ფრაზები, ციტატები

სხვადასხვა ნაწარმოებიდან ამოკრებილი ფრაზები და ციტატები 


***
როდესაც ძალიანძალიან ელოდები ერთს და ის კიდევ ძალიანძალიან აგვიანებს, მაშინ აუცილებლადაუცილებლად გამოჩნდება სხვა, მეორე. და მერე ის სხვა, ის მეორე, აუცილებლად გახდება ის, ვისაც ელოდებოდი. 
***
ღმერთი, მართალია, ყველაფერს ხედავს, მჯერა, მაგრამ ვეჭვობ, ზოგ რამეს მაინც არ აკვირდება, ან სულაც არც აინტერესებს...
***
ნება-ნება, შუშხუნა ღვინოსავით ვსვამდით აგვისტოს შეხვედრისას, ერთობლივ მარტოობაში.
***
ის, რაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა, არ ხდებოდა ჩვენში.
***
ღვინო სწრაფად ამცირებდა მანძილს მის ტუჩებამდე, და მერე კიდევ _ ლოგინამდე. 
***
ხშირად ჩვენ სამუდამოდ ვპოულობთ იმას, ვისაც სამუდამოდ ვკარგავთ.
***
ყოველთვის ასე მიმაჩნდა, რომ იდუმალი, ჯერ აღმოუჩენელი პლანეტები ზემოქმედებენ ზღვაზე, ცვლიან მას და მერე თავად  ზღვაც უმალ ცვლის  ყველაფერს ირგვლივ _ ბუნებას, ამინდს, ადამიანების განწყობას... იცვლება მის სიახლოვეს წარმოთქმული სიტყვებიც, ღვინის გემოც, რომელსაც სვამენ შეყვარებულები კაფეებში, დუქნებში, რესტორნებში თუ სანაპიროზე... სვამენ ბოკალებიდან, ფუჟერებიდან, ქაღალდის ჭიქებიდან, პირდაპირ ბოთლებიდან, მურაბის თუ კონსერვის ქილებიდან...
***
ნებისმიერ ქალაქს თავისი ხასიათი აქვს და ის, ვინც მის ხასიათს ვერ უგებს, ვერც ესაუბრება ქალაქს. ჩვენი ქალაქი, სხვა ქალაქებთან შედარებით, ცოტათი ზედმეტად ცნობისმოყვარეც იყო. ის არა და არ ეხებოდა სტუმრის ღირსებას, მაგრამ მაინც აუცილებლად და ღიმილით ჰკითხავდა: – რომელი ქალაქიდან ხარ, პატივცემულო, რომელი სოფლიდან,  რომელი ისტორიიდან, რომელი ადათ-წესიდან, რომელი სუფრიდან, რომელი ღვინიდან თუ არყიდან, რომელი სიმღერიდან, ბუნებიდან, კულინარიიდან, სიზმრიდან, სიყვარულიდან, სიძულვილიდან... 
***
ღვინისა და ზღვის სიმბიოზი დამსვენებლებს საკურორტო სკლეროზს უვითარებდა _ მათ ჩამოსვლისთანავე ავიწყდებოდათ უამრავი რამ, მაგრამ, იმავდროულად, ახსენდებოდათ კიდეც თავიანთი ცხოვრების ისეთი დეტალები, რომლებიც სხვა დროს და სხვა ადგილას არასოდეს გაახსენდებოდათ.
***
გაცნობისას ცისფერი შუქი შემომანათა და მკერდში მფრინავი ბურთულა ჩამისახლა. ლამაზი სახელი _ საბინა, თითქოს სახეზე ეწერა.
***
იმ ასაკის ვიყავი, როდესაც ქალის სხეულს უფრო იმეცნებ, ვიდრე მის სულს და ჩვენი სხეულები უფრო ესაუბრებიან ერთმანეთს, ვიდრე ჩვენ თავად. ყოველი ქალის სხეულს თავისი ენა ჰქონდა და მეც ბეჯითი სტუდენტივით ვსწავლობდი იმ ენებს.
***
არის დრო, როდესაც შენი ჭეშმარიტი სამშობლო მხოლოდ უსასრულო და უნაპირო  ზღვაა.
***
ის იყო კოცნა, რომელიც აღვიძებდა მკვდრებს და ამრავლებდა ცოცხლებს.
***
ყოველ ღვინოს თავისი ფერწერა აქვს, თავისი პეიზაჟი, რქაწითელას _ ზვრები, ლურჯი მთები და შორეული, დათოვლილი მწვერვალები, ხვანჭკარას _ მთები და ღრუბლები, იზაბელას _ თხმელას ტყე, ზღვა და ყვავილები, ცოლიკაურს _ გაშლილი ველები, საფერავს _ ვარსკვლავიანი ღამეები, ფსოუს _ რიწის ტბის სიკამკამე... გულებივით ფეთქავენ ეს პეიზაჟები.
***
_ ეს რა სინდისი ჰქონდა ასეთი? _ წამოიძახა კედელთან მიმჯდარმა, ახლად გამოღვიძებულმა შავმა კაცმა, _ რაღაც ვერ გავიგე... სხვის ნაცვლად თავი რატომ მოიკლა?..
***
არავის ეშინია სინდისის ანგელოზის. აი, ავტომატიანი კაცი კი სხვაა, მას უჩოქებენ.
***
სანამ კონსტიტუციები და კანონები არ გაკეთილშობილდებიან და არ გაადამიანურდებიან, კაცობრიობას არაფერი ეშველება.
***
მშვიდობას უპირველესად სინდისი ჭირდება.
***
ჩვენი სამშობლო ისეთია, როგორებიც ვართ თავად ჩვენ დღეს, ჩვენი შვილების სამშობლო კი იქნება ისეთი, როგორებიც იქნებიან ჩვენი შვილები.
***
ღირსეულ ადამიანთა სიმცირე გვიმძაფრებს უღირსთა მიერ შექმნილ ქაოსს.
***
სინდისის ისე ეშინიათ, როგორ შიდსის ანდა კიბოსი და ამიტომაც ყოველი ახალი მთავრობა ტყუპისცალივით ემსგავსება იმას, ვისაც ებრძოდა.
***
ჩემი დაკვირვებით, ჭეშმარიტი მამულიშვილი რომ გახდე, სულ ცოტა, ორჯერ მაინც უნდა გამოგაცხადონ ხალხის მტრად, მოღალატედ.
***
ქვეყნის ზნეობრივი მთლიანობა მნიშვნელოვანია მის ტერიტორიულ მთლიანობაზე.
***
ჩვენი პლანეტა სამშობლოების გაერთიანებაა და, ჩვენდა საუბედუროდ, ეს სამშობლოები დედამიწაზე ვერასოდეს  ეტეოდნენ.
***
ყოველ წუთს მზად ვართ თავისუფლებისთვისაც და მონობისთვისაც.
.***
ჭეშმარიტად თავისუფლები მხოლოდ ის ქვეყნები და მხოლოდ ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც გაუფრთხილდებიან სხვის თავისუფლებასაც, დაიცავენ მას, როგორც საკუთარს.
***
თამამი სურნელის სუნამოები უყვარდა. ერთი მათგანი განსაკუთრებით აშიშვლებდა.
***
როდესაც ქვეყანა ნამცეცდება, ადამიანები უფრო მეტად ვერ იტანენ ერთმანეთს, მაგრამ ნამდვილები ხდებიან. ერთმანეთს სამკვდრო-სასოცოცხლოდ დაპირისპირებულები ნებისმიერ ხელისუფლებასთან მოფლირტავე ინტელიგენციასთან ერთად იმავე  მთავრობებს ფართოდ უღებენ სასაფლაოს ჭიშკარს. მასობრივი იდეოლოგიით გამოწრთვნილი, პარანოიით დატანჯული ადამიანები მარადიულ მსხვერპლს ითხოვენ და ვერა და ვერ სწავლობენ საჭირო ადამიანების დროულად გამორჩევას.
***
კლაუდიას ტანსაცმელიც სექსუალურ-პლანეტარული იყო, უცხო ქარებით გაჟღენთილი, უდაბნოსა და ზღვების, დედამიწის ოთხივე მხრის გზების ქარებით. მისი ლურჯილურჯი თვალები უხილავი და სადღაც, ჯერაც აღმოუჩენელი გალაქტიკის  ოკეანის შხეფებს გავდნენ.
***
როგორც არ უნდა იყოს, მაინც ჩვენ, ყველანი, ნებისმიერ ომში საკუთარ შვილებს ვხოცავთ...
***
ნეტავ რა ჰქვია იმ დროს, როდესაც ახალგაზრდობა მიდის და სიბერე არ მოდის? როცა აცილებ წლებს, როგორც მთვრალ სტუმრებს და მაინც ახალგაზრდობაგაგრძელებული რჩები... გვიან, მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მთელი ცხოვრება შენკენ მივდიოდი და ამიტომაც სიბერე გზადაგზა მივივიწყე.
***
ლაღად მოსული ყრუ ტკივილით მივდივარ და სამყარო ძუნწი კაცის მოწყალებას ემსგავსება.
***
რამდენიმე დღეა, მომძებნა მივიწყებულმა მუსიკამ და ლეკვივით ამედევნა, ისევ შემიკრიბა ყველა მელოდია, რომელიც ოდესმე მსმენია. ბავშვობის დროინდელ ენას დაშორებულს კვლავ გამიერთიანა დაკარგული დრო და შემარიგა სამყაროსთან.
***
არ მახსოვს, რომელ ქვეყანაში ყოფნისას, რომელიღაც ეკლესიაში შევედი და შენზე ვესაუბრე ღმერთს, რომელთანაც არასოდეს მისაუბრია. უცხო ღმერთმაც გამიგო და გამაგებინა, რომ არ არსებობენ უცხო ღმერთები.
***
და როდესაც უცხო გზებით შენთან ამოვალ, გთხოვ, გაიხსენო, რომ იმასაც ვცდილობდი, მყვარებოდა ისინიც, ვისაც ვძულდი და მიმამატო შენს წიაღს და ირონიული ღიმილითაც ჩამიკრა თვალი, ყველა სიცოცხლის დამტევო.
***
არავის ისე არ უხდება ზღვა, როგორც შენ.
***
ჩვენ ყველასაგან განმარტოებით ვისხედით იმ ოთახში, სადაც ავისმომასწავებელი, მძიმე მხიარულება იდგა.
***
ჩვენ დავშორდით მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთმანეთი, მაგრამ ერთად ყოფნაც აღარ შეგვეძლო... გახსენებაც არ მინდა... მაპატიე.
***
წარსული ყოველთვის წინაა, მომავალში. არ არსებობს წარსული მხოლოდ წარსულში.
***
ომის შემდეგ, როგორც წესი, დგება დრო, როდესაც ხალხს სამართლიანობაზე მეტად პური სჭირდება.
***
 ყველა ომში ერთი და იგივე ადამიანები კვდებიან. მე უკვე ექვსჯერ მოვკვდი.
***
ჩვენ ზეამტანი, სუპერცხოველები ვართ.
***
სიკვდილი სხვაგან დაბადებაა.
***
და ვპოულობდით ჩვენს ამერიკას სოხუმის პორტში სულ რამდენიმე საათით ღუზაჩაშვებული უცხოეთის გემების მეზღვაურებთან ნაყიდი ჯინსებით, საღეჭი რეზინით, ანსამბლ „ჩიკაგოს~ ჩანაწერებით, ელვის პრესლით, ვარსკვლავიან-ზოლებიანი დროშით, წვერიანი ჰემინგუეის მოკრივეებითა და მონადირეებით, ვისკით, „კოკა-კოლათი~, „ამერიკის ხმით~...
***
სხვათა შორის, „პეპსის~ ამერიკის გემო ჰქონდა.
***
ამიტომაც, უმორჩილესად გთხოვთ, წაიკითხოთ მხოლოდ ის სიტყვები, რომლებიც ამ წიგნშია მოხმობილი და არა ის, რომლებიც აქ არ წერია.
ხომ არსებობს კითხვის ასეთი წესი _ როცა კითხულობ იმას, რაც წიგნში არ წერია. არ წერია, მაგრამ იგულისხმება. ხან ავტორი გულისხმობს, ხანაც _ მკითხველი. ხანაც ორივე ერთად, შეთქმულებივით.
***
დარბაზში ვიღაცის მსუქანი სიცილი გაისმა.
***
არსბობენ ბრტყელძირა ნავები და ადამიანებიც არსებობენ ბრტყელძირა, რომლებიც იმ ნავებივით მხოლოდ ჭაობში დაცურავენ.
***
მისი სიტყვები ფარშავანგის კუდივით ეფინებოდა დათოვლილი ქალაქის ქუჩებს.
***
სტუმარ-მასპინძლები ისეთი გასხივოსნებული სახით მოდიოდნენ, თითქოს ეს-ესაა აგვისტოს მოალერსე ზღვიდან ამოყვინთესო.
***
ზღვა იყო ისეთი, თითქოს სადღაც, ძალიან ახლოს, ღმერთი დასეირნობსო.
***
ოთახში შამპანურის შუშხუნა სურნელი იდგა.
***
საერთოდ, ადამიანი უფრო ხშირად იბადება, ვიდრე კვდება, მაგრამ ყველამ როდი იცის ეს.
***
დიდებულია ის, რაც არ არსებობს, მაგრამ გვაქვს.
***
 არსებობს საღამო, რომელიც აპატარავებს მუსიკას.
***
მან ინატრა: ღმერთო, სხვისი ინდოეთის ძებნაში ჩემი ამერიკა მაპოვნინაო.
***
დავურეკე და, ვიდრე ხმას ამოვიღებდი, მიცნო _ გამარჯობა დიმიტრიო. როგორ მიცანი-მეთქი. წესიერ ხალხს ციჩუმითაც ვცნობო.
***
როცა სანთელს აანთებდა, უფრო მძიმდებოდა ოთახი.
***
ქალაქმა დაკარგა სურნელი, ფერები, ზღვამ _ ხმამაღლა ფიქრის უნარი.
***
სიჩუმეშიც ვერ იკრებდა ძალას მარტოხელა მთვარე.
***
სადღაც გადაიხვეწნენ შუქის მატარებელი ქალები.
***
ადამიანთა სახეები გადაიდღაბნენ, როგორც გაფუჭებულ ფოტოფირზე. სწორედ ისე.
***
ქალაქი-თეატრი ელოდა გმირს. ქალაქი-თეატრი ელოდა მოღალატეს.
***
აწმყო ძალიან სწრაფად გახდა წარსული. მომავალიც ასევე.
***
ქუჩებში ადამიანების სხეულ-ცხედრები დარიალებდნენ. სამარეები უძირონი გახდნენ, დაკარგეს ფსკერი.
***
ქუჩაში შემოხვდა ჯარისკაცი, რომელიც ერთდროულად მღვდელსაც ჰგავდა და ყაჩაღსაც.
***
მისი სიცოცხლის განუკურნებელ სიხარულს თავისებურად მკურნალობდა სხვისი ომი.
***
ხალხს ისევ მოაკითხა დრომ, რომელიც ეთაყვანებოდა დამღუპველს და ღუპავდა გადამრჩენელს. დრო, რომელიც ცდილობდა ღმერთისა და ეშმაკის გაერთი
***
არცერთი ქალის სხეული არ ამბობდა ხვალ მზე ამოვაო.
 
***
გულები მჩხვლეტავი ანძებით, წითელი იალქნებით, გაფითრებული ხმებით აივსნენ.
***
ყველაფერი სწრაფად ხდებოდა, ისე სწრაფად, რომ ის ხანდახან ვერაფერს ხედავდა.
***
ყველა ომი ერთი ომია.
ყველა სიცოცხლე ერთი სიცოცხლეა.
ყველა სიკვდილი ერთი სიკვდილია.
***
ადრე სიკვდილის მეშინოდა, სოსიკ, ახლა სიცოცხლის მეშინია.
***
ჩვენ ღმერთის ბავშვები ვართ, დაბადებამდე დაბადებულები, სიკვდილამდე მკვდრები.
***
ქალაქის სახლები დაემსგავსნენ მომაკვდავის თავსასთუმალთან მოსაკითხად მოტანილ ვაშლებს, ფორთოხლებს, კანფეტებს, მსხლებს... უკანასკნელ ძღვენებს, მომფერებლებს, ალერსიანებს, ღვთიურებს, სევდიანებს... მრავალწერტილებს სიცოცხლისა.
***
დაწყევლილია ზღვა, _ თქვა ეგეოს მარმარილოსმა, _ ზღვასთან სულ ომები და გაუგებრობებია დაკავშირებული. რაც უფრო ლამაზია ქვეყანა, მით მეტი ომები აქვს. მირჩევნია, მარადი ტურისტი ვიყო, სულ ვმოგზაურობდე, არ მქონდეს ეროვნება, არც სამშობლო.
***
ნათლიღების მეშვიდე დღეს გარკვევით გაიგონა, თუ როგორ უთხრა გალიაში მოცახცახე მისმა უკანასკნელმა ჩიტმა ღმერთს _ მარტო ადამიანის ხომ არ არის ეს პლანეტაო.
***
თვალი გაახილა და ღმერთი იხილა. და გაოგნდა, ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ ღმერთი შეიძლება ასეთი ყოფილიყო...
***
მე შენს წვიმებში ვიზრდებოდი, სხვაგან კი ვსველდები მხოლოდ.
***
ჩვენ მოგვატყუეს _ გუშინ, დღეს და ხვალ! ხვალაც კი, ხვალაც მოგვატყუეს! ჩვენ ჯადოსნურ წრებრუნვაში ვართ!
***
ტანკი _ მოროდიორი. ნოხებით, ტელევიზორით, ტანსაცმლით, სკამებით დატვირთული. კავკასიური ურჩხული.
***
ნაპოლეონი კარგი მთხრობელი იყო. ვიღაცაზე თქვა, ისეთი ვინმეა, კენტავრს ცხენს მოპარავსო; მერე სხვაზე _ სახე დამბაჩას მიუგავსო; კიდევ იმ კაცს ისეთი იერი აქვს, თითქოს ღვიძლი ძმა შეახრამუნაო. იქნებ ჩვენ გვაწონებდა თავს და ამიტომაც ირჯებოდა ასე.
***
აქ შორიდანაც მცნობენ, რომ უბედური ქვეყნის შვილი ვარ _ ჩემი სახე თქვენი ომების ნიშანს ატარებს. ეს შენი ავტოგრაფია, ჩემო სამშობლოვ, შენგან ნაბოძები მემკვიდრეობაა...
***
შენი ახალგაზრდული სინდისი ხელს გიშლის, შენი უცნაური სიყვარული სიძულვილში გადაიზარდა. სახელმწიფო სახელმწიფოა, მისგან არც ჯოხი უნდა გიკვირდეს, არც წყლის ჭავლი და არც წიხლი.
***
ერთადერთი, ვისაც მეფე არასოდეს სჯის _ მასხარაა. და მერე რა მინდა მასხარების ქვეყანაში?
***
ცხოვრობთ უფესვებოდ და ფრთების გარეშე ცდილობთ იფრინოთ.
***
რასაც ერთი ხელით აშენებთ, მეორეთი ანგრევთ.
***
როგორი დიადი გრძნობაა - თუნდაც რამდენიმე წუთის განმავლობაში იკარგებოდე სინდისის კოსმოსურ კიდობანში.
***
ღირსეულ ადამიანთა სიმცირე ამძაფრებს უღირსთა მირ შექმნილი სიცარიელის შეგრძნებას.
***
შეცდომების აღიარება ხელმეორედ დაბადებაა.
***
ჩემი ტრაგიკულად მხიარული თანამოსაუბრე.
***
კანონთა სიჭარბე პლანეტარული კრიზისის ნიშანია.
***
უნდა შევხვედროდეთ მე და შენ... და ამდენი წლის შემდეგ შევხვდით მე და „მე“.
***
მხიარული მკვლელი - ასეთ ადამიანსაც შევხვედრივარ.
***
ჩვენი კონფლიქტები დაბერდნენ, კავკასია ბებერი კონფლიქტების ჩიხი გახდა.
***
ბოროტი სიტყვები ტყვიებზე სწრაფად და ადვილად გვპოულობენ.
***
და მოვიდა ომი და მისახსოვრა მარტოობა.
***
კიდევ რა გვაკლია? კატასტროფების პოქაში ადამიანობის შემანარჩუნებელი გმირობა!
***
სსრკ, რომლის წესებითაც ნაწილობრივ დღესაც ვცხოვრობთ, არ არსებობს, მაგრამ დროგამოშვებით, მისი „ადამიანები   წარსულიდან“ და ახალი ქვეყნის „ადამიანები მომავლიდან“ ჩვენს აწმყოში იყრიან თავს, ერთმანეთს ტყუპებივით დამსგავსებულები.
***
ომმა ადამიანი უფრო შემაყვარა... და შემაძულა.
 
***
ბოროტება ღირსეული ადამიანების უმოქმედობის ხარჯზე იზრდება.
***
პატარა ქვეყანა ხარ, ნაფოტა ნავივით გათამაშებს მსოფლიო ოკეანე. ფეხებში ებლანდები დიდ ქვეყნებს და ისე აბეზრებ ხოლმე თავს, რომ ისინი არ გიგვიანებენ და მერე გამადლიან კიდეც წიხლის ამორტყმას. გიჩიჩინებენ, რომ შენ გავხარ იმ პატიმარს, რომელიც ციხიდნ გამოსვლის შემდეგაც საჭიროებს ზედამხედველს. თან, სხვათაშორის, იმასაც გახსენებენ, რომ არსებობს ერთი პატარა ფრინველი, რომელიც კბილებს უწმენდს ბეჰემოტებს და, თუ არ ვცდები,  ნიანგებსაც.
***
არის სიმართლე, რომელსაც შეუძლია ქვეყნის დაღუპვა. ხშირად ასეთი „სიმართლეები“ იწყებენ და ვერ ამთავრებენ ომებს.
***
კონფლიქტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბევრადაა დამოკიდებული მომლაპარაკებლებთა პირველი შეხვედრების რომანტიკაზე.
***
ადამიანები ძალიან ადვილად ემორჩილებიან ხან გიჟებს, ხანაც - გარეწრებს.
***
კომერციული ცივილიზაციის ყინულოვან ოკეანეში ჩაიძირა ძველი სამყაროს  „ტიტანიკი“.
***
საზოგადოება, რომელიც დიდხანს ითმენს ხელისუფლების უსამრთლობას, უზნეო ხდება.
***
ჩვენ ვცხოვრობთ პოსტკონფლიქტური კონფლიქტების კონფლიქტურ ეპოქაში.
***
ხანდახან, საუბრისას, ვგრძნობ, როგორ თანამონაწილეობენ ჩვენს შეხვედრებში უხილავი ადამიანებიც. ზოგი მათგანი კარგა ხნის გარდაცვლილია.
***
არსებობს გამანადგურებელი გამარჯვებაც და ამაღორძინებელი დამარცხებაც.
***
არსებობენ კოლონიზირებული კოლონიზატორი ქვეყნებიც.
***
ქვეყანა, რომელიც თავს იპატარავებს, სხვა ქვეყნებს აგიგანტებს.
***
პერიოდულად, სხვადასხვა ქვეყანაში, ვარდი პოლიტიკური ყვავილი ხდება. არსებობს სხვა პოლიტიკური ყვავილების მთელი ჰერბარიუმი.
***
სულის ამაღლებას სინდისის აღმამფრენი ძალა სჭირდება.
***
პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას ისევე სწრაფად ივიწყებენ, როგორც  იმახსოვრებენ.
***
ყალბი სამშვიდობო ინიციატივების „ბუმი“ ხშირად კომუნისტურ-კომკავშირული პათოსით წარიმართება ხოლმე და პარტიული ვულგარიზმისა და პრიმიტიული პატრიოტიზმის ჭაობის მძიმე სუნი ასდის.
***
ბოროტების მთესველი სიკეთე.
***
მინი „37“-ები დღესაც მეორდება. ყველაზე ხშირად დემოკრატიის დროშის მატარებელთა მიერ.
***
მოდი და ნუ შეიცოდებ კაცს, რომელიც მაჰატმა განდის გზაზე ნაპოლეონის ნაბიჯებით სიარულს ცდილობს.
***
როგორც წესი, შერიგების უმოკლესი გზები გულდაგულაა დანაღმული.
***
ხანდახან ასე ხდება - მსოფლიო პატარაა და ახლობელი, სამშობლო კი უზარმაზარი, შორეული და უცხო.
***
დიდი ქვეყანა, რომელიც არ ინდობს პატარა ქვეყანას, პატარავდება. პატარა ქვეყანა კი - პირიქით.
***
დღეს ერები განსაკუთრებით ემსგავსებიან  ერთმანეთს - ყველანი, დიდებიც და პატარებიც გაურკვეველი მომავლის არიან.
***
ვერა და ვერ ჩავიკითხე რომანტიკის მძევალი ისტორიკოსის წიგნი.
***
როგორ გვანგრევს ეს ველური ლტოლვა კომფორტისაკენ.
***
წავიქეცით - სპრინტერის აღტკინებით და სისწრაფით ვცდილობდით სტაიერის მანძილის დაძლევას.
***
დაეხეტებოდა ის სამშობლოს, უფრო ზუსტად, სექენდ-სამშობლოს უცხოეთში.
***
მიმტევებელი კაცი - კაცობრიობის მხსნელი.
***
გაურკვევლობა - დასჯის ერთ-ერთი სახე.
***
ღმერთს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ ვცდილბ, ჩემი პრობლემებით არ დავტვირთო.
***
ცინიზმის მისაღების კარს როცა აღებ, მხოლოდ უიმედობის დარბაზში მოხვდები.
***
 უგუნებოდ იყო ღმერთი, როდესაც ადამიანს ძერწავდა.
***
არიან ადამიანები, რომლებმაც არც ბოდიშის მოხდა იციან და არც მადლობის გადახდა. არიან ქვეყნები, რომლებიც გვანან ასეთ ადამიანებს.
***
მაღალჩინოსანს სმენა არ ჰქონდა - არც მუსიკალური, არც პოლიტიკური.
***
დანაღმულ ველზე მიმავალს ან ნაღმზე აფეთქების ტრაგედია ელოდება, ან იმ ტრაგედიას  გადარჩენილის შვება.
***
ზნეობას ერთი მისამართი აქვს, უზნეობას - მრავალი.
***
მგონი, ჩემი ტვინის იმ ნაწილმა გაიღვიძა, რომელიც გამოქვაბულელი წინაპრისაგან მარადიულ მემკვიდრეობად მერგო.
***
ოდესმე და სადმე არსებობდა კი ზნეობრივი ხელისუფლება?
***
ხანდახან უსირცხვილოდ ცრუობენ, გვატყუებენ ცნობილი ანდაზები, გამოთქმები, აფორიზმები.
***
ის დარჩა მარტო, სულიერი სამშობლოს ამარა.
***
ვიყო სოხუმის ზღვის ლიტერატურის დოკერი, ჩემთვის დიდი პატივია.
***
სისულელე - ბრძენთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა.
***
არის შენი ქვეყნის ისეთი ომი, რომელიც არა და არ იქცევა შენს ომად. და არის ისეთი მშვიდობა შენი, რომელიც არა და არ იქცევა შენი ქვეყნის მშვიდობად.
***
ომი, რომელიც არასოდეს არ იყო და არც იქნება, შენს სულში მაინც მიმდინარეობს.
***
ჩვენ ახლა მათ მოვუწყობთ პატარა ქართულ მიტინგს და გავუშლით დიდ ქართულ სუფრას.
***
დგება ხოლმე დრო, როდესაც მომავალი წარსულზე ბევრად გარკვეულია.
***
ჩვენ გადავწერთ ისტორიას! - ამ შხამიან  ფრაზას მილიონები უმსხვერპლია.
***
ხანდახან ჩვენ გვჭირდება გიჟი, რათა მასთან ერთად რაიმე ჭკვიანური მოვიმოქმედოთ.
***
ჩვენი დამნაშავე სინდისი! უფრო ზუსტად - მისი დამნაშავე სიჩუმე.
 
***
ჩვენი ეროვნებაც ღმერთის გამოცდაა.
***
ისტორია მრავალფეროვანია: ინკუსტრირებული ისტორია, რესტავრირებული ისტორია, მოოქროვილი ისტორია, დაჟანგული, მირაჟული, ყალბი, სასოწარკვეთილი...
***
ეკო-სულიერი დაბინძურების ეპოქა.
***
და ვიხილე იგი - პრაიდი კი არა, კოლტი თანამედროვე ლომების.
***
გეპატიჟებით, დიდო მმართველო, - ამ პლანეტის ეს ქვეყანა, რომლის გამოკვლევაც თქვენ დაგვავალეთ, სათამაშო ქვეყანაა, სასაცილო, იქ თითქმის არავინ, ან იქნებ, სულ ჰა, ჰა - 3-4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.
***
დედამიწა ორჯერ დიდი რომ ყოფილიყო, ორჯერ მეტი ომები გვექნებოდა, მაგრამ ქრისტე მაინც ერთი იქნებოდა, მუჰამედიც - ერთი, ბუდაც...
***
ის კაცი სხვა საქართველოდან მელაპარაკება და ერთმანეთს ვერაფერს ვაგებინებთ.
***
ინტელექტუალური ადამიანების უნიჭო და არაინტელექტუალური სტერეოტიპები.
***
 ხშირად ჩემს თავს ვახსენებ - კარს ძალიან ფართოდ ნუ უღებ ადამიანებს.
***
პლანეტას არასოდეს აკლდა ასეთი ადამიანები - შიშის მთესველები და სინდისის გამაუპატიურებლები.
***
ხანდახან უძველესი ნაწერები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და, გრძნობ, მათ შორის დაჭრილი მგელივით როგორ დაწრიალებს დრო.
***
გზა და დრო აგვერია - სხვა პლანეტაზე შემოვეხეტეთ, სხვა დროში.
***
მგალობელ ჩიტს გალიის კარი მხოლოდ მაშინ გაუღეს, როცა მოკვდა.
***
თუ მოხდა ისე, რომ მართლა მოვკვდი, იქონიეთ სინდისი და ნუ გამაღვიძებთ.
***
და მე ვარ ის ბრმა, რომელმაც სამყარო ყოველდღე თავიდან უნდა იპოვნოს.
***
სამხედრო - პოლიტიკური ნადირობის სეზონი.
***
სპექტაკლის ბოლოს გილიოტინასავით დაეშვა ფარდა - და რეჟისორის „მოჭრილი“ თავი ჰარში  აფრიალდა.
***
ის ამბობდა - სინდისი  აპენდიციტივითაა, მოიშორეთ, ზედმეტია, არავინ იცის, როდის აგტკივდებათ.
***
რამდენიმე ადამიანის საპრეზიდენტო ენერგია ვერ ეტევა ქვეყანაში.
***
როგორი მშვიდია ღვინო ბოთლში და როგორ ღელავს ჩემს სისხლ-ძარღვებში.
***
ხდება ასეც - ხანდახან გარდაცვლილებიც ცდებიან.
***
მართალი იყო, გულის არევამდე მართალი.
***
გარდაცვალებამდე დავიწყებული ადამიანების აპოთეოზი.
***
დღე და ზღვა ერთად გათენდა. ასეთ დღეს ღმერთი ყველგანაა.
***
მისი ზეგინდელი „ ხვალ“  გუშინწინ იყო.
***
მან  უზარმაზარ ქალაქში შეაბიჯა და ერთი წლის შემდეგ ის ქალაქი  დაუპატარავდა.
***
ქალაქდაკარგული კაცი იყო.
***
ღამე. მკრთალი შუქი. ბარში ადამიანთა სახეები, ქაღალდივით დაჭმუჭნულები.
***
ოღრო-ჩოღრო ადამიანების პერიოდები.
***
კაცი მოგონებებს წვრთნიდა.
***
იმ ქალმა ყველაფერი მასწავლა, მონატრების გარდა.
***
როცა ტელეკამერა მიუახლოვდა, მკვლელმა სათნოდ გაიღიმა.
***
-              საათივით მუშაობს შენი საათი, - მითხრა მესაათემ შეკეთებულ საათზე.
***
შუა ოთახში გარდაცვილი ასვენია. გარშემო შაოსანი ქალების ნახევარმთვარე შემოსალტვია.
***
ცხოვრება ნაკლებადაა უკვე სპექტაკლი. უფრო - ბაზარია.
***
სუფრაზე ავადმყოფი ღვინო გამოიტანეს - ამჟავებულიყო, ფერიც შეცვლოდა, მაგრამ ვერ ვაკადრეთ ღვინოს საყვედური. პირიქით, ვაქებდით და ჭიქებს ვაცარიელებდით.
***
ქალი ლოცულობდა, მაგრამ არ ლოცულობდნენ მისი თვალები - უცხო, უცხო ამბავს მიყვებოდნენ.
***
სულის ანემია ჰქონდა და ხშირად სულის გადასხმას საჭიროებდა.
***
მდინარე აგებს ხიდებს, ზღვა- გემებს.
***
მთელი გზა საკუთარ ნაბიჯებს ვესაუბრებოდი.
***
ომის დროს ეზოში ჯაჭვით დაბმული ძაღლი დატოვა და გაიქცა. მთელი დარჩენილი ცხოვრება ის ძაღლი ესიზმრებოდა.
***
ქალაქს უდაბნო უახლოვდება, სრიალ-სრიალით.
***
და ვთქვით ჩვევნ მაშინ - რა კამკამა წყლებია აქ, როგორი ტკბილი ჰაერი, როგორი ჟოლოსფერი შეღამებები... დავსახლდით იქ და ჰაერივით მსუბუქ მიწაში ფესვები ღრმად გავუშვით.
***
ყველაზე მეტი ლატარიის ბილეთი ღარიბ ქვეყნებში იყიდება.
***
ახმახი კაცი ისევ იღიმებოდა, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ეს-ესაა სეიფი უროთი გააღოო.
***
და დაწერა მან შინაგანი ნათების წიგნი.