! ლპება ახლა მიწაში. არ დამიჯერა, არრრა! ჩემი ხმაც არ გააგონა იმ არაკაცებს, ჩემი უცხო ყინულის, გულის გამქვავებელი ხმა.
სულ მიკვირს, რატომ ისვრიან ხოლმე ადამიანები დღესასწაულის თუ საშიშროების დროს მაღლა, ცაში, იქ, სადაც ღმერთი ეგულებათ. პირდაპირ უნდა ისროლონ, მხოლოდ სატანისკენ, რომელიც ადამიანთა უმრავლესობის სხეულშია ჩაბუდებული. თან თვალებში ჩახედონ მსხვერპლს.
მალე, სულ მალე გავიგონებ მიტინგის გუგუნსა და ნანატრ სიტყვებს `სა-მშობ-ლო!~ `მა-მუ-ლი!~…

***
ქალბატონებო და ბატონებო, ღრმად პატივცემულო მსოფლიო საზოგადოებავ, უნდა გამოგიტყდეთ _ ვი-ღუ-პე-ბი!
ჩემს ფიქრებს ჩაიწერს თვითმფრინავის შავი ყუთი და, როდესაც მას ზღვიდან, უფრო ზუსტად, მის 237 მეტრის სიღრმიდან ამოიღებენ და მოუსმენენ, ერთადერთი, რასაც გაიგონებენ, ეს ფიქრები იქნება, ჩემი, რომელსაც ამ წუთას თქვენც კითხულობთ. თუ როგორ მოხდება ეს, ანუ როგორ ჩაიწერს შავი ყუთი ჩემს ნერვიულ, წყვეტილ ფიქრებს, აზრზე არა ვარ. ვერც უუუცნობილესი მეცნიერები გამოიკვლევენ ამ საქმეს, მაგრამ ახლა, ამ წამს, ის კი ვიცი, რომ ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ ასე მოხდება. რატომ ვიცი? ახსნა მარტივია _ ვი-ღუ-პე-ბი!
ჩემი დრო უკვე სხვაა, ჩემი ტვინი სხვაგვარად მუშაობს…
ამ ფაქტით დაინტერესდებიან ხუთივე კონტინენტის მეფეები, პრეზიდენტები, პრემიერები… თაღლითები, პოეტები… თV-ები _ უპირველესად.
ჩემთან ერთად დაიღუპება ჩემი შვიდი კოლეგა-ჟურნალისტი და ვერავინ მიხვდება, ვის ეკუთვნის ეს ფიქრები. ასეა, ძვირფასებო, კაცი სხვაა, მისი ფიქრები _ სულ სხვა. მითუმეტეს, თუ ის კაცი თერთმეტი კილომეტრის სიმაღლიდან მოფრინავს.
ო, ერთი კამერა მაინც დაქრიალებდეს სადმე ახლოს და მიღებდეს. ო, რა სუპერი რამ გამოვიდოდა.
ჩემი რეპორტაჟი ყველა რეპორტაჟების ჩემპი უნდა გამხდარიყო, მე კი, ვაგლახ, ვი-ბრი-ბრი-ბრი-დე-დე-დე-ბი-ბი-ბი…
ერთ კამერაში ვცვლი სამშობლოს!
მაპატიეთ, მაპატიეთ, მომიტევეთ, მცივა. მცივა თვითმფრინავის კუდის ფრთაზე და წესიერად ვერ ვფილტრავ სიტყვებს. ამ უშველებელი მახინიდან მხოლოდ კუდიღა მერგო. რას იზამ, მთელი ცხოვრება ასე ვიყავი, მხოლოდ მცირედით მასაჩუქრებდა ბედისწერა. მაააგრამ ამ კუდის წყალობით ჯერ კიდევ ცაში ვარ, სხვები კი უკვე ზღვას დაასკდნენ.
ვცხოვრობდი ქვეყანაში, სადაც ვერ ეტეოდა პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატების ენერგია, და ისინიც იძულებული ხდებოდნენ, საკუთარი თავი მსოფლიო მესიებად გამოეცხადებინათ.
ერთი სიგარეტის მოწევის დრო თუ დამრჩა?
ზღვის ზედაპირზე ვხედავ ჩემს პარადს: ბავშვობა, ომი, ომი, შენ, შენ, შენ, ელზა, თვითმფრინავის კუდი… მარად ბებერი და მარად ნორჩი და მოაზროვნე ზღვა.
ერთ დროს არ ვჭამდი იმის ხორცს, რაც დაფრინავდა, ამიტომაცაა, ალბათ, რომ ახლა ასე დიიიდხანს დავფრინავ და ვიღაცის ფრთები მელამუნება.
ფრენით, ფრენით, ფრენით ვიბრიდები. განა იმ ბებრუხანებს ვგავარ, რომლებსაც დრომ, ომებმა, ავადმყოფობებმა საყვარელი ადამიანები საიქიოში დაუსახლა?
ჩემს მასწავლებელს თვალების ოპერაცია გაუკეთეს. შემდეგ მხოლოდ 32 დღე ხედავდა. მერე ისევ დაბრმავდა, მაგრამ იმ დროის განმავლობაში კარგად ისწავლა გზა ზღვისკენ.
იმ ზღვაში ფეხი გავიჭერი, მიდიის ნიჟარაზე, ნავსადგურის ხიმინჯებთან. წყალქვეშ ვხედავდი ჩემი სისხლი წითელი კვამლის ბოლქვებივით როგორ ეფინებოდა წყალმცენარეებს. ხანძარმოკიდებული ზღვა. ან სოფელი, მონღოლებმა რომ გადაწვეს რომელიღაც საუკუნეში. ან `გრადმა~ როგორ გადახანძრა ტყე. ან ვეზუვის ვულკანი ფუძიამას ფონზე. ამას, ყველაფერს, ჩემს ზღვაში ვხედავდი და მთელი სამყარო მე ვიყავი.
რესტორანი `ოქროს კოვზი!~ ჩემი კოლეგა მოწინააღმდეგის ჯარისკაცს ვიდეოკამერით იღებს და ეკითხება, ეს ოქროს კოვზი საიდან? ჯარისკაცი ჯიბიდან იღებს იაფფასიან ოქროსფერ კოვზს, საჭმელი ხომ უნდა მეჭამა? ააა, მოროდიორი ხარ? ხელისუფლება იმ ადგილას აგებს რესტორანს `Gოლდ შპოონ~. აჭრელებენ ათიათასობით მაისურს წარწერით “Gold Spoon”. იწყებენ მოძრაობას “Gold Spoon”. იგებენ არჩევნებს.
გადაცემა `შუაღამის სერენადის~ წამყვანი და რესპონდენტი კაცი სიცილით იფხრიწებიან: შენ მაშინ გამგებელი იყავი? ვიყავი. მტერმა მძევლად აგიყვანა? ამიყვანა. მერე ასე მალე რატომ დაგაბრუნეს? არ ვიცი. ააა, ქალიშვილი არ იყოოო?.. ხა-ხა-ხა! ამიტომაც ვერ მოგყავს ცოლი? ხი-ხი-ხი!
ჩვენი ხალხი მოწყენილია, ომია საჭირო! გამოცხადდეს სექს-დიეტა, Ladies and gentlemen!  დამთავრდეს შოუ _ `ვისი უნიტაზი ჯობია?~ მეორე შოუც დაიხუროს _ `ვინც ლენინსა და ლენონს ხელი ჩამოართვა, იმან ხომ ჩვენც ჩამოგვართვა ხელი!~ არჩევნებიც მოსაბეზრებელი გახდა _ 3 დამკვირვებელს თვალი ამოთხარეს, 7 კაცმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, 232 ამომრჩეველი დაჭრილია, 17 _ მოკლული. დროა, დავარტყათ მუშტი მაგიდას და შევაზანზაროთ სამყარო!
საკმარისია!
ომი იწყება! დამთვრდეს თV ტაკიმასხრობა თავისი `მრგვალი მაგიდებით~, `დიალოგებით~, მანჭვა-გრეხვებით!
და მაინც _ სად არის, სად, ერთი კამერა მაინც? ო, რა ტორნადო-რეპორტაჟი გამოდნებოდა ყოველივე აქ დატრიალებულიდან! ან იქნებ! იქნებ ჰქონდა ვინმეს თვითმფრინავის სალონში ჩართული ვიდეოკამერა და დაფრიალებს იგი ახლა ჩემს სიახლოვეს და მიღებს… უფალო, ჰქენი სიკეთე და გადამიღე. ახლა მაინც შეისმინე ჩემი ვედრება, როდესაც შენ ახლოსა ხარ ასე, კაცობრიობა კი ისე შორს. ტკბილად მომისმინე, ტკბილად, მამაო _ ერთ კამერაში ვცვლი დედამიწას!

შენთანუშენოდ. 2019

***

დროებით ვემშვიდობები ლეპტოპს. საწერ მაგიდაზე, ღვინის ბოთლისა და ჭიქის გვერდით, ფურცლების დასტა დევს. ვერაფერს ვწერ. ვაწვალებ ავტოკალამს, ხელიდან ხელში გადამაქვს. ღვინოს ჭიქაში ვისხამ და ცარიელ ბოთლს იატაკზე, მაგიდის გვერდით ვდგამ. ჭიქაში ჯერ კიდევ მოლივლივე ღვინის ზედაპირზე ჩემს მოცახცახე, დაღრეცილ სახეს ირონიულად ჩავცქერი. მარტოა ღვინო. მეც.
შემდეგ საწოლში ვწვები, ვიკუნტები, როგორც ერთ დროს, დედის საშოში, და დაორთქლილი ფანჯრისკენ ვიხედები.
გარეთ უკვე ძლიერი ქარი ქრის, შემკრთალი თოლიები ლამის ოთახში შემოფრინდნენ ყივილით.
როდის-როდის ვუბრუნდები მაგიდას, ვსვამ ღვინოს, ვაერთიანებ ღვინისა და ჩემს მარტოობას და წერას ვიწყებ… გარეგნული სიმშვიდით, გულში _ უცნაური გრიგალით…
როდესაც მარტო რჩები საკუთარ თავთან, როგორ გინდა, რომ კარგ ადამიანს შეხვდე, ღირსეულ მეორე „მეს“, და მაშინ მაინც, რამდენიმე საათს მაინც, გაატარო იმ და ისეთ, მხოლოდ საკუთარ, ორკაციან საზოგადოებაში, სადაც სულს მაინც მოითქვამ. მაგრამ ერთიცაა _ იმ შეხვედრისას სინდისიც ხომ უნდა დაიმგზავრო… და მაშინ აუცილებლად მოხდება ასე _ მალე დამფრთხალი და გულნატკენი დატოვებ იქაურობას და თავქუდმოგლეჯილი გაიქცევი გაურკვეველი მიმართულებით, ვთქვათ, ზღვისკენ. ხშირად მიფიქრია, რატომ მიყვარს ზღვა ასე…
ხომ არსებობს სიმართლე, რომელსაც საკუთარ თავსაც ვერ უმხელ და გიქრობს გულწრფელობასა და გაცლის სითამამეს.
შენ კი ძალიან გინდა, ძალიან, საკუთარი თავი მაინც არ მოატყუო, მაგრამ არაფერი გამოგდის.
ამიტომაც მანამდე, სანამ ღმერთს შეხვდებოდე, ისეთ ადამიანს ეძებ, ვისთანაც სიკვდილიც გაგიადვილდება.
გეძებდი, გპოულობდი, გკარგავდი… და ისევ გპოულობდი. მთელი ჩემი ცხოვრება.
გწერ ამ ამბებს, გიკოწიწებ ჩემი ცხოვრების ფრაგმენტებს, რათა ისინი ჩემთან ერთად არ მოკვდნენ.
გწერ შენ, და ღმერთსაც.
და სანამ ღმერთს შევხვდებოდე, მანამდე ბევრი რამ მინდა შევატყობინო.
ვჩქარობ.
ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვერც ახლა მოვუყვები და ვერც მერე.
თან რაღაც ისეთი ამბებიც უნდა შემოვუნახო, რაც თვითონ არ იცის.
მართალია, ყველაფერს ხედავს, მჯერა, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ ზოგ რამეს მაინც არ აკვირდება, ან სულაც არ აინტერესებს…

***
და რადგანაც ქვეყანაში სექსი არ არსებობდა, თავისთავად, იქ არც პორნოგრაფია იყო, არც ბორდელები. და არც ისეთი ჟურნალები და წიგნები, დოკუმენტური თუ მხატვრული კინოფილმები, რომელთა არსებობაც ქვეყანაში სექსის არსებობას შეახსენებდა.
იმდროინდელ წიგნებს, რა თქმა უნდა, ფხიზლად ადევნებდნენ თვალს სერიოზული ადამიანები, მათ შემდეგ _ კიდევ უფრო სერიოზულები, რათა ერთხელ კიდევ დარწმუნებულიყვნენ, რომ მანდ სექსი მართლაც არ იყო. Доверяй, но проверяй – პოპულარული იყო მაშინ ეს მკაცრი გამოთქმა. სერიოზული და ძალიან სერიოზული ადამიანები წიგნებში, ფილმებშიც, სანამ ისინი გამოიცემოდა ან ეკრანზე გამოჩნდებოდა, ამცირებდნენ და ამატებდნენ რაღაც-რაღაცებს, კრეჭდნენ, ჭრიდნენ და კერავდნენ, ანუ ყოველნაირად ცდილობდნენ, საბჭოთა ადამიანი როგორც სიფილისისგან, ისე დაეცვათ. საბოლოოდ, ყველაფერი იმდროინდელი ეპოქის შესაბამისად ლაგდებოდა და ეწყობოდა. „თაროებზე აწყობდნენ“ წიგნებიდან ამოყრილ გვერდებს, ფილმებიდან ამოჭრილ ხვევნა-კოცნებს და ა. შ.
სკოლაში სწავლისას ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სხვა დროის თუ სხვა ქვეყნების წიგნებში თუ ფილმებში ვითარება სულ სხვანაირად ჩანდა, მაგალითად, ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონში“.
მე და ჩემს თანაკლასელს, ზურა სულაძეს, სახელმძღვანელოებით ისედაც დამძიმებული ჩანთებით სკოლაში „დეკამერონიც“ დაგვქონდა და გაკვეთილების დროს მერხში ჩამალული წიგნიდან „უმნიშვნელოვანეს“ ადგილებს ერთმანეთს ვაკითხებდით. სამუდამოდ დამამახსოვრდა წიგნის ერთ-ერთი ამბავი – თუ როგორ ეწვია ღამით (ალბათ, ვარსკვლავიანი ღამით) საწოლ ოთახში დიდგვაროვან ქალს (რა თქმა უნდა, უმშვენიერესსა და დაუოკებელს) ვაჟი (ასევე დაუოკებელი) და შემდეგ მოხდა ის, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ანუ, სანამ ბოკაჩო ბატის ფრთით ჩამოგვიწიკწიკებდა _ „ვაჟმა თავისი აფრები გაშალა და ქალს უზომოდ გაუხარა გული“, ჩვენ უკვე ვგრძნობდით, რომ სწორედ და ზუსტად ასე უნდა დამთავრებულიყო მათი ზღაპრული შეხვედრა.
სხვათა შორის, ის გაკვეთილიც ძალიან კარგად დამამახსოვრდა. მათემატიკის გაკვეთილი გვქონდა, ჩვენს მასწავლებელს, ჯანო ბოკუჩავას კედლზე ჩამოკიდებული ორივე დაფა ციფრებით ჰქონდა გადაჭრელებული. მაშინ რატომღაც იმ იდუმალი დამთხვევისთვის – ჯოვანი-ჯანო, ბოკაჩო-ბოკუჩავა, ყურადღება არც მიგვიქცევია. ნებისმიერი მასწავლებელი პატმასწი გახლდათ და მათი გვარებიც რაღაცნაირად ერთფეროვანი იყო ჩვენთვის. ბოკაჩო კი არ იყო ჩვენი პატმასწი, თუმცა, როგორ თუ არა _ უმასწავლებლესი იყო, ზურა და მე ხომ მხოლოდ ბოკაჩოს აფრებაბობოქრებულ ახალგაზრდა კაცსა და მისი აფრებითა და ზურგის ქარით უზომოდ გახარებულ პატრიციას ვხედავდით პატმასწ ბოკუჩავას მიერ დაფაზე ჩამოწიკწიკებული რიცხვების მაქმანების ულაღეს ზღვაში და ყურშიც უშორესი საუკუნის ტალღების ხმა და ანძების ჭრიალი ჩაგვესმოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ იმ დღესაც ვერაფერი გავუგეთ მათემატიკას.

***
ლენინი ცამდე მართალი იყო, როდესაც წერდა _ კინო მასებზე ზემოქმედების საუკეთესო საშუალებააო. მაგალითად, როდესაც ჩვენს ქალაქში გამოჩნდა „ქორწინება იტალიურად“, რამდენიმე თანაკლასელმა (მათ შორის, რა თქმა უნდა, მე და ზურამაც) ზუსტად თექვსმეტჯერ ვუყურეთ ამ ფილმს. თექვსმეტჯერ იმიტომ, რომ ამ ფილმზე თექვსმეტ წელზე უმცროსები არ დაიშვებოდნენ. ამაში ალბათ ქვეცნობიერის კოდი მონაწილეობდა _ ჩვენ მაშინ მხოლოდ თოთხმეტისანი ვიყავით და ყოველგვარ აკრძალვას მარტო სიტყვიერად კი არ ვაპროტესდებდით, არამედ პრაქტიკულადაც ვმოქმედებდით. ამ საქმის აღსრულებაში გვშველოდნენ ჩვენი ძველი, ეგზოტიკური კინოთეატრის, „აფსნის“ მოლარეები და შესასვლელ კარში მდგარი გულკეთილი, ნაძალადევად მკაცრი კონტროლიორი ქალები, რომლებიც, უბრალოდ, ვითომ ვერ ამჩნევდნენ ჩვენს ასაკს.
ჩვენ მოვახერხეთ და ზუსტად თექვსმეტჯერ წარმატებით ავიღეთ ბილეთები იმ ფილმზე, სანაპიროს გადარეული ბიჭების ზედახორაში. პირველად სწორედ მაშინ ვირწმუნე, რომ რაგბი მარტო ბრიტანელების ეროვნული სპორტი არ არის.
ფილმმა შეცვალა ჩვენი ქალაქი და მის ხასიათს ახალი ნიშნები შესძინა. ძველქალაქელებს უკვე უჭირდათ ახალ ქალაქთან საუბარი, რომელიც ერთ დროს ძლივძლივობით მოშინაურებული, თანდათანობით კვლავ თავაშვებული, მოველურო, გარეული ხდებოდა.
ჩვენი ამოუცნობი გენეტიკური მაგიის გამოღვიძების მთავარი მიზეზი იყო ამ ფილმის რამდენიმე ეპიზოდი, უმთავრესი კი აი, ეს: მარჩელო მასტროიანი და სოფი ლორენი მანქანაში სხედან. მარჩელოს გმირი, დომენიკო სოფის გმირს, ფილუმენას ხელის მსუბუქი მოძრაობით ჭრელ, სიფრიფანა კაბას ელეგანტურად გადაუწევს, ფილუმენას ზღაპრული ფეხები, მუქი ჩულქები და რეზინები უჩნდება. ამ სულის შემაგუბებელ მომენტში დომენიკო ეკითხება ფილუმენას: შენ ისეთივე ჩულქები გაცვია? იმ თექვსმეტი სეანსიდან ჩვენ ერთხელაც ვერ გავიგეთ, ფილუმენას პასუხი, რადგანაც ამ დროს დარბაზში ათეულობით მოზარდი იწყებდა ცხვირის ცემინებას, ფეხების ბაკუნს, კატასავით კნავილს, ძაღლივით ყეფას… დღესაც არ ვიცი, რა უპასუხა სოფი-ფილუმენამ მარჩელოს, იქნებაც სიტყვაც არ დაუძრავს.
იმ მომენტში მთელი ჩვენი გრძნობათა ორგანოები ერთიანდებოდა და ჩვენს თვალებში იბუდებდა, ჩვენს ერთიანად დაძაბულ მზერას უცხო, მეცნიერულად ჯერაც გამოუკვლეველ, კოსმოსური ტალღებივით მოცახცახე, მატერიალურ მოვლენად აქცევდნენ და ჩვენ მზერით, როგორც თითებით, ვეხებოდით ეკრანს, ვეფერებოდით ფილუმენას ფეხებსა და მკერდს, გვესმოდა მისი გულის ბაგუნი, გვცემდა მისი სურნელი და ტუჩებზე ვგრძნობდით მისი ტუჩების გემოს, რომელიც ზაფხულის შავის ზღვის გემოსგან არაფრით განსხვავდებოდა.

***

როდესაც ღმერთი სამყაროს ქმნიდა, დრო არ ჰყოფნიდა და ძალიან, ძალიან განიცდიდა ამას. და მაშინ იხმო ღმერთმა ბავშვები, უფრო ზუსტად, ბავშვები, რომლებიც გარკვეული დროის შემდეგ უნდა დაბადებულიყვნენ იმ სამყაროში, რომელსაც მაშინ ქმნიდა ღმერთი, ქმნიდა და დრო არ ჰყოფნიდა მის შესაქმნელად და რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი იყო, მაინც განიცდიდა და თანაც ძალიან.
და უთხრა ღმერთმა ბავშვებს _ ბავშვებო, სამყაროს ვქმნი, დრო არ მყოფნის, საქმე კი ბოლომდეა მისაყვანი… მოკლედ, უნდა დამეხმაროთ… მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩემი დახმარება, მხოლოდ თქვენო.
და აჭყლოპინდნენ ბავშვები _ ამაზე როგორ დაგზარდებით, აბა ახლა ის გვითხარი, ღმერთო, სად ჭირს ყველაზე მეტადო. მორიდებულად უთხრეს ეს ბავშვებმა ღმერთს, რომ არ სწყენოდა. მათ ხომ ჯერ არ იცოდნენ, რომ ღმერთს ბავშვებისაგან არაფერი სწყინს. დიდები? დიდები კი სხვა საკითხია, სულ სხვა, სულ.
და გადახედა ღმერთმა თავის დაუმთავრებელ სამყაროს, შეათვალიერა პლანეტები, ადგილი შეუცვალა ერთ-ერთ მზეს, განზე გასწია, ასე აჯობებსო და, ბოლოს, თითი დედამიწისკენ, ანუ ჩვენი პალანეტისკენ გამოიშვირა _ აი, ამას ნამდვილად ვერ ვასრულებ, თუ რამე გამომრჩა, მერე გაწვალდებიან იქაურები, ერთმანეთს ხომ გაამწარებენ და არც მე მომცემენ საშველს თავიანთი უთავბოლო თხოვნებითო. თქვა და ჩაფიქრდა, იქნებ არც ღირს ამის დასრულება, მით უმეტეს, ვერც ვასწრებო. თუმცა ღმერთს არავინ აჩქარებდა, მხოლოდ საკუთარი თავი, თავისი ღმერთობა.
მაგრამ აჟრიამულდნენ ბავშვები _ გვანდე, ღმერთო, ამ საქმეს ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე, და მადლობა, ღმერთო, ასეთი დავალებისთვის, მადლობაო.
და გაიღიმა ღმერთმა.
და დაიწყეს ბავშვებმა ხატვა, სიცილ-კისკისით ხატეს, ხატეს და დახატეს: ვეშაპები, სპილოები, გასაოცარი ყვავილები, დათვები, კოდალები, თუთიყუშები, ჩვამები, ალბატროსები, დინოზავრები, წიწკანები, კოლიბრები, იბისები, მუხები, სეკვოიები, ხემარწყვები, ლომები, ზღარბები, ბაყაყები, ლამანტინები, ნიანგები, გველები, პეპლები, ლოქოები, ზღვის ცხენები, ზღვის ეშმაკები, ნარვალები, დელფინები…
იცინოდნენ ბავშვები და იცინოდნენ, ხუმრობდნენ და ხუმრობდნენ, ისე ხატავდნენ. ხან მუჯლუგუნს წაჰკრავდნენ, ხანაც საღებავებს მალულად უცვლიდნენ ერთმანეთს, ხანაც ასევე მალულად, რაღაც-რაღაცებს მიუხატავდნენ ერთიმეორის ნახატებს. ამიტომაც გამოვიდა ზოგი ვეშაპი ძალიან დიდი და შავი, ზოგიც ძალიან ლურჯი, სპილო ძალიან დიდყურებიანი და მოუხერხებელი, მარტორქაც ძალიან უცნაური, სრულიად არასაჭირო რქით, ისიც ცხვირზე. ზოგი თევზიც მაინცდამაინც არ ჰგავს თევზს, ზოგი ფრინველიც _ ფრინველს. ვარდისფერი ფლამინგო თავდაპირველად თეთრი იყო, მაგრამ რომელიღაც ცელქმა ბავშვმა გაავარდისფრა.
როგორი სიცილ-კისკისითაც ხატავდნენ, ბავშვებმა ისეთივე სიცილ-კისკისით მიუტანეს ღმერთს თავიანთი ნახატები.
ძალიან მოეწონა, იცინა და იცინა ღმერთმა ბავშვების ნახატებზე და უკლებლივ ყველა ნახატი გააცოცხლა.
შემდეგ დახატეს ბავშვებმა მთები და ღმერთმა ისინიც გააცოცხლა.
უცნაური მცენარეები დახატეს და ისინიც გააცოცხლა ღმერთმა.
ბავშვებმა მხოლოდ ერთი ზღვა დახატეს, ისიც მაინცდამაინც ვერ გამოუვიდათ. ამიტომაც ღმერთმა დახატული ზღვა ჩაასწორა და მხოლოდ შემდეგ გააცოცხლა.
მერე სხვა ზღვებიც შექმნეს, თანაც ერთად, ბავშვებმა და ღმერთმა, ოკეანეებიცა და მდინარეებიც, ტბებიც.
ოთხი ოკეანე საკმარისიაო, თქვა ღმერთმა და ბავშვებიც დაყაბულდნენ. მართალია, შვიდი ოკეანე უნდოდათ, მაგრამ ღმერთს ხათრი ვერ გაუტეხეს.
კონტინენტებიც ერთად შექმნეს, კუნძულებიც. ისე, ოკეანეებისა არ იყოს, უნდოდათ სხვა კონტინენტების შექმნაც, მაგრამ დრო აშკარად არ ჰყოფნიდათ. ამჯერად მარტო ღმერთს კი არა, ბავშვებსაც.
ასე ქმნიდნენ ყველაფერს, სიცილ-კისკისით, მხიარული კამათ-კამათით, ხუმრობებით.
ყველაფერი, ყველაფერი შესანიშნავად გამოუვიდათ, ძალიან, ძალიან ლამაზი იყო პირველყოფილი დედამიწა, ისეთი ლამაზი, რომ კმაყოფილმა ღმერთმა ბავშვებს უთხრა, ჩემი თქვენდამი მადლობა, იცით, რა იქნება? როდესაც დაბერდებით, თქვენ ისევ ბავშვებივით იქნებითო.
დაბოლოს, ადამისა და ევას შექმნის დროც დადგა. აქ ღმერთმა ღრმად ამოიოხრა, ლამის გული ამოაყოლა იმ ამოოხვრას და, ცოტა არ იყოს, ნაღვლიანად უთხრა ბავშვებს _ თქვენ ბავშვები ხართ, ცოდო ხართ ადამისა და ევას შესაქმნელად, ესენი ჩემი ბედისწერაა, თქვენ რა შუაში ხართო.
და შექმნა ღმერთმა ადამი და მერე ადამის ნეკნიდან _ ევა.
დანარჩენი ჩემზე უკეთ იცით…
სხვათა შორის, კინაღამ დამავიწყდა დამეწერა _ ბავშვებს შორის ერთი ბიჭი იყო, რომელმაც შავი ზღვა დახატა და რომელსაც ძალიან უნდოდა, შავ ზღვას ზღვა კი არა, ოკეანე რქმეოდა, ან შავი ზღვის ოკეანე მაინც.
როცა დაიბადა, იმ ბიჭს ბესიკი დაარქვეს.